
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი პანდემიის თემით დაიწყო და აღნიშნა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა - მისი თქმით, საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდვაქცინების 2 მილიონზე მეტი დოზაა მობილიზებული.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას - დროულად ჩავიტაროთ აცრები. ჩვენ უკვე მაქსიმალურად გავაფართოეთ ვაქცინაციის არეალი, ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს.
"გვინდა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიდეთ, რომ მოსახლეობას ადგილზე მივუტანოთ ვაქცინა. რა თქმა უნდა, სწორი კომუნიკაცია არის საჭირო. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო.
"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც წინა კვირას ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა ვიღაც დეზინფორმატორებს, რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სხდომაზე, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც ის აღნიშნავს, თუ რეგიონის ქვეყნებსა და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს გადავხედავთ, საქართველოს მსგავსი ეკონომიკური ზრდა ბევრგან არ არის.
"რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის არის სწორი გზა, რომ ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. მაღალი ტემპი, როგორიც არის ჩვენ ქვეყანაში და გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ, არის კარგი და სასიხარულო ამბავი", - განაცხადა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაიხსნა ევროკავშირის, რუსეთის და ჩინეთის ბაზრები, რაც აისახა კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე.
„სწორედ ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით ჩვენ გავხსენით ბაზრები ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი ბიზნესებისთვის. მაგალითად, 2012 წელს დაკეტილი იყო ყველა ბაზარი პრაქტიკულად.
"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ევროკავშირის ბაზარი, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მეღვინეებისთვის, რომ ყოველგვარი ტარიფის გარეშე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია.
"მეორე - რუსეთის ბაზარი გავხსენით, რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. ჩინეთის ბაზარი - ჩინეთთანაც მოვაწერეთ ჩვენ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. ეს ყველაფერი ჯამში რა თქმა უნდა აისახა ჩვენი კომპანიების, მეღვინეების და ფერმერების კეთილდღეობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე, ყურძნის სუბსიდირების საკითხზეც გაამახვილდა ყურადღება.როგორ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება მინიმუმ 90 თეთრი იქნება.
"ერთი კილოგრამი რქაწითელი არანაკლებ 90 თეთრი ეღირება. აქედან სახელმწიფოსგან დამატებით კომპანიები 35 თეთრს მიიღებენ. ანუ, მოსახლეობა მიიღებს რეალურად ამ დანამატს. ჯამში მინიმუმ 90 თეთრი იქნება კილოგრამი ყურძნის ფასი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები. მისი შეფასებით, წამლების ფასი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია და ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს.
„ამის თაობაზე ყველა უკიდურესად შეწუხებული და შეშფოთებულია. მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს აღნიშნულ ანგარიშზე. მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს რამდენიმე დღეში. ასევე, მინდა, დავავალო ჯანდაცვის მინისტრს, მასთან მჭიდრო კოორდინაციაში ვიყოთ და დროულად წარვუდგინოთ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი და შემდეგ რეალურად გამოსავლის გზები დავსახოთ.
"არ მინდა, წინასწარი დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, რადგან ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, მთავრობის სხდომაზე პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების საპროცენტო განაკვეთის დაწევის შესახებ ისაუბრა. პრემიერმა, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.
„მინდა, მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო. პარლამენტში დაისვა საკითხი მტკივნეულ თემაზე, რომელიც აწუხებს ჩვენს პენსიონერებს - არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ჩვენ ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გავმართეთ.
"მეც მქონდა პირადად ბანკის ხელმძღვანელობასთან საუბარი და შევთანხმდით, რომ შეიქმნებოდა საპარლამენტო კომისია. მე ეს დაპირება გავეცი პარლამენტში ერთი თვის წინ. შესაბამისი განკარგულება გამოვეცი 28 ივლისს, შევქმენით უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევანი (დავითაშვილი) უხელმძღვანელებს.
"მოვიწვიეთ პარლამენტის წევრებიც, რომლებიც ჩაერთვებიან აღნიშნული კომისიის მუშაობაში. ბუნებრივია, ჩართული იქნება ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გამოსავალი უახლოეს პერიოდში.
"შედარებისთვის, 2012 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, პენსიონერებისთვის საბანკო სესხის პროცენტი 100-120%-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობა იყო და ახლა არის 35%, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კიდევ უნდა დაიწიოს პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურებამ და ამ გადასახადმა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა მან.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ეკონომიკის მინისტრი სხდომაზე წარმოადგენს ახალ პროექტს, რომელიც ეხება მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას.
"დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, "აწარმოე საქართველოს" პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტები და დამტკიცდება მეწარმეობის მხარდაჭერის რამდენიმე ახალი მექანიზმი, რომელიც გაზრდის სესხის თანადაფინანსების და თანაგარანტირების შესაძლებლობებს. ასევე, მეწარმეებისთვის დაბალპროცენტიანი საბანკო რესურსის ან სპეციალური გრანტების შესაძლებლობას.