თეონა ვეშაგური
21.07.2021

 

თუ აქამდე ვერ მოხერხდა საზოგადოების დარწმუნება, რომ ვაქცინაცია აუცილებელია და ყველამ უნდა ჩაიტაროს, ვფიქრობ, მომავალშიც ძალიან გაგვჭირდება ამის გაკეთება - განაცხადა „რეზონანსთან" საუბრისას ეპიდემიოლოგმა ალექსანდრე გოგინავამ.

მისივე თქმით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ დიდი როლი სამთავრობო და სამედიცინო სტრუქტურებთან ერთად მედიასაც ეკისრება. აუცილებელია პიარკამპანიის ჩატარება და მოქალაქეებისთვის ახსნა, თუ რამდენად მძიმე შედეგებს აგვაცილებს თავიდან აცრები.

„აქამდე ვინც არ შეიცვალა აზრი და ვერ დარწმუნდა, რომ ვაქცინა აუცილებელი და ერთადერთი გზაა პანდემიის დამარცხებისთვის, არ მგონია ამის შემდეგ რაიმემ შეძლოს ამ ადამიანების დარწმუნება.

"მაგრამ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საზოგადოება მიხვდეს რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, თუ ისინი იტყვიან ვაქცინის ჩატარებაზე უარს.უნდა შევძლოთ უმრავლესობის დარწმუნება მაინც, სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

"პანდემიის გამწვავება გამოიწვევს კვლავ საზღვრების ჩაკეტვას და მკაცრი რეგულაციების შემოღებას" - განაცხადა გოგინავამ.

ეპიდემიოლოგმა ასევე, ისაუბრა ვაქცინაციის სავალდებულო ფორმით შემოღების თაობაზე ქვეყანაში.

„სავალდებულო ვაქცინაციას რაც შეეხება, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ არის ამაზე საუბარი, ჩვენ ისევ უნდა მივმართოთ ხალხის დარწმუნების მეთოდს. თუმცა, შესაძლებელია სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროების წარმომადგენელთათვის სავალდებულო გახდეს აცრები, მაგრამ ამაზე ინტენსიური საუბრები ჯერ არ მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ არც ეს იქნება ხალხისთვის მისაღები" - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×