თეონა ვეშაგური
21.10.2021

საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პოლიტიკურ ველზე ენმ-ის მიერ წარდგენილი ე.წ ჩრდილოვანი კოალიციის ჩამოყალიბების საკითხს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ახალი მმართველობისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისაკენ წინსვლის გზაა.თუმცა, განსხვავებული აზრი აქვთ მმართველ გუნდში და ცოტა ირონიულადაც კი უყურებენ ოპონენტთა მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილ იდეას. საკითხზე იყოფა ანალიტიკოსთა აზრებიც, მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ კოალიცია ამ სახით არ იქმნება და ეს კიდევ ერთი ტყუილია ოპოზიციის მხრიდან, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ კოალიციის შექმნის შესაძლებლობა და რესურსი და, რაც მთავარია - ნება, რეალურად არსებობს.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს ყველასთვის ცხადია, რომ ეს კოალიციური მთავრობის ფორმატი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" დეკორაციაა.

„ეს არის გაკეთებული მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებისგან დაიფაროს „ნაციონალური მოძრაობის" წამყვანი როლი ოპოზიციურ პარტიებში. ამასთან, ეს არ არის რეალური კოალიცია, ასეთი მმართველობა ყალიბდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიებს დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი აქვთ და უმრავლესობის შესაქმნელად სხვა გზა არ რჩებათ გარდა გაერთიანებისა. ეს არ არის რეალური კოალიცია, ეს ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული ერთგვარი დეკორაციაა," - უთხრა „რეზონანსს" საყვარელიძემ.

კოალიციური მმართველობის იდეის საკითხზე საუბრობს თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეც და აღნიშნავს, რომ „ოცნება" არის ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა თბილისთან დაკავშირებით და კონკრეტული გაკეთებული საქმეები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით.

„ვერანაირი პოლიტიკური პერფომანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვის მიმართულებას, რეკრეაციულ სივრცეს. ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქზე, კონკრეტული გაკეთებული საქმეები ამ ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არსებულ პრობლემებს, რომლებიც ყველას გვაწუხებს, პასუხი გაეცეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან სასაცილო იყო, ადამიანი გამოვიდა და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობებზეო მაშინ, როდესაც საკრებულოში უმრავლესობით არის „ქართული ოცნება" წარმოდგენილი და მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს ქალაქის საკრებულომ," - განაცხადა კახა კალაძემ.

იგივეს ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკისც. მისი თქმით, ჩრდილოვანი მთავრობა არის ნორმალურ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც ხელისუფლების ხელში აღების შემთხვევაში, ამა თუ იმ მიმართულებას მართავს.

„ამ შემთხვევაში აშკარა მცდელობაა, რომ „ნათელაშვილის ეზო 2" გააკეთონ ისე, რომ მოიზიდონ იმ საზოგადოების ხმები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ამა თუ იმ პარტიას და „ნაცმოძრაობასთან" მჭიდრო ურთიერთობის გამო საკმაოდ სერიოზული დივიდენდები დაკარგეს, ის მცირეც, რაც ჰქონდათ მიღებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს კოალიცია არის წინასაარჩევნო ფანდი, რადგან საკმაოდ მაღალია ეკლექტიკა.

„ნინო ბურჯანაძის სახით რუსული მიმართულება დაიმატეს და უნდათ, საზოგადოებიდან სხვადასხვა ხმა მოიზიდონ. ჩრდილოვანი მთავრობა იკარგება იმ რეალობის უკან, რაც ვიხილეთ იმ პერიოდში, როცა ფანჩატურში გაერთიანებული პარტიები თავის პოზიციას წარმოადგენდნენ, ვითომ გაერთიანებულს, ახლა ის განსხვავებაა, რომ შალვა ნათელაშვილი მოტეხეს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცენების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით კი ე.წ. კოალიცია ჯერ კიდევ პირველ ტურამდე იყო წარადგინილი, სადაც წარმოდგენლები იყვნენ მელია, ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ახლა დაამატეს 2,5%-იანი „ლელო" და 0%-იანი ბურჯანაძის პარტია.

„ეს არის რაღაც უაზრო თამაშები, რა თქმა უნდა, თბილისში კონკრეტულად კახი კალაძე უპირობოდ, დამაჯრებელად მოიგებს მეორე ტურში და იგივე მოლოდინი გვაქვს 19 მუნიციპალიტეტში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს „დროას" ლიდერსა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატს ელენე ხოშტარიას. მისი თქმით, თბილისის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა არის შანსი, რომ შეცდომები აღარ დაუშვან.

„ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ისტორიულ ეტაპზე საზოგადოების მთავარი დაკვეთა არის არა ერთპარტიული, არამედ მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობა. ეს არის შანსი, რომ ყველა ადამიანის ინტერესი იყოს გათვალისწინებული და ეს არის შანსი, აღარ დავუშვათ შეცდომები და ძალაუფლებაში ერთმანეთი ვაკონტროლოთ. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც პირველ ტურზე, ისე მეორე ტურზე კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობით, ბრძოლით, საქმის კეთებით და თავდადებით, გვინდა თბილისის მოქალაქეებს ეს არჩევანი შევთავაზოთ. დარწმუნებული ვარ, ეს არის ის, სადაც თბილისის ყველა მოადგილე საკუთარ თავს იპოვის. ჩვენი ამოცანა არის არა ვინმეს განადგურება, არამედ გამარჯვება და დიდი ეროვნული თანხმობა, რაც ქალაქის და ქვეყნის განვითარების წინაპირობა იქნება," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსთან" ნიკა მელიას მიერ წარდგენილი თბილისის მთავრობის „ჩრდილოვანი კაბინეტის" შეფასებისას განაცხადა, რომ რეალურად არსებობს შესაძლებლობა და რესურსი, რომ კოალიციური მთავრობა შედგეს.

„კოალიციური მმართველობა შედგება თუ არა ეს დამოკიდებულია ნიკა მელიაზე და გუნდზე - ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის და სადაც ამის შესაძლებლობა არ არის ეს არის „ქართული ოცნება", რომელსაც დაემართა „ნაციონალური მოძრაობა 2011", ჩაიკეტა თავის რეალობაში - მე და ჩემიანები და დანარჩენი ქვეყანა მისთვის უცხო გახდა. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა 2012 წლიდან, მოხდა ბევრი რამის გადაფასება, ცვლილებები და ის, რაც ვნახე, მათ შორის წარდგენილი კანდიდატები და ფორმა, იძლევა იმის იმედს, რომ ეს პოლიტიკური პარტია და კოალიცია, რომელიც მის გარშემო შეიკრიბა არ იქნება საზოგადოების დაპირისპირების წყარო, არამედ მაქსიმალურ შეეცდება საზოგადოების გაერთიანებას", - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დედაქალაქის მთავრობის კოალიციური შემადგენლობა წარადგინა. ხოლო მერის მოადგილეობის კანდიდატებად მელიამ მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, და ირაკლი აბესაძე დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×