„მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ გაკეთებული ვაქცინის ორივე დოზა, დღესაც შეუძლიათ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა“ - ინფექციონისტი
თეონა ვეშაგური
28.07.2021

ყველა ქვეყანას ინდივიდუალური შეზღუდვები გააჩნია საზღვრებზე სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მიღებასთან დაკავშირებით - ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას და აღნიშნა, რომ იმ მოქალაქეებს, რომელთაც უკვე აქვთ ჩატარებული ორივე დოზით ვაქცინაცია, დღესაც შეუძლიათ გადაკვეთონ საზღვარი და იმოგზაურონ.

"ყველა ვაქცინირებულ მოქალაქეს ეძლევა ორენოვანი საბუთი, რომლის საშუალებითაც, აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები აღიარებენ ვაქცინას, რომლითაც აცრებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ახორციელებს.

„ვაქცინირებულ პირებს ამ მხრივ არ აქვთ შეზღუდვები - უბრალოდ, შესაძლოა, ზოგიერთმა ქვეყანამ ჩვენგან, როგორც ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით "წითელი ზონის" ქვეყნიდან, არ შეუშვას მოქალაქეები.

„ყველა ქვეყანას საზღვრებზე ინდივიდუალური სანქციები აქვს დაწესებული, ზოგიერთი სახელმწიფო ითხოვს მხოლოდ ვაქცინაციის საბუთს, ზოგიერთი კი დამატებით PCR ტესტის შედეგებსაც" - განაცხადა გოგინავამ.

აქვე ცნობილია, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება ვაქცინირებულ პირებს იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ, - რის შესახებაც ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ვაქცინაციის პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი; ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი; სამედიცინო დაწესებულების დასახელება; ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე", - აცხადებენ სამინისტროში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×