თამთა ჩაჩანიძე
13.03.2021

ჯანდაცის სამინისტროს მიერ დაანონსებული 22 მარტის ნაცვლად, საქართველომ „კოვაქს" პლატფორმისგან ვაქცინების პირველი პარტია 9 დღით ადრე მიიღო. „ასტრაზენეკას" 43 200 დოზა თბილისში შაბათს ჩამოვიდა და ორშაბათიდან ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების ტოტალური ვაქცინაცია იწყება.

საქართველოს ერთ-ერთი პორველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც „კოვაქს" პლატფორმიდან ვაქცინები მიიღო. თუმცა, უშუალოდ ვაქცინების მწარმოებლებთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკება ჯერჯერობით არც ისე წარმატებით მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხვას, აიცრება თუ არა კორონავირუსის ვაქცინით, განაცხადა, რომ ვინც აცრას საჭიროებს, გაცილებით მეტი ადამიანია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებად აიცრება.

„რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რა პრინციპით ანაწილებს „კოვაქსი" ვაქცინებს

„კოვაქს" პლატფორმიდან ვაქცინების გაცემა 24 თებერვლიდან დაიწყო და ვაქცინების პირველი პარტია - „ასტრაზენეკას" 600 ათასი დოზა - განამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ „კოვაქსი" პირველ ეტაპზე ვაქცინებს მხოლოდ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს აწვდიდა. პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის" პლატფორმით ვაქცინა მიიღო, მოლდოვაა, სადაც 5 მარტს „ასტრაზენეკას" 14 400 დოზა ჩაიტანეს. თუმცა, მანამდე მოლდოვამ მეზობელი რუმინეთისაგან საჩუქრად მიიღო იგივე „ასტრაზენეკას" 21 600 დოზა.

„კოვაქვს" პლატფორმიდან ვაქცინები ჯერაც არ მიუღია უკრაინას, რომელსაც, ბოლო ინფორმაციით, მოთხოვნილი დოზების რაოდენობაც შეუმცირეს. უფრო კონკრეტულად კი, გაირკვა, რომ უკრაინა „კოვაქსის" საშალებით ჯამში დაპირებული „ასტრაზენეკას" 2 215 200 ვაქცინის ნაცვლად 1 776 000 ვაქცინას მიიღებს. თუმცა, უკრაინამ უშუალოდ მწარმოებელთან მოლაპარაკებით, თებერვალში შეიძინა ინდოეთში წარმოებული „ასტრაზენეკას" ანალოგი „კოვიშილდის" ვაქცინები და აცრები 24 თებერვლიდან დაიწყო.

საქართველოში „კოვაქს" პლატფორმიდან 43 200 დოზა „ასტრაზენეკას" შაბათს დილით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ექიმებს მოუწოდა, რომ ორშაბათიდან, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება, საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი. ესენი არიან ჩვენი კოლეგები - ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთმები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე.

„მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

უსიამოვნო პრეცედენტი „ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც - დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ „ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში რამდენიმე აცრილს თრომბოემბოლია განუვითარდა და ერთ-ერთი გარდაიცვალა.

დანიის ჯანდაცვის სააგენტო ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ „ასტრაზენეკას" ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დანიამ სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღო, ვიდრე დასრულდება გამოძიება, რომელიც აცრილ პაციენტებში თრომბების განვითარების შემთხვევებს იკვლევს.

აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს არავითარი მინიშნება, რომ თრომბი, რომელიც ვაქცინის გვერდითი ეფექტების ნუსხაში აღრიცხული არ არის, ვაქცინაციამ გამოიწვია.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ შეწყვიტონ ვაქცინაცია. მათი შეფასებით, ის, რაც მეზობელ ქვეყნებში ხდება, მხოლოდ უსაფრთხოების რუტინული ზომებია.

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეკოვი კი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტებისაგან დაზღვეული არავინაა და ეს არ უნდა იწვევდეს ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკილდებულებას.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია, შეიძლება არაა კორექტული შედარებაა, მაგრამ წელიწადში მინიმუმ 6-7 ავიაკატასტროფა ხდება, მაგრამ ამის გამო ავიაციის შეწყვეტა არავის გადაუწყვეტია. მესმის, თვითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთბაშად ერთმა მილიონმა კაცმა „იბუპროფენი" რომ დალიოს, იქედან დარწმუნებული ვარ, რაღაც პროცენტს სისხლის შედედების პრობლემაც დაემართება და როცა ერთბაშად ამდენი ადამიანი იკეთებს აცრას, ბუნებრივია იქ პრობლემებიც გამოუვლინდებათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გვერდითი მოვლენების გარეშე არაფერი არ არსებობს და პირველ რიგში ამას ჩვენ ვხვდებით, ექიმები", - განაცხადა კულუმბეგოვმა „ფორტუნასთან".

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, ჯანმო და ევროპის წამლების სააგენტომ ქვეყნებში „ასტრაზენეკას" გამოყენების შეჩერების საკითხი შეისწავლეს და გართულებები რეალურად ვაქცინაციასთან კავშირში არ იყო, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა უსაფრთხოების ყველა სტანდარტს პასუხობს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლების სააგენტომ ეს ვაქცინა კვლევების შედეგადაც დაუშვა და ჩათვალეს, რომ უსაფრთხოების სტანდარტს ყველა შეესაბამება. მილიონობით ადამიანმა უკვე გაიკეთა. გარკვეულ პარტიებთან დაკავშირებით კითხვები იყო და რამდენიმე ქვეყანაში ვაქცინაცია დროებით შეაჩერეს, მაგრამ წამლების სააგენტომაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც ორი დღის წინ შესაბამისი განცხადება გააკეთეს, რომ მათ საკითხოი შეისწავლეს და რეალურად ვაქცინაციასთან არაა დაკავშირებული ის შესაძლო გართულებები, რომელზეც საუბარი იყო, თრომბოემბოლიის კუთხით ვაქცინასთან არაა დაკავშირებული.

„ყველაზე მეტი ვაქცინა ბრიტანეთში გაკეთდა და იქ ასეთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა, რომლებიც შეიძლებოდა ვაქცინასთან ყოფილიყო დაკავშირებული, გარდა ალერგიული რეაქციებისა, რაც ისედაც იყო ნათქვამი, რომ შესაძლოა ჰქონოდათ.

„ვაქცინა ეფექტიანია და აჩერებს როგორც მძიმე ფორმის კოვიდს და სიკვდილობას, ასევე დაახლოებით ორ მესამედ შემთხვევაში უსიმპტომო გადადების ჯაჭვს წყვეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, არ ვიცი რომელი ექიმი ამბობს, რომ უსაფრთხო არააო, მაგრამ რეალურად იქ არის ავტორიტეტული ორგანო და ის თვლის, რომ ის უსაფრთხოა და ის ფაქტიც, რომ ქვეყნებმა ვაქცინაცია დროებით შეაჩერეს, მეტყველებს იმაზე, თუ ცალკეული ევროპული ქვეყნების მარეგულირებლები ამ თემას რაოდენ პასუხისმგებლობით და ფრთხილად ეკიდებიან.

„აქ საუბარი იყო ვაქცინის ორ კონრეტულ პარტიაზე და მინდა გითხრათ, რომ ამ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნებმა შეაჩერეს, არცერთი ვაქცინა ჩვენთან არ შემოდის და ასევე არ შემოსულა იმ 43 ათასში. ამ პარტიებზეც არაა პრობლემა. ევროპის წამლის სააგენტომ, ინგლისის მარეგულირებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დასკვნა უკვე დადეს, რომ თრომბოემბოლია ვაქცინაციასთან დაკავშირებული არაა. მაგრამ რომც ყოფილიყო, ჩვენთან არ შემოსულა, ეს კი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ მთავრობები და მარეგულირებლები რაოდენ სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს", - განაცხადა ზოიძემ.

რატომ „ასტრაზენეკა" და არა „ფაიზერი"

ქართველი ექიმების ნაწილს საქართველოში შემოტანილ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული უნდობლობა აქვს. მათი ეჭვები უკავშრდება იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში თავდაპირველად გამოცხადებული „ფაიზერის" ნაცვლად „ასტრაზენეკას" ვაქცინები შემოვიდა. გარდა ამისა, სრულყოფილი იმუნიზაციიისათვის თითოეული ადამიანის 2-ჯერ აცრაა საჭირო და ჯერ ზუსტად არაა ცნობილი როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინების შემდეგი პარტია, რომ მარტში აცრილმა ექიმებმა მეორე აცრაც გაიკეთონ.

„ამ პროცესში არ გავიკეთებ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, არ ვიცი ბოლომდე რომელია, ვისი დამზადებულია. როცა ვაქცინაციაზე დავეთანხმე და ხელიც მოვაწერე, „ფაიზერზე" იყო ლაპარაკი. რატომ გამოგვიცვალეს? აქ რაღაც წმინდად არაა საქმე. ჩვენ ხომ ექსპერიმენტის მონაწილეები არ ვიქნებით," - განაცხადა ტელეკომპანია „მთავართან" ექიმმა პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა.

იანვარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგიოლე თამარ გაბუნია  აცხადებდა, რომ პირველი პარტია, რომლითაც მედიკოსები აიცრებოდნენ, „ფაიზერის" ვაქცინა იქნებოდა, ამაზე ზოიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე პრობლემაა და მთავარია ვაქცინაციის პროცესი დროულად დაიწყო და რომელი ვაქცინა შემოვიდოდა, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

„ამასთან დაკავშირებით უადგილო აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ, ამასთან, კონკრეტული მიზეზები იყო. ზოგადად მთელს მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე პრობლემაა, გეგმაში ასე ეწერა, რომ რისკ ჯგუფების ვაქცინაცია პირველი კვარტლიდან დაიწყებოდა და შემოდის „ასტრაზენეკა" და იწყება პირველი კვარტლიდან. თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

„მოსახლეობისთვის მთავარი ისაა, რომ 100%-იანი სანდოობა აქვს, რომ სიკვდილობისგან გვიცავს და მძიმე ფორმებს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური ტერაპია სჭირდება, ძალიან მაღალი 90%-მდე ეფექტურობა გააჩნია, კვლევების პერიპოდში 72% იყო, მაგრამ ამით მოქალაქეებისთვის შეცდომაში შეყვანა ხდება იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, მთავარია, რომ ეს ამ დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილობისგან 100%-ით გვიცავს და მძიმე ფორმაბი ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ორ მესამედ შემთხვევაში საერთოდ გადაცემისგან გვიცავს, ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები და ეფექტიანობაა, რომელიც გრიპის ვაქცინის ეფექტიანობას გაცილებით აღემატება," - განაცხადა ზოიძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×