
მასობრივ თავყრილობებზე, მათ შორის ქორწილებსა და ქელეხებზე, მხოლოდ ის მოქალაქეები იქნებიან დაშვებული, რომელთაც გავლილი ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი, ან პისიარ ტესტის უარყოფით პასუხს წარმოადგენენ. ეს და რამდენიმე მსგავსი რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე წარუდგინა საკოორდინაციო საბჭოს და როგორც ცენტრში აცხადებენ, ამ რეგულაციების იგნორირების შემთხვევაში, სხვა, გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო.
სამშაბათს კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა შარშანდელი შემოდგომის შემდეგ პირველად მიუახლოვდა 5 000-ს. სპეციალისტები ამას ნამდვილ კატასტროფად აფასებენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოსავალს დღეს მოქმედი ყველა რეგულაციის ხარისხიანად აღსრულებაში ხედავს.
„განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ნებისმიერი სახის თავყრილობაზე - იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, ფესტივალი თუ სხვა. ეს დავალება შესაბამის ორგანოებს მიეცა და აღსრულება აუცილებლად გამკაცრდება.ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით, ან „პისიარ" თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ.
„თუ ეს და კიდევ რამდენიმე ჩვენი წინადადება შესაბამისად არ იქნება აღსრულებული, მაშინ სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება ინიციატივები. ჩვენ ყველა პარამეტრით დღეს გვაქვს იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები", - განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით კი, დღეს საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკია, რომელიც ამ დონეზე ათი დღის განმავლობაში იქნება. თუმცა, სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილებითა და მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული.
„ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში. ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე", - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება არსებულ ეპიდმონაცემებს, სამშაბათს მკვეთრი ნახტომი გვაქვს - კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო დადებითობის მაჩვენებელი 10.99 %-ია (ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %).
„აცრის სერტიფიკატი, ან „პისიარ" ტესტი წესად უნდა დამკვიდრდეს..."
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე გამყრელიძის წინადადების მომხრეა, იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რაც მეტი ე.წ. მწვანე და უსაფრთხო ზონა იქნება, მით უკეთესია ყველასთვის.
„მე დღესაც ამის მომხრე ვარ, რომ ადამიანი უსაფრთხო გარემოში უნდა იყოს, როგორც სტუმარი და ასევე უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას, როგორც მასპინძელმა. დამადასტურებელი საბუთი უნდა ჰქონდეს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც რუსეთია, ამ ცნობებს ჰყიდის. ანუ აქაც უნდობლობაა.
„მე საკოორდინაციო საბჭოს წევრი არ გახლავართ და მეც დისტანციურად ვიგებ ცნობებს საბჭოდან. საბჭო კარგი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, ბალანსი დაჭრილი აქვთ. მე ამ წუთას საბჭოში ხმა არ მაქვს, მაგრამ მომხრე ვარ, რომ ადამიანები იდენტიფიცირებულები იყვნენ ჩვენი და სხვა ადამიანების უსაფრთხოებისთვის.
„მაგალითად, თუ კლინიკაში ყველა აცრილია, მწვანე კლინიკის სტატუსი უნდა მიენიჭოს, ასევე რესტორნებს. ეს კარგია როგორც სტუმრისთვის, ასევე მასპინძლისთვის. ასევე კონფერენციების შემთხვევაში, რომლებიც გადაუდებლად აუცილებელია, რომ არა ონლაინ, არამედ რელურ რეჟიმში ჩარტარდეს, სასურველია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს, რომ მასზე დასასწრებად, თავისი ნაშრომის წარმოსადგენად, მას აცრის სერტიფიკატი, ან „პისიარ" ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა გააჩნდეს. ეს უნდა დამკვიდრდეს, მაგრამ ეს არა ძალით, არა სანქციით, არა ადამინის დაჭერით და დასჯით, არამედ გონიერი თანამონაწილეობით.
„ჩვენ სულ გვინდა, რომ სანქციებზე ვილაპარაკოთ, ვიღაც დავხვრიტოთ... მე ძალმომრეობის მომხრე არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქცია ყველა კანონს თან ახლავს, რეკომენდაცია კი ამბობს, რომ სანქციის გარეშე ვიაროთ.
„ჩვენ მოწოდების რეჟიმში ვართ. მთელი ცხოვრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამიტარებია, მაგრამ პანდემიის პერიოდში არცერთ ასეთ ადგილში არ ვყოფილვარ. ჩვენი ექიმების ადამიანებისადმო მოწოდებაა, რომ ეს ვირუსი არ დაგვინდობს, თუ ჩვენი შესაძლებლობებით არ მოვერიდებით", - განაცხადა კახაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, კორონავირუსის წინა ტალღებისას, როცა ქვეყნის ჩაკეტვაზე იყო საუბარი, მაშინ არც ვირუსზე იყო ამდენი ცნობები და ქვეყანაც მის სამართავად არ იყო ისე მზად, როგორც დღეს.
„წინათ, როცა ჩვენ ჩაკეტვაზე ვსაუბრობდით, მაშინ ვირუსს ჯერ კარგად არ ვიცნობდით და მართვის რესურსები და მზაობა არ გვქონდა. ახლა თითქმის ყველა კომპონენტი ცნობილია და მრავალდონიანი გამოცდილება გვაქვს. თავად ადამიანებსაც უკვე აქვთ ამის განათლება.
„ახლა უკვე რვა ათასი საწოლია მობილიზებული. 112-ის სამსახური, მიუხედავად შეფერხებებისა, ვითარებას ახლა უფრო გამოცდილი შეხვდა. ასევე ვაქცინაციის ძლიერი კომპონენტი გვაქვს, ადამიანების დიდი ნაწილი დაიძრა და პიკიც კი იყო - 19 ათასი ადამიანი აიცრა ერთ დღეში, აქ უკვე იმედი გაჩნდა.
„შემდეგ არსებობს ლოკალური მართვის სიტუაციები, როდესაც ადამიანებს რეკომენდაციებს ვუწევთ, რომ ორჯერ აცრილები უფრო მეტად მობილურები არიან და მათ მიმართ ნდობა მაღალია როგორც სტუმრის, ასევე მასპინძლის სტატუსით.
„საკოორდინაციო საბჭო შეწონილ გადაწყვეტილებას იღებს, იქ ორი მხარეა ერთი მედიკო-ბიოლოგიური, რომლებიც ძირითადად შეზღუდვების მომხრეა, იმ გაგებით, რომ არსებული რეგულეციები გამკაცრდეს, იმდენი რეგულაციებია ნეტავი იმისი 10% დაგვაცვევინა, პირბადე დისტანცია და თავყრილობებზე ნუ ვივლით, მეორე კი ეკონომიკური მხარეა სადაც ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეკონომიკური ზრდაა," - განაცხადა კახაძემ.
გვეყოფა თუ არა 8 000 საწოლი
ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი აზრით გამყრელიძის წინადადება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს, რადგან სამშაბათს ქვეყანას კორონავირუსის მოულოდნელი მაჩვენებლები აქვს და სახელწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
„ჩემი აზრით უნდა მიიღოს, რადგან დღეს ვნახეთ რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებული იყო და ზრდას ველოდით, ჩემთვის ასეთი ზრდა ნამდვილად მოულოდნელი იყო. ესაა საგანგაშო მაჩვენებელი, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდანაც გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს.
„თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ თავშეყრის ადგილებში გაკონტროლება მოხდება და მხოლოდ იმ ადამიანების თავშეყრა მოხდება, ვისაც ან ორჯერადი ვაქცინაცია, ან მინიმუმ პისიარ კვლევა აქვს ჩატარებული, ეს პეიდსიტუაციის მეტ-ნაკლებ სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს. ვთვლი, რომ ეს მოსახლეობის ინტერესიც უნდა იყოს.
„ნებისმიერი თავყრილობისგან ზოგადად თავი უნდა შევიკავოთ, მაგრამ არის ისეთი ღონისძიება, სადაც ადამიანს სურს რომ დაესწროს. თუ ასეთი ღონისძიებაა, ვეცადოთ, რომ ვაქცინირებულები ვიყოთ, ან „პისიარ" ტესტი ჩავიტაროთ და ისე მივიდეთ, რადგან სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, დაინფიცირების რისკი არ შევუქმნათ. თუ ხალხიც მზად იქნება და თუ სახელმწიფოსგანაც ეს ინიციატივა წამოვა და რეგულაციის სახე ექნება, ცუდი არ იქნება", - თქვა გოგინავამ „რეზონანსთან" საუბრისას.
კითხვაზე რამდენად გასწვდება მოსალოდნელ პიკის ათდღიან ფაზას ჯანდაცვაში არსებული რესურსი შეზღუდვების გარეშე, გოგინავამ თქვა, რომ თუ პაციენტების სწორი გადანაწილება მოხდება, რესურსი საკმარისია.
„8000 საწოლი წესით საკმარისი უნდა იყოს, თუ პაციენტების ტრიაჟი კარგად მოხდება, ანუ თუ კლინიკაში მხოლოდ მძიმე პაციენტები მოხვდებიან. სტაციონარში არიან პაციენტები, რომლებსაც რეალურად სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ. სიმპტომები კი აქვთ, მაგრამ უფრო ეშინიათ და იმიტომ წვანან და არა იმიტომ, რომ ჟანგბადდამოკიდებულები არიან. თუ ჩვენ მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს დავაწვენთ და იმათ, ვისაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ, ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ათ დღე კრიტიკული გვექნება, საწოლების ეს რესურსი საკმარისი უნდა იყოს.
„დღეს არსებული მაჩვენებლები საგანგაშოა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ზუსტად10-14 დღე ძალიან მძიმე გვექნება. გაორმაგდება თუ არა რაოდენობა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ დიდი ალბათობით ასე ხუთი ათასის ფარგლებში დარჩება და შესაძლოა მოიმატოს კიდეც.
„ახლა პროგნოზი რთულია, რადგან ახლა შემთხვევების უმრავლესობა თბილისიდანაა. ზღვისპირეთში არსებული ეპიდსიტუაცია კი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შესწავლილი, იქ მდგომარეობა ახლა უარესდება და ამის შედეგს ცოტა მოგვიანებით მოვიმკით," - განაცხადა გოგინავამ.
რამდენად რეალურია ქორწილებისა და ქელეხების კონტროლი
ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე ფიქრობს, რომ გამყრელიძის რეკომენდაცია რთულად შესასრულებელია, რადგანაც ძნელი იქნება იმის მონიტორინგი, დემონსტრაციების, ქორწილებსა და ქელეხების დროს აქვთ თუ არა უარყოფითი პისიარ ტესტის, ან ორეჯრადად აცრის საბუთი. ამიტომ, მისი აზრით, სჯობს თავშეყრა საერთოდ აიკრძალოს.
„თუ ამდენი საშუალება აქვთ, რომ ყველას პისიარი გაუკეთონ და ასე გაუშვან, ეს არ ვიცი. მეორეც - ამას ვინ შეამოწმებს ცნობა აქვს თუ არა, პოლიცია დადგება თუ ამის მონიტორინგი როგორ იქნება? მე მასობრივ თავყრილობებს ვგულისხმობ, როცა პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური დემონსტრაციებია და ასევე ქორწილები და ქელეხები, თორემ რესტორანში სამი და ოთხი კაცი რომ შევიდეს, მათზე გარკვეული კონტროლის განხორციელება შეიძლება.
„თუ ეს განხორციელდება, იმაზე უარესი ეპიდსიტუაცია არ იქნება, რაც ახლა ხდება. მაგრამ, ჩემი ნება რომ იყოს, ამ პერიოდში კატეგორიულად მოვითხოვდი, რომ თავშეყრა საერთოდ აიკრძალოს.
„ფაქტიურად ომია და რა დროს თავყრილობები და პირბადის გარეშე სიარულია?! მაშინ ყველა ქორწილი აღრიცხული უნდა იყოს და ყოველი ქორწილის და ქელეხის წინ პოლიციის კორდონის გაკეთება უნდა მოხდეს, რომ ის ადამიანები არ შეუშვან, ვინც აცრილები არ არიან და პისიარი არ აქვთ გაკეთებული. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი ეს რანაირად მოხერხდება. თუ განხორციელდება, ეს პირიქით, კარგი იქნება, მაგრამ ეს ძნელად განსახორხციელებელია.
„გაუძლებს თუ არა ჯანდაცვის სექტორი ეპიდსიტუაციას, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ეს რიცხვი რამდენ დღეს გაგრძელდება. 5 ათასი უკვე სერიოზული რიცხვია. ამიტომ სისტემას ცოტა გაუჭირდება და საველე ჰოსპიტლების გახსნა მოუწევს. შეზღუდვები იყო და პრაქტიკულად პიკის პერიოდში მაინც იგივე ხდებოდა. დღეს ვირუსი ხალხში მეტ-ნაკლებად ისეა გამჯდარი, რომ შეზღუდვები მაინცდამაინდ დიდ სიკეთეს ვერ მოგვიტანს.
„ერთადერთი ახლა რა შეზღუდვასაც მივესალმები, ესაა თავყრილობები რომ აიკრძალოს. ამის შესრულება სახელმწიფოს უფრო გაუადვილდება, ვიდრე თავყრილობების მონიტორინგი. დანარჩენ შეზღუდვებს ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს და რა მნიშვნელობა აქვს ვირუსი მოკლავს თუ შიმშილი", - განაცხადა ხმალაძემ.