თეონა ვეშაგური
22.10.2021

ნიკა მელიამ რომც გაიმარჯვოს კოალიციის იდეის რეალიზაცია შეუძლებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ მე-2 ტურზე გავლენას იქონიებს მესამე პრეზიდენტის შიმშილობის ფაქტორიც. ამომრჩეველში არსებობს განცდა, რომ უკეთესია ამ „გმირ" ყოფილ პრეზიდენტს მისცენ ხმა. რატომღაც ასე ფიქრობს ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი.-ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს და ყურადღებას სააკაშვილის მიერ გადაღებულ ახალ ვიდეოჩანაწერზეც ამახვილებს.

„როგორც არ უნდა დაუჭიროს მხარი საზოგადოებამ ოპოზიციური პარტიების მიერ შემოთავაზებულ ე.წ. კოალიციურ მმართველობას, საკრებულოში უმრავლესობა ქართულ ოცნებას აქვს აღებული. არ არის ცუდი იდეა, ნამდვილად კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ მისი რეალიზაცია შეუძლებელია.

„ნიკა მელიას მსგავსი საარჩევნო კამპანია პირველ ტურამდე უნდა დაეწყო, ის კი მხოლოდ ცაში დაფრინავდა, პუტინი და ივანიშვილი ჰყავდა ერთმანეთში არეული და რეფერენდუმს გაიძახოდა. ამ დროს, კახა კალაძე ქალქაზე, გზებზე და სკვერებზე ლაპარაკობდა. ანუ, იქცეოდა ისე, როგორც მერობის კანდიდატი უნდა მოიქცეს წინასაარჩევნოდ. ახლა საკმაოდ გვიანია მელიას მხრიდან მსგავსი ქმედებები.

„ცოტა არ იყოს მაოცებს ნაციონალური მოძრაობა თავისი არაადეკვატურობითა და არასერიოზულობით. ჯერ იყო შარლ მიშელის დოკუმენტს იქამდე არ მოაწერეს ხელი, სანამ „ოცნებამ" მისი ანულირება არ მოახდინა, რაც პირდაპირ სასაცილო იყო. კოალიციაზე დაიწყეს საუბარი, როდესაც აქამდე რეფერენდუმი იყო პრიორიტეტული. გაუჭირდათ და ახლა საუბერობენ კოალიციაზე? ახლა გვიანაა, თორემ კი ბატონო, ძალიან კარგი იდეაა. მათ არაფერი არ გამოუვათ გარდა იმისა, რომ ამომრჩეველს თვალში ნაცარს აყრიან, რადგან მელიამ მეორე ტურში რომც გაიმარჯვოს, საკრებულო „ოცნების" იქნება.

„უმრავლესობა უკვე დააკომპლექტა „ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარების ხარჯზე. მართალია თბილისში პროპორციულ სისტემაში ოპოზიციამ ნამდვილად გაიმარჯვა, მაგრამ შერეული სისტემის მაჟორიტარულმა ნაწილმა ისევ „ოცნების" უმრავლესობა მოიყვანა საკრებულოში. აქედან გამომდინარე, მელია მერი რომც გახდეს, რაშიც ეჭვი მეპარება და მგონია, რომ კალაძე 7-8%-ით გაიმარჯვებს. ეს ყველაფერი არის უკეთეს შემთხვევაში მიამიტური იდეალიზმი, უარესში კი ფარისევლობა," - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსმა ყურადღება არჩევნების მე-2 ტურზეც გაამახვილა.

„სააკაშვილის შიმშილობა და მისი ასეთი ფორმით გამოხატული „გმირობა" გავლენას მოახდენს ამომრჩეველთა მობილიზაციაზე არჩევნების მე-2 ტურისთვის. ასე რომ, თუ კარგი ამინდი იქნება, რასაც მნიშვნელობა აქვს, საარჩევნო უბნებზე ყოველი ზედმეტი ამომრჩეველი ოპოზიციის მხარდასაჭერად მივა. „ოცნება" უნდა ლოცულობდეს, რომ ცუდი ამინდი იყოს და ყინვები დაიწყოს. ხელისუფლების ჩამოუყალიბებელი კამპანიის გამო ხალხში გაჩნდა სიმპათია ოპოზიციის მიმართ.

„ახლა საზოგადოება ფიქრობს, რომ თუ თავად „ოცნება" აბრუნებს თავისი ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას", მისი ერთი ხმა არაფერია. ამომრჩეველში არსებობს განცდა, რომ უკეთესია ამ „გმირ" ყოფილ პრეზიდენტს მისცენ ხმა და დაეხმარონ. მიუხედავად ამისა, თბილისში კალაძე გაიმარჯვებს, მაგრამ დარჩება სხვა დიდი ქალაქები", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სააკაშვილის ახალ ჩანაწერზე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" ეთერიდან გავრცელდა და სადაც ექსპრეზიდენტის მხრიდან საუბარია გატაცების შესახებ იმ დროს, როდესაც ტრაილერით საქართველოში ცდილობდა შემოღწევას.

„რთულია სააკაშვილის ტვინში ჩაძრომა და გაანალიზება, რას შეიძლება ემსახურებოდეს მის მიერ გაკეთებული ეს ჩანაწერი. მისი ქმედებები ძალიან რთული აღსაქმელი და სრულად არაადეკვატურია. ეს საკითხი უფრო ფსიქიატრების გასაანალიზებელია ვიდრე ანალიტიკოსების. თუმცა ამოგლეჯილი ფარაგმენტები კარგად მეტყველებს „ქართულ ოცნებაზე". „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო"- ასე მოსდის ხელისუფლებას. ბოლომდე შემოინახა ეს რაღაც უდღეური ფაქტები, რაც მიუთითებს, რომ ძალიან უჭირს.

„ეს არის სააკაშვილის ფანტაზიორობა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა და ყოველი შემთხვევისთვის ყველაფერს იწერდა, თუ ასეთი მაგრები არიან, გაასაჯაროვონ ყველა ჩანაწერი რაც სააკაშვილის ტელეფონიდან ამოიღეს, რომ უფრო უკეთ მივხვდეთ, რა კონტექსტში იყო გამოყენებული ეს ფრაგმენტი", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×