ია აბულაშვილი
02.08.2021

პარტია "ქართული ოცნების" თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და მმართველი გუნდი მსგავს დოკუმენტს ხელს მომავალში არ მოაწერს, რაც არ უნდა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას ქვყანაში. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, კობახიძის განცხადებით, დოკუმენტის ფარგლებში დაბრუნება გამორიცხულია.

"ჩვენ არ მოგვისმენია მოწოდებები 100 დღის მანძილზე რადიკალური ოპოზიციის მიმართ. 4 პოლიტიკური პარტია არ აწერდა ხელს ამ დოკუმენტს. მეტი აქტიურობა რომ ყოფილიყო, მაშინ შეიძლება მოეწერათ ხელი, თუმცა, ახლა ყველაფერი ძალიან დაგვიანებულია.

"ბავშვები არ ვართ, პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გადაწყვეტილებას არ გადავხედავთ, ვერ გადავხედავთ; უპრინციპობას ჩვენ ვერ გვაპატიებს ჩვენი ამომრჩეველი. ეს შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას ჩვენ არასდროს მოვაწერთ ხელს"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ხელშეკრულების გაუქმების უფლებას არავინ მისცემს და იმედი აქვთ, რომ მალე თვითონ "ოცნება" იქნება ანულირებული.

"ვფიქრობ, რომ მალე ვნახავთ თვითონ "ქართულ ოცნებას" ანულირებულს, როგორც პოლიტიკურ ძალას, იმიტომ, რომ ისინი მიიღებენ სამარცხვინო შედეგს 2 ოქტომბერს. "ოცნება" ვერ მოახერხებს ამ უნივერსალური შეთანხმების გაუქმებას, რომელსაც ჰქვია, ქართულ-ევროპული მომავლის საგზაო რუკა" - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

იაგო ხვიჩიას, "გირჩის" ლიდერს, ეჭვი აქვს, რომ "ნაციონალები" და "ოცნება" ერთ თამაშს თამაშობენ. " ჩვენ, ხომ დავდეთ კონტრაქტი, ჩვენ ხომ არაფერი დაგვირღვევია, ჰოდა რა ვიფიქროთ ასეთ შემთხვევაში, მე საერთოდ იმასაც ვუშვებ, რომ "ნაცები" და "ოცნება" ერთ თამაშს თამაშობენ, ერთმა ხელი არ მოაწერა, მეორე გავიდა შეთანხმებიდან" - აცხადებს იაგო ხვიჩია.

19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, მით უფრო იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები აკეთებენ.

როგორც "რეზონანსთან" პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, აუცილებელია მოიძებნოს ისეთი მექანიზმები, რომ ქვეყანას ზიანი არ მიადგეს.

"ეს ხელშეკრულება აღმოჩნდა მძევალი ორ პოლიტიკურ ძალას შორის -"ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის. ეს ორი პარტია არის დომინანტი ამ საქმეში და მათმა არაჯანსაღმა მიდგომამ განაპირობა ხელშეკრულების ჩავარდნა.

"ამ ორ პარტიას არ აინტერესებს არც ქვეყნის ინტერესები, არც საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესები და რაც მთავარია, ამომრჩევლის ინტერესები. სხვა პარტიებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას, აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.

"რა ბედი ელის ამ შეთანხმებას უახლოეს პერიოდში, პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა დაანონსებულია რომ შარლ მიშელი კიდევ ეცდება მოლაპარაკებას პარტიებთან, თუ აქადენაც არაფერი გამოვა, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგება.

"არ გამოვრიცხავ კრიზისს არჩევნების შემდეგ, ამას დამატებული დასავლეთის რეაქცია, რომელიც შეიძლება უფრო კრიტიკული იყოს ამ პირობებში ჩატარებული არჩევნების მიმართ.

"რაც შეეხება ოპოზციას, მე ვფიქრობ, სიხისტე და რადიკალური ინსტიქტები არის მისი სისუსტე. ცალ-ცალკე ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში, ამიტომ უნდა მოხდეს ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია და დაანახონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არიან სანდო საყრდენი და კეთილგონიერი აქტორები, რომლებიც განსხვავდებიან ხელისუფლებისგან"- აცხადებს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, "ოცნების" პოზიციის შესაცვლელად ერთადერთ ვარიანტად დასალეთიდან ზეწოლას მიიჩნევს.

"ერთადერთი ვარიანტი, რომ "ოცნებამ" რაიმე პოზიცია შეცვალოს, ეს არის დასავლეთის ზეწოლა. არის ამის მექანიზმები, მაგრამ, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე მკაცრი სანქციები იქნას გამოყენებული.

"დასავლეთს შეიძლება "ქართული ოცნება" გულზე დიდად არ ეხატებოდეს, მაგრამ, თუ შეთანხმებას ის არ ასრულებს, არ ასრულებს არც ოპოზიცია, მით უფრო, რომ "ოცნებას" დასავლეთთან სალაპარაკოდ "ნაცმოძრაობის" მოქმედებებთან დაკავშირებით თემა მუდმივად აქვს.

"რაც შეეხება სხვა პარტიებს და მათ მომავალს შეთანხმების ანულირების შემთხვევაში, რამდენი ხანია ვეუბნებოდი, ნუ აირევით "ნაცმოძრაობასთან", შედგად რა მივიღეთ? ერთმანეთში არეულები და დარეულები არიან. ოპოზიციაში უნდა გაჩნდეს ჯანსაღი ძალა, ამასაც დიდი ხანია ვამბობ" - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×