ელზა პაპოშვილი
12.03.2021

ბოლო დღეებში ოპოზიციამ, რომელსაც დიდი იმედი აქვს დასავლეთის მხარდაჭერაზე, საერთაშირისო ფრონტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი იწვნია, თანაც იმ მხრიდან, საიდანაც ამას არ ელოდა. ჯერ აირაიმ გამოაქვეყნა არჩევნების ანგარიში, სადაც მის სამართლიანობაში ეჭვი არ შეაქვს, მერე კი მეთიურ ბრაიზამ, რომელსაც ძნელია ვინმემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გულგრილობა დასწამოს, მოუწოდა, აიღეთ თქვენი მანდატები და შედით პარლამენტშიო. ამას ემატება ის გარემოება, რომ ევროკავშირის დესპანი, კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მართავს, რამაც ბოიკოტის მჭიდროდ შეკრულ კედელში შეიძლება ბზარი გააჩინოს.

IRI-ის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი და კონკურენტული იყო, ვიდრე წინა წლებში - ნიშნავს თუ არა ეს დასკვნა იმას, რომ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ყველა ბერკეტი ხელიდან გამოეცალა და იძულებული გახდება, რომ ნაწილმა მაინც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს? დარჩა თუ არა ოპოზიცია დასავლეთის და საერთაშორისო ორგანიზაციების გარეშე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი მეთიუ ბრაიზაც კი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს? 

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ დიალოგი გარდაუვალია და შარლ მიშელის წარმომადგენელი ყველანაირად ეცდება, რომ მხარეები ერთმანეთს დაახლოვოს, რათა პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. თუ დიალოგი ვერ შედგა, ოპოზიცია შესაძლოა თვითგანადგურების რეჟიმში აღმოჩნდეს, რაც ქვეყნისთვისაც დამაზიანებელი იქნება. 

IRI დოკუმენტს არჩევნებიდან თითქმის 5 თვის შემდეგ აქვეყნებს. ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასება და საბოლოო დასკვნა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე. არჩევნების წინა პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება - ორგანიზაციას ყველა მხარესთან აქვს რეკომენდაციები, არის კრიტიკაც, თუმცა არც ერთ პუნქტში არ დგას ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტამიაცია.

ფრაზები სტანდარტულია: მშვიდობიანი, კონკურენტული, მრავალფეროვანი და გამჭვირვალე ვიდრე წინა წლებში. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში. ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. როგორც აღნიშნულია, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ დაარსებულმა ხმის გაყალბების აღმოჩენის ცენტრმა, „როგორც ჩანს, ვერ მოახერხა საჭირო მტკიცებულებების შეგროვება საჩივრების დასადასტურებლად“.  

მსგავსი სულისკვეთების იყო მეთიუ ბრაიზას განცხადება. როგორც თქვა, ოპოზიციაში ახლა ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ მათ აქვთ მიდრეკილება, იფიქრონ, რომ კრიზისის დროს დიდი ტრანსატლანტიკური ორგანიზაციები, აშშ და ევროკავშირი იქნება მათი კავალერია და ცხრა მთას გადაივლიან ოპოზიციის გადასარჩენად, რომ დასავლეთი იმოქმედებს მათ სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ჩემი აზრით, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათ ამ თამაშში არ ჩაგვითრიონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ონლაინკონფერენციის დროს განაცხადა, რომლის ორგანიზატორი ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ჯგუფი იყო.

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, ევროკავშირსა და აშშ-ს საქართველოში ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლიათ. მისივე თქმით, ეუთო-მ, აშშ-მა და ევროკავშირმა თქვეს, რომ არჩევნები იყო ხარვეზებით, მაგრამ ფუნდამენტურად კონკურენტული და შესაბამისად, ამ არჩევნების შედეგები გამოხატავდა ქართველი ამომრჩევლის ნებას. „ცუდია თუ კარგი გადაწყვეტილება, ეს უკვე მომხდარი ფაქტია“, – განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა მოძებნოს გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა მუშაობა გაგრძელდეს. „მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში, თქვენ უნდა მოძებნოთ გზები მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, რათა წინ წასაწევი გზა მოიძებნოს და მუშაობა გაგრძელდეს. აიღეთ თქვენი მანდატები, წარმოადგინეთ ხალხი, რომელმაც ხმა მოგცათ. გააკეთეთ ეს მიუხედავად იმისა, თუნდაც გჯეროდეთ, რომ მთავრობამ არჩევნები მოიპარა. ამას გირჩევთ, რადგან თქვენი უახლოესი მეგობრები ტრანსატლანტიკურ ოჯახში არ ამბობენ, რომ არჩევნები მოიპარეს. ჩვენ უნდა მოვერიდოთ იმას, რომ ოპოზიციის ხელში ინსტრუმენტად ვიქცეთ, იმ შემთხვევაში კი, როდესაც ჩვენ ცალსახად ვუჭერთ მხარს დემოკრატიას და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა ბრაიზამ. 

„ქართული ოცნების“ წევრის  შალვა პაპუაშვილის თქმით, „აირაის“ საბოლოო ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დარჩენილია მხოლოდ ოპონენტების ჯგუფი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, არჩევნების შედეგები არ აღიაროს.

„გუშინ ვნახეთ არჩევნებთან დაკავშირებით „აირაის“ საბოლოო ანგარიში, რომელშიც კიდევ ერთხელ განმეორდა ის, რასაც ვსაუბრობთ ჩვენ, რასაც საუბრობს ცესკო, რასაც საუბრობენ საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლები, რომ ამ არჩევნების შედეგებზე აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება, რომ ამ არჩევნებს მართალია, ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგზე. ამდენად, ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დღესდღეობით მხოლოდ ერთადერთი ჯგუფი, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი არის დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ვერ მიიღეს ის რეზულტატი, რასაც გეგმავდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა დასკვნაშია ხაზგასმული ის დარღვევები, რომლის ფონზეც არჩევნები ჩატარდა. 

„ყველა დასკვნაში არის ნათლად და პირდაპირ მითითებული, რომ არჩევნებმა ჩაიარა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე და დეტალურად იყო აღწერილი ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა არჩევნების პერიოდში. ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უშუალოდ ვიყავით ჩართული არჩევნებში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ასახავს იმას, რომ დიახ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ისეთი არჩევნების ერა, სადაც მუდმივად იქნება განხილვის თემა, რომ ეს იყო გაყალბებული და ძალით მიტაცებული ხელისუფლება,“- აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „აირაის“ , ეუთო/ოდირის  და სხვა ნეიტრალური ორგანიზაციების დასკვნები მიუთითებს იმაზე, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები  გაყალბებული არ ყოფილა. ყველ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  ხაზგასმით არის ნათქვამი, საქართველოში ხელისუფლებას არჩევნები არ მიუტაცებია. 

მისი თქმით, „აირაის“  დასკვვნა ოპოზიციამ შეატრიალა და ამბობს, რომ ამ ორგანიზაციის  ფართო წარმომადგენლობა არჩევნების დროს არ ჰყოლია, ამიტომაც მათ დარღვევების შესახებ სრული სურათის დანახა არ შეეძლოთ. ეს დეზინფორმაციაა, რადგანაც მიუხედავად მათი დამკვირვებლების მცირე რიცხოვანი წარმომადგენლებისა, „აირაის“  ანალიტიკოსებს ფართო კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ აქტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ჰქონდა. 

„ამიტომაც ოპოზიციის მტკიცება იმაზე, რომ მათ ოქტომბრის არჩევნებზე სრული სურათი არა აქვთ, სიცრუეა. ნიშანდობლივია, რომ „ნაციონალების“ მეგობარი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა ხაზგასმით აცხადებს, რომ ტრანსანალიტიკურ სივრცეში, არცერთი ქვეყანა არ მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მიიტაცა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად, სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. რა მიზეზი შეიძლება ახლა ოპოზიციამ მოიგონოს, რომ ეს არჩევნები ჩაიშალოს, ალბათ უკვე მათ ფანტაზიებზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.   

მისივე თქმით, პოლიტიკურად  თვითმკვლელობის გზაზე შემდგარი  „ნაციოანლური მოძრაობა“ შესაძლოა პარლამენტში არ შევიდეს და  საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურად თავი კიდევ უფრო დაისამაროს. თუმცა აქვს ფრთხილი ოპტიმიზმის მოლოდინი, რომ ცალკეულმა პარტიებმა  შესაძლოა ენმ-ის გრავიტაციას თავი დააღწიონ და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღონ. 

„კრისტიან დანიელსონი გამოცდილი შვედი დიპლომატია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. არა ერთ რთულ საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიუღია. ამიტომაც ის პოლიტიკურ  პარტიებს ცალ-ცალკე ხვდება, რათა გარკვეულწილად დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დააახლოვოს. კონფლიქტოლოგიაში და მედიაციაში აპრობირებული მეთოდია, რასაც ევროპელი დიპლომატი მიმართავს. ძნელია ზუსტად ვისაუბროთ, იქნება თუ არა შეთანხმების  მთავარი საგანი პლებისციტი. თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი საგამოძიებო კომისიაში ჩაერთვება და აღმოჩნდება, რომ  არჩევნების 1%-ი მაინც გაყალბდა, შესაძლოა ეს კონტურები გამოიკვეთოს“, - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.   

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ ოპოზიციას ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე მოლაპარაკების დროს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ძალიან გაუჭირდება. მისი თქმით, „აირაის“   და ეუთო/ოდირის  დასკვნები მათ უკვე აღარ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ულტიმატუმის ენით ისაუბრონ. ოპოზიციას არც დასავლეთიდან აქვს მხარდაჭერა და  არც საქართველოს მოსახლეობის  დაკვეთაა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ამიტომაც თუ პოლიტიკური თვითგანადგურება არ  აქვთ  განზრახული, პარლამენტში უნდა შევიდნენ. 

„გავლენიანი ორგანიზაციების მიერ დადებული დასკვნები ოპოზიციას აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ რიგგარეშე არჩვენები მოითხოვონ. ამიტომაც ვფიქრობ, მოლაპარაკებების დროს მათ ევროპიდან არ ექნებათ მხარდაჭერა და მთავარი მოთხოვნა ისევ მათი პარლამენტში შესვლა იქნება. ხელისუფლება ეუბნება, არჩევნების გაყალბება დაგვიმტკიცეთ და კი ბატონო, რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთო. თუმცა ოპოზიცია კატეგორიულ უარზეა. როგორ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს აყენებდე? რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ პატარა პარტიებს გონიერება ეყოფათ და „ნაციონალების“ გავლენიდან თავს გაითავისუფლებენ.  

თუ ეს მოლაპარაკებაც ჩაიშალა, ქვეყნისთვის ძალაინ ცუდი იქნება და ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციასაც  პოლიტიკური გაბანკროტება ელის. მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა პლებისციტი შეთანხმების მთავარი საკითხი გახდეს, მაგრამ ვნახოთ, სააკაშვილი ოპოზიციას ამის უფლებას მისცემს თუ არა“, - აცახდებს საყვარელიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×