თამთა ჩაჩანიძე
10.06.2021

გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებები არამყარი და ურთიერთგამომრიცხავია, ძნელია მიხვდე, სად ამბობს სიმართლეს და სად ტყუილს. ფაქტია, რომ მან გუნდს უღალატა და არ ვფიქრობ, რომ მისი პარტია მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ბევრ ხმებს მოიპოვებს - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

გია აბაშიძე: გახარიას ბოლოდროინდელი განცხადებების შინაარსში იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის საკმაოდ ძნელია განსაზღვროს, სად ამბობს სიმართლეს და სად ტყუილს. ფაქტია, რომ მან გუნდს უღალატა და ეს მმართველის გუნდის დამფუძნებელმა ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომელიც პოლიტიკიდან წასულია და იძულებული შეიქმნა, როდესაც მას პიროვნულად შეეხნენ. ოპოზიციის თვალში გახარიას პოლიტიკაში მოსვლა თითქოს ივანიშვილის ჩრდილოვანი პროექტია. მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ნამდვილად არაა. უბრალოდ ამ განცხადებით პოზიცია გამოხატა.

ის, რომ თავად გახარიას გუნდშიც ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, იქნება ეს კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ხალხი მზად არ არის, ოპოზიციურ ფლანგზე ერთგვარი გამწევი ძალა იყოს. გახარია კითხვებზე პასუხებს სხვადასხვაგვარი ვერსიით სცემს, შესაძლოა სხვა ეთერში კიდევ სულ სხვა რაღაცა თქვას.

კიდევ ერთი უცნაური რაც თქვა ის იყო, რომ თურმე „ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია არ აქვს. რა გამოდის, რომ ის „არალეგიტიმური" პრემიერი იყო? თუ იმას გულისხმობს, რომ ის იყო ლეგიტიმაციის წყარო და ახლა, მისი გადადგომის მერე „ოცნება" ლეგიტიმური მმართველი პარტია აღარაა? რომ შევაჯამოთ მისი ასეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით, არ ვფიქრობ, რომ მისი პარტია მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ბევრ ხმებს მოიპოვებს,რადგან საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ურთიერთგამომრიცხავი და არამყარი განცხადებები.

„რ": როგორც შეაფასებთ პარტიების დაფინანსებაზე საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც მანდატის უარის თქმის შემთხვევაში, პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს? ოპოზიციის ნაწილმა ეს სადამსჯელო ღონისძიებად შეაფასა.

გ.ა: ეს სადამსჯელო ღონისძიება ვერანაირად ვერ იქნება, როდესაც პარტიების და მათი ლიდერების პასუხისმგებლობაზეა საუბარი თავიანთ ამომრჩეველთან. სრულიად გაუგებარია ის მინი-ისტერია, რომელიც ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ატეხა, როცა ხელისუფლება ავტორიტარულ ღონისძიებებში დაადანაშაულა.

მე ასე არ მიმაჩნია, რადგან წარმოუდგენელია და საზოგადოებაში მართლაც არის ის აღშფოთება, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სამსახურს აცდენს და ამაში ხელფასს იღებს. როგორ წარმოგიდგენიათ, კერძო ან საჯარო სექტორის თანამშრომელმა რომ მყარი მტკიცებულებების გარეშე სამსახური გააცდინოს და ამაში ხელფასი მიიღოს? ეს გადასახადის გადამხდელთა ფულის განიავებაა.

ამას კი გარკვეული სანქციები სჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოების მიერ დაქირავებულმა სამსახურში იაროს და საკუთარი მოვალეობები შეასრულოს. მე აქ სხვა ქვეტექსტებს ვერ ვხედავ და ვერ დავეთანხმები ამ ინიციატივის ოპონენტებს.

„რ": ენმ პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

გ.ა: როგორც მოსალოდნელი იყო „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა, ოღონდ საკმაოდ დარცხვენილად და რეპუტაციაშელახულად. ეს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან ცუდია, თუ ის კონსტრუქციულ მომავალზეა ორიენტირებული, მათ კი არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი, რეალური პოლიტიკის განხორციელება არ სურთ და მხოლოდ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული, რაღაცის გაფუჭებაზე, თუნდაც პარლამენტის შენობის შიგნით. მაგრამ ის, რომ ისნი შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერენ, რასაც თითქმის ყოველდღიურად დასავლელი ელჩები და პოლიტიკოსები მოუწოდებენ, მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ უპასუხებლო პარტიაა თავად დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობისას.

აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება ამ პარტიამ საკუთარ თავს პროდასავლური უწოდოს იმ დროს, როცა დასავლეთის პოლიტიკური ლიდერის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების წინააღმდეგია?! ეს ხომ სრული აბსურდი და ნონსენსია.

კეთილგონიერების იმედს მაინც ვიტოვებ, იმედი მაქვს, როგორც სხვა გადაწყვეტილებები შეცვალეს, ამაზეც აზრს შეცვლიან. რა პოლიტიკურ კონსტრუქციულ თამაშის წესებზეა საუბარი, როდესაც ეწინააღმდეგებიან ამ შეთახმებას იმ პუნქტში, სადაც წერია, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე ყველა უნდა იქნეს ამნისტირებული. და მათ როგორ ჰგონიათ, შარლ მიშელამდე ეს ამბავი მისული არაა, რომ მათ მისი დოკუმენტის დამახინჯებული ინტერპრეტაცია სურთ?

ანუ, ჩვენ იმ აბსურდულ გარემოში ვცხოვრობთ, რომელსაც „ნაცმოძრაობა" ქმნის, გვიწევს კომენტარების გაკეთება ისეთ ელემენტარულ საკითხებზე, რომელიც საბავშვო ბაღშიც განიხილება.

ასევე აღვნიშნავ, რომ მათი ე.წ. ლიდერების საპარლამენტო საჯარო გამოსვლები ძალიან სამარცხვინო იყო. პარლამენტი ცირკი არაა, ცირკი შეიძლება „ნაცმოძრაობის" სათავო ოფისი იყოს, კეთილი ინებონ და როგორც ადამიანს და პოლიტიკოს შეშვენის, ისე მოიქცნენ.

„რ": სენატორი რობ პორტმანი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდოს ნატოს, რომ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა უზრუნველყოს საქართველოსთვის, აქვს თუ არა რაიმე რეალური ბერკეტი ახლა აშშ-ს?

გ.ა: აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინიასა და მოლოდვისადმი უპრეცენდენტოა, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ. ის ყველაფერს ცდილობს, რომ ნატოსთან რაც შეიძლება უფრო დავახლოვდეთ, თუმცა იქ გარკვეული შიდაპოლიტიკური ნიუანსებიც არსებობს.

ვფიქრობ, რომ ბაიდენის ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და მრავალმხრივ დახმარებას მივიღებთ. ბრიტანეთში ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა, როდესაც პუტინს საჯაროდ მოუწოდა, რომ ამერიკა მსოფლიო პოლიტიკაში კვლავ აქტიურად დაბრუნდა, მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი ამერიკა-რუსეთის სამიტი საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იქნება. უსაფრთხოების, პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის უფრო მეტი გაკეთდება.

ვფიქრობ, რომ თავად ნატოდანაც ამაზე საკმაოდ გაბედული ნაბიჯები იქნება, უკვე არის კიდეც, რომ შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე საუბრობენ, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ კარგი ძვრები იქნება. დაველოდოთ, მოვლენებს, წინ დიდი შვიდეული და ამერიკა-რუსეთის სამიტი გვაქვს, საკმაოდ საინტერესო საერთაშორისო ცვლილებესაც უნდა ველოდოთ საქართველოსა და უკრაინის სასიკეთოდ.

„რ": „ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში არა 43-ს, არამედ 53%-ის მოლოდინი აქვთ...

გ.ა: ადგილობრივ არჩევნებზე საკმაოდ საინტერესო რბოლა იქნება. საინტერესოა ისიც, რომ ავანსცენაზე ორი ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდა, რაც შეეხება პრემიერის პროგნოზებს, შესაძლოა ეს იყოს 53, ან ნაკლები ან მეტი, მაგრამ იმ ფონზე, როცა ოპოზიციაში მთელი ოპოზიციური სპექტრი დეზინფორმაციითა და ურთიერთგამომრიცხავი ქმედებებით და იმაზე ყურადღების მიქცევითაა დაკავებული, რაც საზოგადოებისთვ ის მნიშვნელოვანი არაა, ამის ფონზე მმართველი პარტია თანმიმდევრულად, შესაძლებლობების მაქსიმუმიდან გამოიმდინარე, სახელმწიფოს საქმეს აკეთებს, ბუნებრივია საარჩევნო ურნებთან საზოგადოების სიმპათია საქმიანი პარტიისკენ გადაიხრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×