თეონა ვეშაგური
14.09.2021

გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება დაგეგმილზე ერთი წლით ადრე აიკრძალა. დე ფატო ხელისუფლების გეგმის თანახმად, ეს მომავალ წელს უნდა მომხდარიყო, როდესაც სკოლას დაასრულებდა გალის რაიონის მოსწავლეთა ის ბოლო ნაკადი, რომელთაც თავის დროზე პირველ კლასში სწავლა ქართულად დაიწყეს. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აფხაზეთში ქართულად სწავლება მთლიანად „იატაკქვეშეთში" გადაინაცვლებს.

ახალგაზრდული გაერთიანების „ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება 12 სექტემბერს აიკრძალა.

„დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ფუნქციონირებად სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

„საქმე ისაა, რომ რუსული სწავლება სკოლებში ეტაპობრივად დაინერგა. დამამთავრებელი, მე-11 კლასი კი იყო ერთადერთი, რომელსაც სწავლა ქართულად უნდა დაესრულებინა. დე ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ისინი სწავლას წელს უკვე, ყველა საგანში რუსულ ენაზე გააგრძელებენ.

„ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი. შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს", - ამბობენ ორგანიზაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს გალისა და ახალიგორის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც დიდი რისკის ფასად, ფარულად მაინც აგრძელებენ ქართულად სწავლებას.

„რამდენიმე წელია გალის რაიონში სწავლება გადავიდა მხოლოდ რუსულ ენაზე. მათ უბრალოდ საშუალება მისცეს იმ კლასებს, რომლებიც თავიდანვე ქართული ენით იღებდნენ განათლებას, რომ სწავლა ქართულად დაესრულებინათ.

„ამასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან სერიოზული უფლებათა დარღვევაა ადამიანს არ მისცე შესაძლებლობა ისწავლოს მშობლიურ ენაზე.

„მიუხედავად აკრძალვებისა, ქართული ენის სწავლება მაინც მიმდინარეობს. საბედნიეროდ, გვყავს გმირი პედაგოგები, რომლებიც რისკების მიუხედავად აგრძელებენ ახალი თაობებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიცემას. მართალია, ეს ხორციელდება „იატაკქვეშეთში", რაც დამამცირებელია ჩვენთვის, მაგრამ სწავლა ასე თუ ისე მაინც ხდება.

„დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან სწავლების ენის პროცესებს ადრე უფრო ექცეოდა ყურადღება, გამოავლინეს კიდეც რამდენიმე ფაქტი და პედაგოგებსაც მოუწიათ სამუშაო ადგილის დატოვება ამის გამო. რაც შეეხება ბოლო წლებს, რატომღაც აღარ ხდება ამაზე რეაგირება. როგორც ჩანს, დე ფაქტო ხელისუფლებისთვის მთავარია ღიად არ მიმდინარეობდეს ქართული ენის პროპაგანდა.

„ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდანაც არსებიბს მკაცრი მითითებები, რომ მოხდეს ქართულ ენაზე სწავლების ლეგალიზაცია.

„ვთვლი, რომ საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გალისა და ახალგორის რაიონებში მომუშავე პედაგოგებს, რადგან მათ დიდი რისკის ფასად უწევთ მუშაობა". - განაცხადა ზაქარეისვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ რატომ არ სურს დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ქართული ენაზე განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

„რასაც ისინი აკეთებენ, ძალიან უგუნური პოლიტიკაა. ცდილობენ როგორმე ახალგაზრდობას წაართვან უფლება ისაუბრონ ქართულ ენაზე. იძულებულს ხდიან განათლება მიიღონ რუსულად, და შესაბამისად, ორიენტირება მოახდინონ აფხაზეთზე; ანუ, როდესაც ზრდასრულები გახდებიან, ენის ბარიერის გამო სასწავლებლად ან სამუშაოდ წავიდნენ არა საქართველოში, არამედ რუსეთში. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთში წასული ახალგაზრდები თავიანთ რესურსებს აფხაზეთს მოახმარებენ და კვლავ დაბრუნდებიან უკან, ხოლო „საქართველოში წამოსულები" აქ დარჩებიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×