თეონა ვეშაგური
14.09.2021

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამ მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებან საპარლამენტო უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ ბავშვებისთვის სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნა პრიორიტეტი უნდა იყოს.

საქართველოში სწავლა 15 სექტემბრიდან ონლაინ რეჟიმში იწყება და ხელისუფლების გეგმით, ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში უნდა აღდგეს. ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენენ პირველკლასელები, რომლებსაც სწავლა 4 ოქტიმბერს ეწყებათ.

თუმცა, მანამდე გადაუჭრელი რჩება საკითხი - 4 ოქტომბრიდან ყველა საგანმანათლებლლო დაწესებულებაში აღდგება სწავლა, თუ მხოლოდ იმ რეგიონებში, გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. მაგალითად, საკოორდინაციო საბჭო განიხილავს რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც სწავლა უნდა აღდგეს მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე მეტი არ იქნება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ სწავლა მხოლოდ იმ სასწავლებლებშ აღდგეს, სადაც პედაგოგთა მინიმუმ 80% იქნება აცრილი.

არის სხვა მოსაზრებაც - რომ აუცრელ პედაგოგებს საერთოდ აეკრძალოთ გაკვეთილების ჩატარება და მოსწავლეებთან კონტაქტი.

არის კიდევ ერთი პრობლემაც - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მშობელთა ნაწილი მოითხოვს, რომ მათ შვილებს საკლასო ოთახში გაკვეთილი არ ჩაუტაროთ აუცრელმა პედაგოგებმა.

„რეზონანსი" შეეცადა ამ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცი განათლების სამინისტროსგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში ბავშვთა უფლებებსა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს. მისივე თქმით, თუ მასწავლებელთა ნაწილს ამა თუ იმ მიზეზის გამო არ სურს აცრა, ეს მათი უფლებაა. თუმცა, მათი უფლებების დაცვა არ უნდა მოხდეს ბავშვთა უფლებების დარღვევის ხარჯზე.

„აუცრელი პედაგოგების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო გამოიტანს გადაწყვეტილებას. თუმცა მე მგონია, რომ ვცხოვრობთ გონიერი ადამიანების ეპოქაში, ამიტომ კომპეტენტური და საკითხში გარკვეული ადამიანების საუბარი მისაღებია საზოგადოებისთვის.

„მინდა, რომ საზოგადოებამ სიტყვას დაადოს ფასი და არა სანქციებს. მოსახლეობის უმეტესობა გაიძახის, რომ უნდა დავიცვათ ადამიანის უფლება და მისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ შემთხვევაში, თუ ისინი იცავენ თავის უფლებებს, ვინ უნდა დაიცვას ბავშვთა უფებები?

„ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი უფლებები ისე, რომ სხვისი უფლება არ დაარღვიოს. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ხელისუფლება იძულებულია მიმართოს გარკვეულ შეზღუდვებს. ისინი კი გამოდიან და აცხადებენ, რომ მთავრობა მათზე ძალადობს.

„შევხედოთ ამერიკას - ამ ქვეყნის პრეზიდენმა მიმართა დასჯის მეთოდებს და განაცხადა, რომ არსად მიიღონ აუცრელი ადამიანები. ასევე დაწესდა ჯარიმები იმ პირთათვის ვინც პირბადის გარეშე გადაადგილდება. რა გამოდის - რომ იქ კარგია მსგავსი შეზღუდვები და საქართველოში ცუდი?

„როდესაც ხელისუფლება ქვეყანაში ამკაცრებს სანქციებს, გამოდიან და ამბობენ - რატომ გვიზღუდავთ უფლებასო; როცა ხსნის შეძღუდვებს - რატომ არ აწესებთ სანქციებსო... ერთი ერთს ამბობს და მეორე მეორეს - ესაა პრობლემა. ჩვენ რასაც მოსახლეობა დაგვიკვეთავს, იმას გავაკეთებთ, ამიტომ აირჩინონ მათ რა სურთ.

„მართლები იქნებიან ის მშობლები, ვინც არ გაუშვებს ბავშვს აუცრელი პედაგოგის კლასში. ხელისუფლება სთავაზობს ამ განათლებულ ადამიანებს, რომ დავახვედროთ ბავშვებს უსაფრთხო გარემო. ეს წინადადება ცუდია? თუ ეს არ სურთ და გვერდით უდგებიან ანტივაქსერებს, მაშინ მშობლებიც არ გაუშვებენ ბავშვს სკოლაში. ამიტომ უნდა განვსაზღვროთ რა არის სწორი", - განაცხადა კახაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის აზრით, ეპიდმდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე სასწავლო პროცესი შეიძლება კვლავ დისტანციურად გაგრძელდეს. ამასთან, როგორც მან „ქრონიკას" განუცხადა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა მხოლოდ იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილი.

„ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ იმისთვის, რომ შემდგომი გართულებები და ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ. სასწავლო პროცესი დისტანციური მანამდე იქნება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება", - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.

უფრო რადიკალური პოზიცია აქვს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერ დევი ტაბიძეს. როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაცია აუცილებელია.

„სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება საკლასო ოთახში შევიდეს.

„მე პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები.

„თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მაგალითად, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა" ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა ტაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×