“დღევანდელი ოპოზიციის, თუ ხელისუფლების ელიტიდან, თითო-ოროლა პიროვნება თუ მოიძებნება, რომელიც ქვეყანაზე ფიქრობდეს და არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ან მოპოვებაზე“ - ძაბირაძე
თამთა ჩაჩანიძე
28.07.2021

მმართველი გუნდის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პირობების შესრულება კი მათი „კეთილი ნება იქნება", ამას ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებები და ნაბიჯები მოჰყვა,"გირჩი- მეტი თავისუფლება" ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს, „ლელომ" შესაძლოა ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს, „ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" კი დაშლის პირასაა.რაც შეეხება ენმ-ეს პოზიციას, მათი აზრით, ახლა ოპოზიციის ერთობაა საჭირო.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ამით ცდილობს, რომ 43%-იანი დათქმა თავიდან აირიდოს, თუმცა მისი თქმით, ოპოზიციამ, კერძოდ კი „ნაცმოძრაობამ" ამისი საბაბი მისცა.

„ყველზე მნნიშვნელოვანი,რაც დოკუმენტში ეწერა და რისთვისაც „ოცნება" ცდილობს რომ რამენაირად თავიდან აირიდოს, ჩემი აზრით ესაა 43%-ზე რიგგარეშე არჩევნების პირობა, დღეს პოლიტიკური ვითარება ისეა, რომ მმართველი პარტია საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და შესაძლოა ხვალ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს - მხოლოდ და მხოლოდ ერთ საგანთან მიმართებაში და ესაა 43% და პირობა, რომელიც მან გასცა.

„ამასთანავე „ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა იმ სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილებით, რაც ზოგადად ოპოზიციამ და კერძოდ „ნაცმოძრაობამ" მიიღო, აპელირება ხდებოდა, რომ ის დოკუმენტს ხელს არ აწერდა და „ოცნებამ" არგუმენტად სწორედ ეს გამოიყენა.

"თავისთავად, თუ ნეიტრალური პოზიციიდან შეხედავ, სრულიად გამართლებული არგუმენტია, რადგან ოპოზიციის მხრიდან ძირითადი პოლიტიკური პარტია ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს და გამოდის „ქართული ოცნება" ვალდებულებებს ცალმხრივად კისრულობს.

„ზოგადად, რა ვალდებულებებიცაა, ხელისუფლებამ ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნების და დოკუმენტის გარეშე რა თქმა უნდა ისედაც უნდა შეასრულოს, გარდა იმ 43%-ისა და ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ „ოცნება" ამ შეთანხმებიდან გადის, შესაძლოა მათ აქვთ ისეთი ინფორმაცია მაგალითად, რომ „ნაცმოძრაობა" ამ დოკუმენტზე ხელისმოწერას დღეს-ხვალ აპირებდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანია და ახალი ტალღა იწყება.

„მთელი ეს სამი თვე დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ ხელი მოეწერათ და დოკუმენტს შეერთებოდა. კატასტროფული იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება, რომელმაც ფაქტიურად უთხრა, რომ მაიმუნობას თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთო და თავი კი არ დავანებეთ, ესკალაციის ახალ ტალღას ჩავუყარეთ საფუძველი.

„ზოგადად, დღეს ასეთი რეალობა დაგვიდგა, რომ დღევანდელი ოპოზიციის თუ ხელისუფლების ელიტიდან, თითო-ოროლა პიროვნება თუ მოიძებნება, რომელიც ქვეყანაზე ფიქრობდეს და არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ან მოპოვებაზე,"- განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე ოპოზიციის მხრიდან ქუჩის გამოსვლები თუა მოსალოდნელი, ძაბირაძემ განაცხადა, რომ დღეს ეს განწყობა ხალხში არაა.

„ოპოზიცია მუდამ იმუქრება და ცხრა წლის განმავლობაში ერთ რაღაცას ვერა და ვერ მიხვდა, რომ დღეს საზოგადოებაში განწყობა და მოთხოვნა არაა იმის, რომ ქუჩაში გამოვიდეს, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ - დავუშვათ, მედიაზე, თუ სხვა. ოპოზიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცდომას-შეცდომაზე უშვებს. საზოგადოებაში არაა ეს მოთხოვნა, რომ ქუჩაში გამოვიდეს და ამას როგორ ვერ ხვდებიან, არ მესმის.

„რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „ნაცმოძრაობა" ესეთი გახდა და ისეთი, ეს ელექტორატს არ სჯერა და ილაპარაკონ რამდენიც უნდათ, იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკა შეცვალონ და ვითარება გაიაზრონ და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მოსახლეობის განწყობას შეესაბამებოდეს, ძალად ცდილობენ და ყველა ღონეს ხმარობენ, რომ აგრესიაზე წავიდნე, რაზეც საზოგადოება არ მოყვება. შესაბამისად ოქტომბერში რამდენიც არ უნდა ეცადონ, მაინც არ მოხდება ის, რაც უნდათ, კი ბატონო იქნება კარვები, კიდევ ასი დღე იქნება და იქნება, სულ ესაა." - თქვა მან.

„ლელოს" მიერ ადგილობრივ არჩევნებზე შესაძლო ბოიკიტირებაზე ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს სწორი არ იქნება.

„ოპოზიცია ერთიანი არაა, არჩევნებში ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობას მიიღებს, ამიტომ, არჩევნების ბოიკოტზე რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ის, რაც სადღაც ევროპაში მოხდა, ვიღაცის მიერ გაკეთებული სვლა არ შეიძლება აიღო და საქართველოს რეალობაში გადმონერგო, ეს არაა სწორი და ამას უნდა მიხვდნენ, ეს თითქოს მარტივია, მაგრამ ვერ ხვდებიან.

„კარგი, ვთქვათ გამოაცხადეს ბოიკოტირება და „ნაციონალები" და ყველა შეუერთდნენ, მერე რა? არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ელისაშვილი, „გირჩი", ინჯია, გახარია, „სტრატეგია აღმაშენებელი" და ისევ სალაპარაკო დარჩება, რომ „ნაციონალები" მონაწილეობას არ იღებენო, ამით რა შეიცვლება?

"დღეს ქვეყანაში ის ვითარება არაა, რაც 2003 წელს იყო. არც ის ოპოზიციური ძალა, რომელიც დღეს წამყვანია არაა ისეთი, რომელიც ოპოზიციური ამომრჩევლის გაერთიანებას შეძლებს. სხვა გზებია საძებარი, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში ერთსა და იმავეს ვუყურებთ,"- განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×