“საფრთხე იმაშია, რომ ვაქცინაცია ცალკეულ შტამს არ დასჭირდეს ცალკე პრეპარატით”
თამთა ჩაჩანიძე
21.07.2021

კლასიკურის, ბრიტანულის და „დელტა" ვარიანტების შემდეგ, მსოფლიოს კორონავირუსის „ლამბდა" შტამი უტევს, რომელიც უკვე 30 ქვეყანაში ცირკულირებს და ძირითადად ამ დროისთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კინტინენტებზეა გავრცელებული - სპეციალისტების განმარტებით, ამ ვარიანტზე კვლევები მიდის, თუმცა, ამბობენ, რომ გადაცემის მაღალი უნარი ახასიათებს.

ჯანმოს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსის, მარია ვან კერკხოვეს განცხადებით, ახალი ვარიანტი უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანაში ცირკულირებს, შტამი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული. პირველად "ლამბდა" პერუში გავრცელდა, რომელიც ის ბრაზილიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს და ვირუსის ეს ვარიანტი გავრცელების მაღალი სიჩქარის გამო საშიშ შტამებში შეიყვანეს.

ამ დროისთვის მასზე კვლევა მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია რამდენად ეფექტურია უკვე შექმნილი ვაქცინები ახალი შტამის მიმართ.

ახალი შტამების აქტიური გავრცელების პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღინიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3.4 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 12%-ით მეტია, ასევე ამ დროის მანძილზე, კორონავირუსს 57 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ ფატალურ შემთხვევებზე დაახლოებით 2 000-ით მეტია.

ჯანმოს ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 350 273 შემთხვევა ინდონეზიაში გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 44%-ით მეტია. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 296 447 შემთხვევით, რაც წინა კვირაში გამოვლენილ შემთხვევებს 41 %-ით აჭარბებს.

მესამე ადგილზე ბრაზილიაა, 287 610 ახალი შემთხვევით, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დაინფიცირების მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 14 %-ით შემცირებულია, მეოთხე ადგილზე ინდოეთია 268 843 შემთხვევით და მეხუთეზე შეერთებული შტატები 216 433-ით.

„ალფა", ანუ „ბრიტანული" ვარიანტი მსოფლიოს დაახლოებით 180 ქვეყანაშია გამოვლენილი, „ბეტა", ე.წ. „სამხრეთ აფრიკული" ვარიანტი, 130 ქვეყანაში, - „გამა", ანუ ე.წ. ბრაზილიური ვარიანტი - 78 ქვეყანაში, „დელტა" შტამს, რომელიც პირველად გასული წლის ოქტომბერში ინდოეთში გამოვლინდა და „ინდური ვარიანტის" სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული - აღნიშნულია ჯანმოს ანგარიშში.

ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს,რომ პანდემია რაც უფრო გახანგრძლივდება, მით მეტი ვარიანტი გაჩნდება, ამიტომაც, მისი თქმით, როგორც კი ვაქცინაცია მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს და ბუნებრივად გადატანილი ადამიანების რაოდენობა დაემატება, შტამებიც და პანდემიაც გაჩერდება.

„რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ინფიცირებული და მსოფლიოში პანდემია რაც უფრო არ გაჩერდება, მით მეტი ვარიანტები გაჩნდება, რადგან ესეც ვირუსის ბუნებაა, რომ საკუთარი თავი გადაირჩინოს.

"მსოფლიო ძალიან ბევრ ვარიანტს აკვირდება, ბერძნულ ანბანში რა ასოებიც შედის, უკვე ყველა ვარიანტი არსებობს, უბრალოდ არსებობს ე.წ. შეშფოთების ვარიანტები და არსებობს ვარიანტები მეთვალყურეობის ქვეს. ეს ორ კლასიფიკაციად იყოფა.

„შეშფოთების ვარიანტებია - ალფა, ბეტა, ლამბდა, გამა, რაც ახლა ვიცით. ლამბდა ვარიანტი უფრო პერუშია, სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული და რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ჩაკეტილი და იზოლირებული არაა, თუმცა, ყველა ამ ვარიანტებს ეს კლინიკური ნიშნები აქვთ ჯერჯერობით, რომ გადაცემის უნარი უფრო გაზრდილი აქვთ, სხვა ისეთი გამოხატული სიკვდილობა და სხვა რამე ჯერჯერობით არ ჩანს.

„ეს გამოწვეულია სწორედ ვირუსის ცირკულაციიით, არადროული ვაქცინაციით და დიდი ხნის განმავლობაში ადამიანიდან ადამიანში ვირუსის გავრცელებით. როგორც კი ვაქცინაცია მაღალ მაჩვენებელს მიღწევს, ან ბუნებრივად გადატანილი ადამიანების რაოდენობა 60-70% იქნება, პლიუს ვაქცინირებულები, მაშინ შტამებიც და პანდემიაც გაჩერდება" - განაცხადა კულუმბეგოვმა

როგორც ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, მისი ინფორმაციით, გადაცემის თავისებურებით ლამბდა ვარიანტი უფრო დელტას ჰგავს, თუმცა, აცხადებს, ჯერჯერობით კვლევა მიდის და სხვა მონაცემები მისთვის ცნობილი არაა.

„ჯერჯერობით რაცაა ცნობილი, ჩვეულებრივი მუტირებული ვირუსია, როგორც ამბობენ ისევე მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი კორონავირუსი, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ანტიგენური სტრუქტურა შედარებით სხვანაირი აქვს და ერთი ადამიანიდან მეორეს უფრო ადვილად გადაეცემა, უფრო დელტა შტამს ჰგავს, ვიდრე ბრიტანულს.

„ნებისმიერ ვირუსს და მიკრობს მუტირების სხვადასხვა აქტივობა ახასიათებს, იმიტომაც არის ლაპარაკი იმაზე და დიდი კვლევები მიმდინარეობს, ხელოვნური ვირუსი ხომ არაა. მაგრამ, ნუ გვავიწყდება, რომ თვითონ გრიპის ვირუსსაც უამრავი შტამი აქვს, თუნდაც ა და ბ გრიპი და ქვე ტიპები, ასე რომ, გასაკვირი არაა.

„მთავარია ის, რომ ვაქცინაცია ცალკეულ შტამს არ დასჭირდეს, ცალკე პრეპარატით, ჯერჯერობით როგორც აღმოჩნდა არსებული შტამების მიმართ აქტიურია, თუმცა, ლამბდაზე ვერაფერს ვიტყვი, ჯერ კვლევები არაა. გამოსავალი მაინც ვაქცინაციაშია.ნუ გვავიწყდება, რომ მსოფლიოში ყვავილის მოსპობა ვაქცინაციით გახდა შესაძლებელი, ასევე, პოლიომიელიტის, ასე რომ ვაქცინა ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ხმალაძემ.

მსოფლიოში სამნახევარ მილიარდზე მეტი ვაქცინის დოზაა გამოყენებული და ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. ზედაპირულად ეს კარგი ამბავია, მაგრამ საშინელ უსამართლობას ფარავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ვაქცინების 75% მხოლოდ 10 ქვეყანაშია გამოყენებული. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის მხოლოდ 1% -მა მიიღო, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი - მოსახლეობის ნახევარზე მეტმა.

„ზოგიერთი უმდიდრესი ქვეყანა მესამე, „ბუსტერ" დოზაზე საუბრობს მაშინ, როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები აუცრელები რჩებიან.რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს შეუსაბამობა, მით უფრო მეტხანს გაგრძელდება პანდემია და ასევე მისგან გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური არეულობა.

„რაც მეტი იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლებიც პოტენციურად უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე „დელტა" ვარიანტია, რომელიც ახლა ასეთ განადგურებას იწვევს და რაც მეტი ვარიანტია, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას და საწყის მდგომარეობაში დაგვაბრუნებს," - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში დაინფიცირების ახალი შემთხვევების 80%-ზე მეტი კორონავირუსის "დელტა" ვარიანტზე მოდის, აცხადებს, რომ აშშ-ში ავტორიზებული ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილების კუთხით90% -ზე მეტად ეფექტურია.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ვაქცინირებული ადამიანებისგან აგროვცებს მონაცემებს, რომ განისაზღვროს თუ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა რამდენ ხანს , ამ ინფორმაციას კი დამატებითი, „ბუსტერ დოზის" პოტენციური როლის შესაფასებლად გამოიყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×