თამთა ჩაჩანიძე
13.10.2021

„ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის 14 ოქტომბრის „აქციის კარი ღიაა", თუმცა მათი დიდი ნაწილი ღიად პასუხობს, რომ პროტესტს არ შეუერთდებიან - ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიების ეს გზავნილი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ არ სურთ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღიარონ.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას საზოგადოებას სააკაშვილი მოწოდება გადასცა, რომ აქციაზე წავიდნენ, რადგან ეს არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ „ეს არის საერთო სახალხო აქცია".

„მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება და დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები, გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა, კიდევ უფრო გამძაფრებულია - საუბარია გადაადგილების სირთულეზე, საუბარია მოტორიკის ცვლილებაზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევი პრობლემაა.

„უნდა ითქვას, რომ მიშა მორალურად არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია - ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არ არის მართლმსაჯულების საკითხი, ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ეს არის მიუღებელი, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში. ხვალ ხალხის სიმრავლეს და ხალხის მკაფიო ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ბასილაიამ.

„ევროპული საქართველო" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა და მიზეზიც განმარტა, რომ ეს აქცია კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვისაა.მისივე თქმით, აქციას არაზუსტი ამოცანა აქვს და ამაზე მისი პარტია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ამ ფიგურებმა, ჩარკვიანმა და ასე შემდეგ, სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილმა შექმნა ამოცანა და მოლოდინი, რომ ხვალ უნდა გადაწყდეს ყველაფერი, რომ უნდა გათავისუფლდეს სააკაშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე მეორე ტურში გასვლას აზრი არ აქვს. ზოგადი მიდგომაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაშია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გასაღები.

„ეს მე არასწორ მოლოდინად და არარეალისტურად მიმაჩნია და არ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არ მგონია, რომ შესრულებადია. არ მგონია, რომ სწორი მიდგომაა. მიზანშედეგობრივი კავშირი პირიქითაა - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაა პოლიტიკური დევნის დასრულების გასაღები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების და არა პირიქით. ერთია, როდესაც გზავნილია, რომ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და პრობლემა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მოტივებით ზის ციხეში, რაც ღარიბაშვილმა ღიად და უტიფრად გვითხრა.

„მეორეა, თუ აქცია არის კონკრეტული ლიდერის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, რომ ის არის მხსნელი, ეს პრაქტიკულად და სტრატეგიულად შეცდომაა. ზოგადად, უნდა მივეჩვიოთ, რომ როდესაც პოლიტიკოსი მიდის პოლიტიკურ ღონისძიებაზე პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო საკუთარი მომხრეების, არამედ ყველას წინაშე. არაზუსტი ამოცანაა და არ ვიცით, რას აპირებენ და როგორ, ამიტომ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე.

„დიდი შეცდომა იმათგან, ვინ სააკაშვილის მხარდამჭერია მარტო როგორც პოლიტპატიმრის კი არა, პოლიტიკოსის, ასეთ ვითარებაში ამ ტიპის გამყოფი კამპანიის წარმოება მეორე ტურის წინ არასწორია. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რაც არ უნდა თქვან ამა თუ იმ პოლიტიკური გაერთიანების, მათ შორის სააკაშვილის გარემოცვის ექსტრემისტულმა წარმომადგენლებმა, ეს არ ცვლის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ამოცანას და მეორე ტურში ყველგან, ოპოზიციის კანდიდატს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" არიან, დავუჭიროთ მხარი",- განაცხადა ბოკერიამ.

ამავე აზრისაა „ლელოც", პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ აქცია „ნაცმოძრაობის" მიერაა რგანიზებული და როგორც პარტია მონაწილეობას არ იღებს.

"ჩემი პერსონალური პოზიციაა, რომ ეს ვენდეტა არ უნდა იყოს. განსაკუთრებით, როცა საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი პროკურორების და სასამართლოს მიერ "ქართული ოცნების" პერიოდში გამოტანილ ბრალდებაზე. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა დავასრულოთ. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ ის იყოს გარეთ, მაგრამ პოლიტიკური პარტია "ლელო" ხვალ ამ აქციას არ შეუერთდება.

„თუმცა, ყველას აქვს თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რომ მივიდეს და თავის პოზიცია დააფიქსიროს. ახლა ყველაზე მთავარია, ჩვენ ფოკუსი გავაკეთოთ მეორე ტურზე, რადგან იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, "ქართული ოცნება" უნდა ჩამოვაშოროთ მართვას.

„მე პერსონალურად არ შევუერთდები აქციას. აქციის ორგანიზება გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ", როცა აქცია იგეგმება, ეს არის პასუხისმგებლობა და პარტიამ უნდა იცოდეს რა არის ამის გაგრძელება, რა მეთოდებით ხდება შემდგომი სვლა, გრძელდება, მთავრდება, ბოიკოტის რეჟიმში გადადის - ჩვენთვის ასეთი საკითხები ცნობილი არ არის, შესაბამისად, როგორც პარტია არ ვიღებთ მონაწილეობას,"- განაცხადა ხაზარაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" 14 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია დაანონსა, სადაც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პატიმრობას, დასავლეთის ოფიციალური ინსტიტუტებიდან გამოხმაურება არ ჰქონია, ამიტომაც რამდენათასიანი აქცია ჩატარდება, ამას მისი თქმით, აზრი არ აქვს.

„აქცია მრავალათასიანი იქნება თუ არა, ამას უკვე „ნაციონალური მოძრაობისთვის"გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად აღარ აქვს, რომელიც თავის გავლენებს ძალიან კარგავს, როგორც შინ, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„იმასაც არა აქვს მნიშვნელობა „ნაცმოძრაობის" დაბალპროცენტიანი სატელიტი პარტიები ღიად დაუჭერენ მხარს და შეუერთდებიან თუ არა, ფაქტია, რომ არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად შედგა, ის გზავნილი, რომ თითქოს გაყალბებულია და „ოცნება" ოპოზიციის მიერ შექმნილ, ე.წ. ხელოვნურ ჩამკეტს 43%-ს ვერ გადალახავდა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

„ყველაზე მთავარი ისაა, რომ დესტრუქციული ოპოზიციის მთავარი კოორდინატორი, მსჯავრდებული სააკაშვილი სატუსაღოშია, დასავლეთის ოფიციალური ინსტიტუტებისგან მას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამას „ნაცმოძრაობა" მშვენივრად ხედავს, რომელსაც მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ არარსებული პოლიტიკური გავლენებისთვის იბრძოლოს, რომელიც შედგომი დაშლისთვის განწირულია.

„რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ვფიქრობ ისინი უნდა გადალაგდნენ ისე, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ორბიტას საბოლოოდ ჩამოსცილდნენ. რაც შეეხება მათ აქციისადმი უარს, ისინი აცნობიერებენ, რომ სააკაშვილს დასავლეთში ისეთი გავლენები აღარ აქვს, მხოლოდ რამდენიმე დაქირავებული უცხოელი ლობისტი შერჩა.

„მათი მოლოდინი, რომ დასავლეთი შეშფოთდებოდა, შეიცხადებდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრის გამო, ეს არ გამართლდა - ამას მშვენივრად ხედავენ ბოკერიაც, ხაზარაძეც და სხვებიც და როგორც ჩანს ისინი უკვე დისტანცირებას აპირებენ, მაგრამ ვურჩევდი, რომ სააკაშვილის ფიასკოსათვის განწირული ორბიტიდან საბოლოო დისტანცირება მოახდინონ.

„მნიშვნელოიბა არ აქვს აქციაზე რამდენი ათასი ადამიანი მივა, ეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაა, ვისაც რა უნდა კანონის ფარგლებში გააპროტესტოს, ნებისმიერი საპროტესტო აქცია როგორც კი დესტრუქციულ რეჟიმში, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

„თუმცა, მე არა მგონია, რომ „ნაცმოძრობამ" დესტრუქცია მოახდინოს, რადგან დასავლეთს ამით კიდვ ერთხელ საკუთარ დესტრუქციულ ნიღაბს დაანახებს. რამდენიც უნდათ იპროტესტონ, ფაქტია, რომ ეს პარტია პოლიტიკური სასაფლაოსკენაა განწირული, პოლიტიკურად დაღუპულია და დიდი ალბათობით მარტივ მამრავლებად დაიშლება,"- განაცხადა აბაშიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს, იგი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა აქციაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ არ სურთ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღიარონ.

„ჩემი აზრით ოპოზიციურმა პარტიემბა აქციაზე უარი იმიტომ თქვეს, რომ მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ლიდერად აღიარონ, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდებენ,. რომ არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირონ - ასევე სააკაშვილს პოლიტპატიმრადაც აღიარებენ, ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ოპოზიციური სპექტრი დაიშალა.

„შესაძლოა პარტიებიდან ინდივიდუალურად ცალკეული ადამიანები მიცვიდნენ, არ ვიცი ვინ, მაგრამ შესაძლოა ლიდერებიც მივიდნენ. მგონია, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა, რადგან „ნაცმოძრაობას" სატბილური ამომრჩეველი ჰყავს, ცესკოს მონაცემებით, არცევნებზე ამ პარტიას დაახლოებით ხუთასი ათასი ადამიანი აძლევს ხმას.

„ვქფიქრობ, რომ დიდი აქცია იქნება, თუმცა, მისი მასშტაბურობის მიუხედავად, ამ ეტაპზე არა მგონია, რომ მეორე დღესვე სააკაშვილის განთავისუფლება მოხდეს, მაგრამ, ოპოზიცია და პირველ რიგში „ნაცმოძრაობა" თავის ძალას აჩვენებს, რომ მას ბევრი ადამიანის შეკრება შეუიძლია.

„ფართომასშტაბიანი შეკრება კი დასავლეთისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ სააკაშვილს ბევრი ადამიანი ჰყავს მომხრე," - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×