თეონა ვეშაგური
22.07.2021

 

„უნდა ისჯებოდეს ნებისმიერი ვანდალიზმი, იქნება ეს სახელმწიფო უწყებებზე საღებავის შესხმა, პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანება, თუ სხვა რამ" - განაცხადა „ რეზონანსთან" საუბრისას, ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ პარლამენტის თავჯდომარის კახა კუჭავას მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ.

სახელმწიფო უწყებების შენობებთან განთავსებული ევროკავშირის ქვეყნების, ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს, ფულადი სანქციები დაწესდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს გააცნო.

კანონპროექტის პირველადი ვერსიის გათვალისწინებით, დროშის დაზიანებისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული. იგივე პირის მიერ იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს. კანონპროექტის ინიცირება რიგგარეშე სხდომების ფორმატში იგეგმება.

ამის შესახებ ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავს ვანდალურ ფაქტებზე აუცილებელია კანონის მიხედვით რეაგირება, რათა აღნიშნული ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდეს.

„როგორც ჩანს აქამდე კანონმდებლობაში „ვაკუუმი" იყო, რომელიც სასწრაფოდ არის ამოსავსები.ვფიქრობ, რომ ის სანქციები, რაც არის განსაზღვრული, სავსებით ოპტიმალურია.

„აქ ზედმეტი პოლიტიკური სპეკულაციები, განსაკუთრებით ოპონენტების მხრიდან, მიუღებელია. მე მოვისმინე რამდენიმე შეფასება, რადიკალური ოპოზიციური ფრთისგან, როგორც ყოველთვის, შეფასებები იყო არაადეკვატური.

„ოპოზიციაში უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ დაუსჯელი დადის, რადგან ვერცერთ ცივილურ ქვეყანაში ვერავინ გაბედავს სამთავრობო უწყებებზე საღებავების შესხმას და დროშების ჩამოხევას" - განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის: „გირჩის" წევრ იაგო ხვიჩიას განცხადებით, დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ რაიმე სიმბოლოს დაზიანება არ ღირს ადამიანის თავისუფლების აღკვეთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×