თამთა ჩაჩანიძე
28.07.2021

კორონავირუსი არსად არ გაქრება - ასე ფიქრობს სპეციალისტების ნაწილი, რომლებიც ამგვარ პროგნოზს იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას ჩვენს ვაქცინებზე და მედიკამენტებზე უპირატესობა აქვს, ნაწილი კი ამ მოსაზრებას ნაადრევს უწოდებს.

ის, რომ აღნიშნული მოისაზრება ნაადრევია, ამაზე „რეზონანსთან" ეპიდემიოლოგმა და ექსპერტმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა, მისი თქმით, ჯერ მოსახლეობის სრული ვაქცინაცია არ მომხდარა და არ ვიცით ასეთ შემთხვევაში ვირუსი როგორ მოიქცევა.

„ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან შესაძლოა იყოს ცირკულაცია, როგორც გრიპის ვირუსი ისე, მაგრამ ისე, რომ ასე გაუთავებლად იყოს - არა მგონია. ამას წმინდა ინტუიციურად და გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამნბობ, როგორც ვირუსულ ინფექციებს საერთოდ ახასიათებს ხოლმე.

„ჯერ ერთი ჩვენ ჯერ სრულად იმუნიზირებული მოსახელობა არ გვყავს, ამიტომ არ ვიცით ვირუსი როგორ მოიქცევა, მაშინ როცა იმუნიზირებული სხეული დახვდება, როცა მოსახლეობის სრულად ვაქცინირებას მოვრჩებით აი მერე უნდა ვილაპარაკოთ. მასე ეგონათ, რომ ყვავილიც არ გაქრებოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ეს დაავადება აღარაა, რადგან მთელი მოსახლეობების სრულად ვაქცინირება მოხდა.

„როცა სრული ვაქცინაცია მოხდება და თუ გამოჩნდება ისეთი შტამი, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანებს ისევ დაასნებოვნებს, აი მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი. და კიდევ ერთი, თუ ასეთი მომენტი იქნება, რომ ვაქცინაციას ვადა გაუვა, მაშინ უკვე უნდა შემოვიღოთ, როგორც „აკადეესი", რომ პერიოდულად რამდენჯერმე კეთდებოდა, მაშინ სხვა გზა არ გვექნება, რომ მუდმივი ვაქცინაცია უნდა ვატაროთ ხოლმე.

„თუ, არა მაშინ შესაძლოა კაცობრიობამ კორონავირუსისგან საერთოდაც დაისვენოს თუ მსოფლიოს მთელი მოსახლეობის სრული ვაქცინაცია მოხდება," - განაცხადა ხმალაძემ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის აზრით კი კორონავირუსი არსად არ გაქრება, რადგან მიაღწია იმას, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას აქვს მუდმივი უპირატესობა ჩვენს მედიკამენტებზე და ვაქცინებზე.

„ძალიან ბევრ ადამიანს იმედი აქვს, რომ როგორც 2009-2010 წელს დამთავრდა სწრაფად გრიპის პანდემია, როგორც 1918-1920 წელს სწრაფად დამთავრდა გრიპის პანდემია, ახლაც კორონავირუსის სადღაც გაქრება.

„არსად არ გაქრება კორონავირუსი, კორონავირუსმა მიაღწია იმას, რომ მუდმივი მუტაციის წყალობით მას აქვს მუდმივი უპირატესობა ჩვენს მედიკამენტებზე, ჩვენს ვაქცინებზე. გავრცელების სხვადასხვა მექანიზმებია, სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა შეღწევის გზები.

„ეს არის კორონავირუსის თვისება, რომელიც სრულიად განასხვავებს მას სხვა ტიპის ვირუსებისაგან. არ დამთავრდება პანდემია. ვაქცინების მხრივ პერსპექტივა, რა თქმა უნდა, არის. ახლა ის ვაქცინა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც „დელტა" ვარიანტზე მოქმედებს. „ლამბდა" გამოჩნდა რამდენიმე კვირის წინ და აქტიურად ჩანაცვლდა უკვე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით პერუში.

„შესაძლებელია, „ლამბდა" არ დაემორჩილოს იმ ვაქცინებს, რომელსაც ახლა ვიყენებთ. მაგრამ ვაქცინების წარმოებაში იმდენად დიდი პროგრესია, რომ ვაქცინების მიმართვა ამ ახალი მუტაციის შემდეგ მიღებული ვარიანტისაკენ არის ძალიან სწრაფი და შეიძლება, ერთ-ორ თვეში მოხდეს, ამ მხრივ რესურსები, საბედნიეროდ, დიდია", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „პალიტრანიუსთან".

რაც შეეხება არსებულ ეპიდვითარებას, ოთხშაბათს კორონავირუსის 3141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გარდაიცვალა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით, საქართველო უკვე კორონავირუსის პიკშია და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. მისი თქმით, ეს კვირა იქნება კრიტიკული, რათა პანდემიის მიმართულებაზე მოხდეს დაკვირვება.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი პანდემიასთან საბრძოლველად ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო „იმუნიზაცია არის დამატებითი ბენეფიტი". მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტლების გახსნა და მოხალისეობრივი ჯგუფების შექმნა გახდეს საჭირო.

„ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც იმუნიზაციაში წარმატებული იყო, მაგრამ იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესიც საქართველოში დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით.

„ვირუსის ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა საზოგადოების მიმართ არის, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ, მშობლების ჯანმრთელობას და ახლა უკვე როცა ვხედავთ რამდენად მომატებულია ინფიცირება ბავშვებში, გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს და სისტემას არ გააჩნია ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაშია და ეს სამუშაო მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ დაახლოებით 300 საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, თქვენ იცით, რომ მეორე ტალღის დროს სასტუმროები ეფექტურად გამოვიყენეთ.

„ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაევალა, რომ უნდა მოახდინონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენ ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ასევე, მობილიზებულა ონლაინკლინიკა, რომელიც ბინაზე დაახლოებით 20 ათასამდე პაციენტს მართავს. აქედან გამომდინარე, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება ჯანდაცვის სისტემამ გამოიყენოს, ჩართულია. აბსოლუტურად ყველგან არის გამოცხადებული მაღალი მობილიზაცია",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ირაკლი ხმალაძის შეფასებით, თუ პაციენტებისთის ყველა პირობა შეიქმნება. საველე ჰოსპიტლების გახსნა პანდემიისას ჩვეულებრივი ამბავია.

„ელემენტარულად კლინიკაში ადგილები აღარაა და ჩვენ თუ ყველა დავაწვინეთ, მაშინ მძიმე პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში ვეღარ მოხვდებიან, მთელი აქცენტი ალბათ მძიმე ფორმით დაავადებულ ადამიანებზე იქნება გადატანილი, არაა გასაკვირი, რომ საველე ჰოსპიტალი გაიხსნას, ეს პანდემიის დროს ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ადრე იყო ქოლერა და ა.შ.

„ამიტომ თუ ყველა პირობა შეიქმნება იმისათვის, რომ პაციენტის მდგომარეობა უფრო არ დამძიმდეს, საველე ჰოსპიტალი სრულად მისაღებია, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამ სიტუაციაში ტექნიკის რაოდენობით ვერ დავიკვეხნით, რომ უამრავი სუნთქვის აპარატი გვაქვს და ა.შ."- განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×