“თუ ჩვენ 4000-5000 ახალ შემთხვევაზე ავედით, სხვა გზა არ დარჩება თუ არა შეზღუდვები“
თამთა ჩაჩანიძე
02.08.2021

დღეს საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 10%-მდეა, ხოლო სპეციალისტთა შეფასებით, თუ სრულად მოსახლეობის მინიმუმ 30% აიცრება, პანდემიის მსვლელობაზე პირველადი დადებითი ზეგავლენა იქნება, 60%-ზე მეტის ორი დოზით აცრა კი ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსს დავამარცხებთ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობას პანდემიის მართვაში ორი ამოცანა აქვს, ერთის მხრივ ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, ხოლო მეორეს მხრივ კორონავირუსული სიტუაციის მართვა, ამ სიტუაციაში კი გამოსავალი ვაქცინაციაა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ვითარება, სიტუაცია უნდა ვმართოთ. გვესმის, რომ ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდა და აღდგენა, მეორე მხრივ, უნდა ვმართოთ სიტუაცია - ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მთავარი გამოსავალი ამ შემთხვევაში ვაქცინაციაა.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2 000 000-ზე მეტი ვაქცინა გვაქვს და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ დროულად ჩავიტაროთ აცრები.

„ვამატებთ ვაქცინაციის პუნქტებს, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა სოფელში გვინდა, ეტაპობრივად ჩავიდეთ და მოსახლეობას ვაქცინა ადგილზე მივუტანოთ. უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა დეზინფორმატორებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის ზრდა.

„ქვეყანა დაკეტვებს და შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს. ჩვენ თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა, ერთ ორ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, შესაბამისად, ვაქცინა გვიცავს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს და ამ დროისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 161 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო ერთი დოზა გაიკეთა 506 ათასზე მეტმა პირმა. ქვეყანაში ვაქცინაცია ტარდება ვაქცინებით: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".

ვაქცინები მუშაობს! - ამის შესახებ ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, ის აშშ-ის მოსახლეობის კოვიდ-სტატისტიკის განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს და საქართველოს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„19 ივლისის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 161-მილიონი ადამიანი სრულად ვანქცინირებულია,

აქედან:

- ჰოსპიტალში მოხვდა 5 601 ადამიანი ანუ 0.0035%

- გარდაიცვალა 1 141 ადამიანი ანუ 0.0007%

ამავე პერიოდში აშშ-ში ინფიცირებული ადამიანია 35 მილიონი (მაქსიმუმ არადიაგნოსტირებული და უსიმპტომო ფორმები რომ ჩავთვალოთ 90-100 მილიონი)

- გარდაიცვალა 629 315 ათასი ადამიანი ანუ 1.76%. ვაქცინები მუშაობს!", - წერს კულუმბეგოვი.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნჯავს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 10%-მდეა აცრილი და პირველად შედეგებს 30%-ის აცრის შემთხვევაში მივიღებთ - ამ შედეგებამდე კი ჯერ შორს ვართ.

„თუ მოსახლეობის მინიმუმ 30% ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, ეს პანდემიის მიმდინარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს და გაუმჯობესებას დავინახავთ. ჯერჯერობით ამ ციფრებისგან ძალიან შორს ვართ, ხოლო თუ მოსახლეობის 60%-ზე მეტი აიცრა, ამ შემთხვევაში ფაქტიურად ითვლება, რომ პანდემიის მიმდინარეობა უკვე დასასრულისკენ იქნება.

„აცრები 16 წლის ზემოთ ტარდება, როგორც ვიცი დღეს ორჯერადად აცრილებში 10%-ს არ ავცილებივართ,"- განაცხადა მან.

ინფექციონისტმა არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას, თქვა, რომ არსებული მონაცემები საყურადღებოა, რადგან შესაძლოა მედპერსონალის რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდეს და კლინიკური სექტორი დიდ დატვირთვას მიიღებს.

„ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ დღეს, რომ 1 655 შემთხვევა დაფიქსირდა, ვიცით, რომ შედარებით ნაკლები ტესტი გაკეთდა, ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში ყოველდღიური მაჩვენებელი ორიათასიდან სამიათასამდე იქნება, რაც ძალიან საყურადღებოა და ამიტომ კლინიკური სექტორი და ჰოსპიტლები საკმაოდ დიდ დატვირთვას მიიღებს.

„უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ალბათ მზარდი იქნება, თუ მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციები იქნება დაცული და სახელმწიფო რეგულაციებს გაატარებს, ამ შემთხვევაში ალბათ 2-3 კვირის შემდეგ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციისკენ წასვლას შევნიშნავთ.

„როგორც ვიცი, საწოლების რაოდენობა არის და პაციენტები გარეთ არ რჩებიან, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი პრაქტიკულად მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

"საქმეს ართულებს ის, რომ მედპერსონალი საკმაოდ გადაღლილია, საწოლების დეფიციტი პრობლემა არაა, ამის შევსება შესაძლებელია, მაგრამ ადამიანური რესურსის შევსება ძალიან გაჭირდება. რადგან მედპერსონალის უმრავლესობა ძალიან გადაღლილია და რა თქმა უნდა რაც უფრო დრო გავა, ეს გადაღლა მათზე უფრო ცუდ გავლენას მოახდენს.

„ჩემი ზრით, სახელმწიფო ამ ეტაპზე შეზღუდვებისგან თავს შეიკავებს, იმიტომ, რომ ზაფხულია და ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ თუ ჩვენ 4000-5000 ახალ შემთხვევაზე ავედით, სხვა გზა არ დარჩება თუ არა შეზღუდვები," - განაცხადა გოგინავამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა განაპირობა როგორც „დელტას" შტამის ცირკულაციამ, ასევე ხალხმრავალმა შეკრებებმა და რეკომენდაციების არშესრულებამ. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია დაიცვან და პირბადე ატარონ.

„დელტას" შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით 2-ჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. „დელტას" შტამი ცალსახად ერთ-ერთი მიზეზია ინფიცირებულთა ზრდის. მეორე მიზეზია ის,რომ მოსახლეობამ არასწორად გაიგო იმ შეზუდევის მოხსნა, რაც განხორციელდა.

„ჩათვალეს, რომ ის შეზღუდვები,რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესისა და ეკონომიკისთვის, მოიხნა, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადეების ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

„ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები, ყველაფერი ამისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივადა არ წავა კლებისკენ ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება",-განაცხადა ინფექციონისტმა.

ამბობს, რომ შეზრუდვების შემოღება-არშემოღება არა ახალი შემთხვევების ზრდით, არამედ იმით უნდა განისაზღვროს, რომ კლინიკური სექტორი რამდენად მზადაა, რომ გადატვირთვებს გაუძლოს.

„ახალი შემთხვევების რიცხვით არ უნდა განისაზღვროს იმდენად შეზღუდვების შემოღება-არშემოღება, რამდენადაც იმით, კლინიკური სექტორი რამდენად იქნება მზად რომ ამ გაზრდილ დატვირთვებს გაუძლოს. სანამ ჯანდაცვის სექტორს შეუძლია, რომ მიიღოს ზრდადი დატვირთვები და მართოს პაციენტთა ნაკადი ნორმალურად ისე, რომ არ შეიქმნას კრიტიკული სიტუაციები, როგორც იყო ნოემბერ-დეკემბერში, მანადმე შეზღუდვების შემოღებას და უკან დაბრუნებას მე არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ.

„საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ ის სიტუაცია, რაც დღესაა,არ არის იმის გარანტია, რომ ეს სტაბილურად შენარჩუნდება.შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი. აი, ეს უნდა გაითავლისწინოს ყველამ. გამოვიყენოთ პირბადეები, როგორმე თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებისგან და ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია", - განაცხადა ცერცვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×