თამთა ჩაჩანიძე
07.04.2021

კორონავირუსი მსოფლიოში თითქმის წელიწადნახევარია მძვინვარებს და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარბა - კაცობრიობამ ამ დროის მანძილძე ვირუსთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება თითქოს დააგროვა, ვაქცინაციაც დაწყებულია, თუმცა, ვითარებას ეს ვერ ცვლის და ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდი ფიქსირდება.

სააგენტო „როიტერი" საკუთარ კვლევის მონაცემებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. ამავე მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი 3 თვე დასჭირდა.

ევროპის რეგიონში ყველაზე მეტი გარდაცვლილია - 1.1 მილიონი, ამ შემთხვევების 60% კი ბრიტანეთზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, გერმანიასა და რუსეთზე მოდის.

კორონავირუსს ყველაზე მეტი მსხვერპლი აშშ-ში ჰყავს - მათი რიცხვი 550 000-ს შეადგენს, რაც დაღუპულთა საერთო რაოდენობის 20%-მდეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მესამედს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

რაც შეეხება ვაქცინირების მსოფლიო მაჩვენებელს, ვაქცინის ერთი დოზა დედამიწის მოსახლეობის 5%-ს აქვს გაკეთებული.

7 აპრილის მონაცემებით ერთ-ერთი მაღალი სიკვდილიანობა ბრაზილიაში დაფიქსირდა, ბრაზილიაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს 4 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირზეა, საავადმყოფოები გადატვირთულია და კლინიკებში რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან.

რაც შეეხება აშშ-ს, სადაც ვირუსს ყველაზე დიდი მსხვერპლი აქვს, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბროლის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა და მოდუნების დრო არ არის, ამბობს, რომ რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაჩქარდება და 19 აპრილისთვის ვაქცინაციაზე წვდომა ამერიკის თითოეულ ზრდასრულ მოქალაქეს ექნება.

„ამერიკელი ხალხისა და ჩემი გუნდის დიდი მუშაობის შედეგად, დღეს მე ვაცხადებ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის ხელმისაწვდომობის თარიღი პირველი მაისიდან 19 აპრილისთვის გადმოგვაქვს. ეს ნიშნავს, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა, 18 წელს გადაცილებული ყოველი ზრდასრული შეძლებს ვაქცინაციას.

„ბევრი კარგი სიახლეა, თუმცა ცუდი სიახლეებიც არის. ვირუსის ახალი სახეობა სწრაფად ვრცელდება, ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ იკლებს. პირდაპირ ვიტყვი: ფინიშის ხაზთან ჯერ არ ვიმყოფებით", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

საქართველოში კი სპეციალისტების თქმით, ეპიდვითარება ნელ-ნელა არასასურველი სცენარისკენ მიდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

ამბობს, რომ ამ შტამის გავრცელების უკვე საკმაო რაოდენობა დაგროვდა. გარდა ამისა, მისი განმარტებით, ქვეყანაში იმატებს რეინფიცირების შემთხვევებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტენსიური ვაქცინაციის საჭიროებას.

„ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენთან მაინც ცირკულირებს სხვა შტამებიდან ე.წ ბრიტანული შტამი. ეს უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა, ამიტომ ჩანს, რომ მისი ცირკულაცია ქვეყანაში არის.

„გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება.

„უნდა დავიცვათ მთავარი რკომენდაციები და შეზღუდვები, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს - არა დიდ ქორწილებს! არა დიდ ჭირის სუფრებს! არა დიდ შეკრებებს! მუშაობის დიდი ნაწილის დისტანციურ მეთოდზე გადაყვანა! - განაცხადა გამყრელიძემ, რომელიც დასძენს, რომ თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, საკოორდინაციო საბჭო იძულებული გახდება, რომ უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი დავაყენოს.

ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები, უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს- ამის შესახებ კი ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ფეიქბუქზე" წერს.

„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციამ მოსახლეობის თვითდამშვიდებას შეუწყო ხელი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ჩქარობს ვაქცინაციას (განსაკუთრებით რეგიონებში), უარს ამბობს პირბადეების ტარებაზე, სოციალურ დისტანცირებაზე და პირიქით - არ ამბობს უარს ხალხმრავალ შეკრებებზე.

"ასეთი დამოკიდებულება შეიცავს კოვიდ შემთხვევების და მით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების მატების სერიოზულ საფრთხეს. მითუმეტეს, რომ ბოლო დღეებში ჩვენთანაც შეიმჩნევა ახალი შემთხვევების და ე.წ. დადებითობის პროცენტის მატების ტენდენცია.

„დღეს საქართველო კოვიდპანდემიასთან მიმართებაში დგას გზაგასაყარზე და უახლოეს დღეებში უნდა გადაწყდეს, თუ რომელი გზით წავალთ. ცეცხლთან თამაში არ შეიძლება და უახლოეს დღეებში მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი.

"თუ გვინდა არ გვქონდეს შეზღუდვები და მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას - უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, აუცილებლად ვიხმაროთ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დავიცვათ სოციალური დისტანცირება და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს. ვიმეორებ, ეს უნდა გაკეთდეს უახლოეს დღეებშივე, თორემ შემდეგ შეიძლება გვიან იყოს."- წერს ცერცვაძე.

რატომ მიდის გაუარესებისკენ მსოფლიო ქეყნებში პანდემიური ვითარება და რამდენად დიდია ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანების ის ოდენობა რაც ამ სივერაგემ შეიწირა, ამ საკითხებზე ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრობს.

„ჩემი სუბიექტური აზრია, რომ თუ ერთი და იგივე ადამიანს სხვადასხვა შტამი დაემართა, ანუ მანამდე სხვა შტამი ჰქონდა და შემდეგ სხვა დაფისირდა. ესე იგი ვირუსი მუტაციას განიცდის და რაოდენობაც შესაბამისად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მოხდილი აქვს, შესაძლოა თავიდან დაემართოს, თუმცა, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

„ჯერ ერთი ხალხი საკმარისად არ აცრილა, რომ ჯერჯერობით სიტუაციას რაღაცა შეეტყოს, მეორე ის, რომ ადამიანები რაღაც შეეჩვივნენ და უკვე ვნახავთ ქუჩაში პირბადის გარეშე მოსიარულე ბევრ ადამიანს. ეს ყველაფერი ერთად მუსირებს, უბრალოდ სანამ ქვეყნების სრული ვაქცინაცია არ მოხდება და ვინც არ აიცრა ის მანამ არ გადაიტანს, მანამდე შედეგს ვერ მივიღებთ.

„თუ მართლაც რეინფექციის შემთხვევები არსებობს, ან არსებობს სხვა შტამი, რომელზეც ეს აცრა არ მოქმედებს და ადამიანებს ისევ ემართებათ, ეს სიტუაცია გასაგები იქნება. ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ახალი ვაქცინების შექმნა.

„ეს რთული სიტუაცია იმის ბრალია, რომ ჯერ ერთი ადამიანები შეეჩვივნენ და რეკომენდაციებს არ იცავენ, მერე ინფექციაგადატანილ ადამიანებში იმუნიტეტი რამდენად ყალიბდება, მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ეს ანალიზები ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ალბათ ამის გაკეთება მოგვიწევს, იმიტომ, რომ უნდა ვიცოდეთ - კარგი, აიცრა-აიცრა, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ანტისხეულების ის რაოდენობა ჩამოყალიბდა, რომელიც პაციენტს ინფექციისგან დაიცავს, ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმაც და პაციენტმაც აუცილებლად უნდა მიიღოს.

„აშკარად არც მსოფლიოში და არც საქართველოში ამნაირი გაუთავებელი ვირუსული ინფექცია ნამდვილად არ ყოფილა, გრიპისგანაც ბევრი ადამიანი იღუპება ხოლმე, მაგრამ ასე მასიურად და განსაკუთრებით საქართველოში ათასობით ადამიანია დაღუპული, მარტო სტატისტიკაა საგანგაშო, მითუმეტეს ეს ვირუსია და არა მიკრობი, რომლის წინააღმდეგ მკურნალობა ძალიან რთულია, პრაქტიკულად არ არსებობს.

„რაც მთავარია ამ ვირუსებზე არ მოქმედებს არანაირი ბუნება, არანაირი სიცხე-სიცივე, არანაირი ზამთარი-ზაფხული, სამი მილონი გარდაცვალების შემთხვევა - ეს ძალიან ბევრია, ჩვეულებრივი გრიპითაც ბევრი ადამიანები იღუპება, მაგრამ ეს ვირუსი რაღაც სხვანაირად მიმდინარეობს.

„ხომ არის, რომ ადამიანს განხვავებულად რომ აცვია, ამ ვირუსსაც რაღაცნაირად სხვანაირი გენეტიკა აქვს და მთავარია, რომ დროზე გავიგოთ ახალი რეინფექციის შემთხვევები მართლაც არის თუ არა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანი მოსახლეობა რომც ავცრათ, აზრი არ აქვს, თუ ახალ შტამებს ცალკე აცრა სჭირდება,"- განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ როცა ახალი ვირუსი აღმოცენდება, მისი თავიდან მოშორება ადვილი არაა. მისი თქმით, კორონავირუსი ასე მალე ვერ გადაივლიდა, რადგან წელიწადნახევარში არცერთი პანდემია არ დამარცხებულა.

„ხელოვნურია თუ ბუნებრივი, ამას მსოფლიო იძიებს და ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ ბუნებრივია. რაც შეეხება ამ პერიოდს წელიწადს და ოთხ-ხუთ თვეს, როცა ახალი ვირუსი აღმოცენდება, მისი ელიმინაცია ასეთი ადვილი არაა და წელიწადში არცერთი სხვა პანდემია არ დამარცხებულა და თავისთავად ასე მალე ეს ვერ დამარცხდებოდა.

„თან საკმაოდ რთულია ის, რომ ეს ჰაერწვეთვანი ინფექციაა, რომელიც ძალიან ადვილად გადადის და მოსახლეობაში ყველა რეგულაციის დაცვის შენარჩუნება ძნელია. ამდენად, აქ არაფერია განსაკუთრებული, რომ ამდენი ხანი გაგრძელდა, კიდევ გაგრძელდება, თუ მოსახლეობამ არსებული რეგულაციები არ დაიცვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძველ პანდემიების სიკვდილობასთან შედარებით პროცენტულად მაინც ძალიან დიდი არაა, რა თქმა უნდა 21-ე საუკუნეში ამ ვირუსით სამი მილიონი ადამიანის სიკვდილი დიდია, მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებოა,"- განაცხადა ენდელაძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ვაქცინაცია სულ 11 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული. საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 მარტს ქვეყანამ ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას" 43 200 დოზა მიიღო. 25 მარტს საქართველოში „ფაიზერის" 29 250 დოზაც ჩამოვიდა.3 აპრილს კი ჩინეთში წარმოებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის„სინოფარმის" 100 000 დოზა ჩამოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების „სინოფარმისა" და „სინოვაკის" საგანგებო გამოყენების დამტკიცების საკითხს აპრილის ბოლოსთვის განიხილავს - ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით დამატებით მონაცემებია საჭირო. იგი დასძენს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )