თამთა ჩაჩანიძე
11.06.2021

მგონია, რომ გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, კობახიძის კი არა საზოგადოების კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, ჯერ საზოგადოებას უნდა ჰკითხოს, აქვს თუ არა მის მიმართ კითხვები, მაგრამ მე მგონი გარკვეული კითხვები მაინც არსებობს, რასაც პასუხი სჭირდება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომლითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერისა და პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას მისამართით განვითარებულ მოვლენებს.

მამუკა არეშიძე: საზოგადოებაში არის კითხვები, პირველი ის, რომ კობახიძის ეს ნათქვამი რამდენად მართალია. რასაკვირველია გახარიამ კობახიძესაც უნდა ჰკითხოს, რამდენად მართალია და ბოლოსდაბოლოს მეც უნდა მკითხონ, ჩემი განცხადება რამდენად მართალი და არგუმენტირებულია.

საზოგადოებაში გახარიას მიმართ მეორე კითხვა ისაა, რომ თავიდან ძალიან ითხოვდა, მელიას იმუნიტეტი მოხნოდა, შემდეგ როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება უნდა დამდგარიყო, სავარაუდოდ რაც იქნებოდა დაპატიმრებასთან დაკავშირებული, ის ორ-სამ დღეს ითხოვდა, ეს ორი-სამი დღეა, რომელიც ძალიან საეჭვოდ ჟღერს თუ ეს პერიოდი რასთან იყო დაკავშირებული, ეს პასუხის გარეშე დარჩა.

გახარიას კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია, გადადგომის რეალური მიზეზი რა იყო, თუ დღეს ამბობს ნეპოტიზმი კორუფცია და ა.შ. ამის თაობაზე ჯერ ერთი პრაქტიკულად მაგალითებიც არ მოუყვანია და მეორეც პრემიერი თვითონ იყო და მაშინ ამის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა უნდა დაეწყო, რომ ეს ასე არ ყოფილიყო.

ესე იგი რა გამოვიდა, არც ის უთქვამს, რომ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი, როცა პრემიერი ვიყავიო და როცა დასჭირდა იმ გუნდს გაერიდა, რომელმაც წლების განმავლობაში თანამდებობები მისცა, რაღაცა მდგომარეობა შეუქმნა და ამის მერე როცა მისთვის საჭირო გახდა ნაბიჯი გვერდზე გადადგა ისე, რომ ჩამოყალიბებული, ლოგიკური ახსნა ამას არ ჰქონია.

გახარიას ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პრემიერობის დროს რომ დაეწყო და ამას შესწირვოდა, საზოგადოება ბევრად უფრო სწორად გაიგებდა და შეიძლება კითხვაც არ ჰქონოდა. როცა პრემიერი იყო, ასეთი ტიპის ბრძოლა მაშინ არ გვახსოვს, ყოველ შეთხვევაში ეს საჯარო არ იყო, ან მე არ ვიცი და გამომრჩა. ეს კითხვებია რაც გახარიას მიმართ საზაოგადოებაში არსებობს.

ასევე უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი კობახიძემაც, არეშიძემაც და ყველამ, რომელი კითვებიც საზოგადოებას მათ მიმართ გაუჩნდა.

ჯერჯერობით პროცესი გაჩერებულია, სამწუხაროდ საზოგადოება მიჩვეულია, რომ თანამდებობის პირები მიდიან და მოდიან ისე, რომ საზოგადოება ვერ ერკვევა რეალურად რა მოხდა.

„რ" რამნდენად შეცვლის მოცემულობას თუნდაც ადგილობრივ არჩევნებზე გახარიასა და ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა?

მ.ა. რამდენადაც ვიცი, ვასაძე არ შემოდის, გახარიას შემოსვლა რასაკვირველია გარკვეულ პოლიტიკურ კლიმატს შექმნის, ამას ლაპარაკი რად უნდა.

„რ": ამბობენ, რომ გახარია „ქართული ოცნების" ხმების ნაწილს წაიღებს თქვენ როგორ გგონიათ?

მ.ა. შესაძლოა „ქართული ოცნების" რაღაცა პოცენტი წაიღოს, მაგრამ ვინც „ოცნების" მყარი ამომრჩეველია და ვინც თავის დროზე მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერდა, მათი დიდი ნაწილი არა მგონია, რომ გადაიხაროს. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ გამოკითხვით მოქალაქეთა ძალიან მაღალი 50%, ზოგადად პოლიტიკის მიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი, ანუ საერთოდ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა არ უნდათ, ეს ხმები, რომ წაიღოს ეს კითხვა რატომ არ ჩნდება, მემგონი ეს უფრო სერიოზული რაოდენობაა, ვიდრე პარტიებში უკვე მყარად გადანაწილებული ელექტორატი.

„რ": რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის წერილზე, ოპოზიციამ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს ფაქტი ასე შეაფასა, რომ იგი რეალურად პოლიტიკიდან არ წასულა.

მ.ა: ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და მისი იდეაა. მე ამ წერილიდან ეგ შთაბეჭდილება არ დამრჩენია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკაშია. ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, მაშინ არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. ამას დარწმუნებით გეუბნებით, თუნდაც გახარიასთან დაკავშირებით ასეთი შემთხვევას ადგილი ნამდვილად არ ექნებოდა.

„რ": საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე მიწვეულები არ არიან, როგორ ფიქრობთ რატომ?

მ.ა: ესაა ზოგადად კავკასიისა და პირველ რიგში უკრაინის მიმართ გამოწვეული რუსეთის პოლიტიკის გამო, რადგან უკრაინა და რუსეთი ცოტა ხნის წინ ომის ზღვარზე იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან მაღალჩინოსანთა ერთმანეთზე მიწყობილი ვიზიტები ამას მოწმობს.

გარდა ამისა, ამ სამიტზე, ხომ მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებია შეკრებილი, კიდევ იქ ვიწრო წრეში ზოგიერთი ტაქტიკური საკითხი უნდა მოგვარდეს, ზოგიერთ შეხვედრაზე ნატოს ყველა წევრიც კი არ ესწრება, ტაქტიკური თვასაზრისით ნატოს ხელმძღვანელობა მიდგომების გადახალისებას აპირებს. ეს ბევრად უფრო სამუშაო შეხვედრაა, ვიდრე პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტი.

„რ":როგორ შეაფასებთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას?

მ.ა: რუსეთს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, 2006 წელს, როცა აქედან წავიდა და ცოტა ხნის მერე აზერბაიჯანიდანაც, დღეს მთლიანად დაბრუნდა,მაგრამ ამას დაემატა ის, რომ ასი წლის პაუზის მერე, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით თურქეთიც დაბრუნდა,თან დაბრუნდა თავისი მოკავშირეების ნების გარეშე და ნატოს ფორმატის მიღმა, რეგიონში კი დასავლეთის პოლიტიკური აქტივობა უაღრესად შეიზღუდა. დასავლეთი ახლა ცდილობს, რომ უკან სერიოზულად დაბრუნდეს, აქედან გამომდინარე. მას სამხრეთ კავკასიაში პლატფორმაბი სჭირდება, ყველაზე მომგებიანი პლატფორმა საქართველოა, ამიტომ იყო დასავლელი პოლიტიკური ლიდერები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოში არასტაბილური ვითარება ჩაეცხროთ. პირობითად ჩააცხრეს, ამას თუ ჩაცხრობა ჰქვია, მაგრამ ახლა საჭიროა სერიოზულად დაბრუნება, მართალია ამას პირველ რიგში რუსეთი უშლის, მაგრამ თურქეთის უშლის თავისი ინდივიდუალური თამაშით.

ასე, რომ ვითარება დინამურად არასახარბიელოა, ესაა დაპირისპირების, რთული კონმფრონტაციის და საომარი ვითარების დაუმთავრებელი პროცესი, რადგან დღეს რაც ყარაბაღში ხდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმა მხარემ მოიგო, მეორემ წაგო და გაჩერდა. ახლა მიმდინარეობს ნახიჩევანსა და აზერბაიჯანს შორის ბრძოლა გზის შესაქმნელად, ეს არ ნიშნავს, იმას რომ ხალხი იხოცება და სოფელი იბომბება, მაგრამ ბრძოლა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×