ელზა პაპოშვილი
27.07.2021

არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში,  პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა  ვერ გაიმარჯვოს და მეორე ტური დაინიშნოს? ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კალაძე უკონკურენტოა და მელია  7 თვის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა დააზიანა. მისმა უპრინციპო გადაწყვეტილებებმა  პოლიტიკურ მომავალზე გავლენა მოახდინა, ამიტომაც კალაძესთან ის პირველივე ტურში წააგებს,  ნაწილი კი ფიქრობს, რომ მეორე ტური გარდაუვალია. მელიას როგორც პიროვნული, ასევე პარტიული რეიტინგიც აქვს, ამიტომ კალაძეს მარტივი გასეირნება არ ექნება. 

თუმცა კალაძე, გამოკითხვებით, პოლიტიკოსებს შორის, გახარიას შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. საკუთარ კვლევებს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდიც ატარებს და, მათი ვარაუდით, კალაძე მელიას დამარცხებას 70%-ით შეძლებს.  ასევე, დიდი გავლენა გიორგი გახარიას კანდიდატურას ექნება. თუ ქალაქში გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ის აჩი არველაძის დაყენებას აპირებს, თუმცა ექსპრემიერმა უკვე თქვა, რომ კალაძე თბილისის მერობის კანდიდატურაზე უკონკურენტოა. ამიტომაც არაა გამორიცხული, თუ მეორე ტური იქნება, გახარიამ მხარი კალაძეს დაუჭიროს.   

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის ორ კანდიდატს, კახა კალაძესა და ნიკა მელიას შორის ხმები 70/30 გადანაწილდება. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

ამას ის წინასწარი კვლევები აჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუ ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია, დაახლოებით, 70/30 იქნება.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ ერთადერთი მარტივი მიზანი აქვს – მელიაზე ეჭვიანობს და უნდა, ბოლომდე გააფუჭოს. აქედან გამომდინარე, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება. არც ერთ შემთხვევაში, თბილისში მერის მეორე ტური არ იქნება. არ ველოდებით არც ერთ ისეთ კანდიდატს,  ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კახი კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა საზოგადოების განწყობა კახი კალაძის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თბილისში, არც ერთ შემთხევაში, მერის არჩევნებზე მეორე ტური არ იქნება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, თბილისში, არც ერთ შემთხევაში, მერის არჩევნებზე მეორე ტური არ იქნება, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ორი კანდიდატი იქნება. არ ველოდებით, არც ერთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია, პირველი ტურის საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ არჩევნებს კახა კალაძე პირველი ტურში მოიგებს. ამის გარანტი იქნება საზოგადოების განწყობა კალაძის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ნიკა მელიამ წინასაარჩევნო სტარტი იმდენად არასწორად  დაიწყო, რომ გამორიცხულია, მეორე ტურში გადავიდეს.   მელიას მუდმივად წაგებული პოლიტიკოსის  იმიჯი და სიტყვის არშემსრულებელი კაცის სახელი აქვს. ამიტომ სიტყვასა და პირობაზე გადამხტომი კაცი საზოგადოებას არ უყვარს. აბაშიძე ზუსტ  ციფრებს ვერ ასახელებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კალაძე მელიას დიდი სხვაობით დაამარცხებს. 

„თავის გამოსვლებში მელია იმ ადამიანებს აყენებს შეურაცხყოფას, ვინც  ხმა უნდა მისცეს. მაგალითად, ერთ-ერთ გამოსვლაში თეა წულუკიანზე 90-იანი წლების საძმო გაიხსენა და თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, წულუკიანი თეატრში იჯდება თუ ლოტკინზე. ამით მთლიანად ლოტკინის დასახლებას შეურაცხყოფა მიაყენა. ქალაქის  თავკაცობა უნდა და თან მის მცხოვრებლებს შეურაცხყოფას აყენებს. ქუჩური ამბებით და რაღაც წარსული ისტორიებით უნდა, ხალხმა მხარი დაუჭიროს? ეს ზუსტად მეტყველებს იმაზე, რომ ხსენებული პიროვნება პოლიტიკურად საკმაოდ გაკოტრებულია. ამიტომ  ასეთი სასტარტო პირობებით ის კალაძის დამარცხებას კი არა,  მეორე ტურში გადასვლასაც ვერ შეძლებს“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ელის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთელ თავის კამპანიას ნეგატივზე ააგებს, ამიტომაც მათი თავდასხმის ძირითადი ობიექტი ისევ ახლად არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე იქნება. ამის მიზეზი ის არის, რომ „ნაციონალები“ და მათი მოკავშირე პარტიები მარცხისთვის არიან განწირული, ამიტომ მათი მიზანი ისევ არჩევნების დისკრედიტაცია იქნება. მელია მოსახლეობას არც ალტერნატიულ პროექტებს და არც სხვა რაიმე საარჩევნო დაპირებას აძლევს. მათი საარჩევნო კამპანია მხოლოდ ტოქსიკური ინფორმაცია იქნება. 

რაც შეეხება გიორგი გახარიას კანდიდატურას და გავრცელებულ ხმებს, რომ შესაძლოა, მან თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძე დაასახელოს, აბაშიძე ამბობს, რომ გახარიამ უკვე განაცხადა, რომ კალაძე უკონკურენტოა, ხოლო მიუხედავად ამისა, თუ კალაძეს არველაძე მეტოქედ დაუყენა, ესეც იმის მანიშნებელი იქნება, რომ გახარიაც ამბობს ერთს და მეორეს აკეთებს. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი პირიქით, მეორე ტურს ვარაუდობს. ამბობს, რომ ნიკა მელიას პიროვნულ რეიტინგთან ერთად პარტიული რეიტინგიც დაეხმარება. ამიტომაც ირაკლი კობახიძის მხრიდან საუბარი იმაზე, რომ კალაძე 70%-ს აიღებს, ერთგვარი პოლიტტექნოლოგიური სვლაა. ამით საკუთარ ამომრჩეველს ამხნევებენ და ცდილობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ფსიქოლოგიურად გატეხონ.  აფიქრებინონ, რომ მელიას არჩევნები უკვე წაგებული აქვს და ხმის მისაცემად რაღაზე მივიდნენ.  

„ვინ გაიმარჯვებს პირველსა და მეორე ტურებში, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. როცა კობახიძე ამაზე საუბრობს, ეს ერთგვარი პოლიტიკური ტაქტიკაა. „ოცნება“ ფსიქოლოგიურად, როგორც საკუთარ ამომრჩეველს, ასევე  „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ამუშავებს. „ოცნების“ ამომრჩეველს ეუბნება, ჩვენ ვიმარჯვებთ  და ნუ გეშინიათო, ხოლო ენმ-ის ამომრჩეველს პირიქით, მოტივაციას უკარგავს. არ მგონია, რომ მელია ასეთი სუსტი კანდიდატი იყოს და კალაძემ პირველივე ტურში დიდი სხვაობით დაამარცხოს. მას როგორც თავისი პიროვნული რეიტინგი, ასევე პარტიული რეიტინგიც აქვს. ამიტომაც ასე ადვილად მის წაგებაზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გახარიას კანდიდატურას ის საფრთხეს მელიასთვის კი არა, პირიქით, კალაძისთვის წარმოადგენს, რადგანაც მის ამომრჩეველს წაიყვანს. რაიმე კონკრეტულ ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ მგონია, მეორე ტური უნდა იყოს“, - ამბობს ჩიტაძე „რეზონანსთან“. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×