“სანამ ვაქცინას შემოიტან, მანამდე უნდა გამოიკვლიო, მოსახლეობა რამდენად თანახმაა ამა თუ იმ ვაქცინის გამოყენებაზე”
თამთა ჩაჩანიძე
03.05.2021

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, 3 მაისის შუადღის მდგომარეობით 70 ათასამდე მსურველია დარეგისტრირებული, არსებული მონაცემებით მოქალაქეთა უმრავლესობას „ფაიზერით" აცრა სურთ.

მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.ვაქცინაციაში მონაწილეობა 18 წელზე უფროს მოსახლეობაზეა ნებადართული.„ფაიზერით" აცრა 64 600-ზე მეტ ადამიანს სურს,მეორე ადგილზე 29967 მსურველით „მოდერნაა", მესამეზე „ასტრაზენეკა", რომლის გაკეთების მსურველი 13500 ადამიანია, 8530-ს კი „ჯონსონი და ჯონსონი", რომელიც მეოთხე ადგილზეა.

რაც შეეხება „ნოვავაქსით" აცრის მსურველებს, მათი რიცხვი 5700-ზე მეტია, სინოფარმით აცრა 5032 მოქალაქეს უნდა, ხოლო „სინოვაკით" ათასამდე ადამიანს.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, „ასტრაზენეკას" ახალციხის შემთხვევა რომ არ ჰქონოდა, მისი მსურველების რაოდენობა „ფაიზერის" მსურველთა რაოდენობის მსგავსი იქნებოდა.

„ფაიზერი" იმიტომ, რომ მაინც უფრო ამერიკულია, მეტი რეკლამაც ჰქონდა, მეტ-ნაკლებად ცნობილი ფირმაა და არ ჰქონია საქართველოში ისეთი მომენტები, როგორიც „ასტრაზენკას" დაემართა. მას ასეთი ამბავი რომ არ დამართნოდა, ისიც პირველ ადგილზე იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, სტატისტიკამ აჩვენა, რომ ასტრაზენეკას უფრო ნაკლები ტემპერატურული მრუდი აქვს, ვიდრე ფაიზერს.

„როგორც ჩანს, ჩინური ნაკლებად უნდათ, მაგალითად, როცა „მერსედესი" არსებობს, არ მოუნდებათ, რომ ინატრონ „ზაპოროჟეცი", ან მსგავსი მანქანა. თუმცაღა, ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ მოსახლობა ბოლომდე გათვითცნობიერებული არაა, თითოეული მათგანის მუშაობაზე და ხარისხზე. თუ უნდათ, რომ ჩვენ თაობას ამხელა შრომა წყალში არ ჩაეყაროს, მოსახლეობასთან განათლების კუთხით უნდა იმუშაონ.

„მიმაჩნია, რომ როდესაც რაღაც პროდუქციის შემოტანა ხდება, ის ჯერ იმ მოსახლეობას გამოიკვლევს, რომელმაც ეს უნდა იყიდოს, მითუმეტეს როცა ეს ნებაყოფლობითია, ამიტომ, თავიდანვე უნდა მომხდარიყო ამაზე ფიქრი - მა თუ იმ ვაქცინას მოსახლეობა რამდენად მიიღებდა.

„როდესაც საქართველოში „ასტრაზენეკას" შემთხვევა მოხდა, ეს უნდა გათვალისწინებულიყო, რომ მოსახლეობა ესე აქტიურად ამ ვაქცინით აღარ აიცრებოდა. ვისაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ვერ გადაარწმუნებ, ამიტომ, სანამ ვაქცინის შემოტანა მოხდება, მანადმე უნდა მოხდეს კვლევა ან გამოკითხვა, რამდენად თანახმა იქნებოდნენ ამა თუ იმ ვაქცინის გამოყენებაზე და ამხელა ფული მერე გადაეხადათ.

„კვლევებიც არსებობს, რომ თრომბოემბოლიის საშიშროება „ფაიზერს" თითქმის არ აქვს, „ასტრაზენეკაზე" კი კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო მეტი აქვს, დანარჩენების შესახებ მოსახლეობას ელემენტარულად იმდენი ინფორმაცია არ აქვს, იციან მაგალითად ის, თუ რომელი ქვეყანა აწარმოებს მას,"- განაცხადა ხმალაძემ.

მან აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ზომები მკაცრად გატარდა, რადგან ეს რომ არა, ბევრად უარესი შედეგი იქნებოდა მოსალოდნელი.

„ძალიან კარგი იყო, რომ აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით ყველაფერი მკაცრად იყო დაცული, ეს რომ არ გაკეთებულიყო ბევრად უარეს შედეგს მივიღებდით. იმიტომ, რომ ჩვენ შემთხვევები გვქონდა, როცა მოსახლეობას ძალიან აქტიურად სოციალური შეკრებების საშუალება მიეცა, ამ პერიოდში ადამიანების ერთად ყოფნა რაც უფრო შეიზღუდება, უფრო უკეთესია.

„სასაფლაოებზე შეკრებები ზოგჯერ ღრეობაშიც კი გადადის ხოლმე და ამიტომ არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამის გაკეთება საჭირო იყო. თუმცა, ყველაფერს დრო გვაჩვენებს თუ ეს პანდემიაზე როგორ აისახება, რა თქმა უნდა, ეს რომ არ გაკეთებულიყო, ბევრად უარესი იქნებოდა,"- განაცხადა მან.

პლატფორმა „ვორლდმეტერს"-ი აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 153 მილიონს გადააჭარბა, ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 3.2 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 130 მილიონს აჭარბებს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19.4 მილიონია.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - თურქეთია.

რაც შეეხება საქართველოს,კორონავირუსის გამოვლენის ორშაბათის დადებითობის მაჩვენებელი არის 6,81 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის - 5 პროცენტი.

3 მაისის კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარაში - 68, იმერეთში - 15, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლი - ოთხი, გურიაში - სამი, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 38, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 14, სამცხე-ჯავახეთში - ხუთი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )