ელზა პაპოშვილი
21.11.2021

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური პერიპეტიების ერთი ეტაპი დასრულდა. თითქმის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იგი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რამაც დაძაბულობა მეტნაკლებად განმუხტა. თუმცა, ეს შესაძლოა კონფრონტაციის ახალი ეტაპის დასაწყისი იყოს, რაც თვად სააკაშვილმაც დაადასტურა თავის მიმართვაში, რომლითაც თანამოაზრეებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. როგორი იქნება ენმ-ს შემდეგი ნაბიჯები და რას დაუპირისპირებს ამას ხელისუფლება?

ანალიტიკოსები არც ელიან, რომ პოლიტიკური პროცესები სააკაშვილის შიმშილობასთან ერთად შეწყდება. პირიქითი, ისინი მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მის გადაყვანას საკუთარ გამარჯვებად ჩათვლის, ხელისუფლება კი ამით დასავლეთის თვალში ქულების ჩაწერას შეეცდება. მათი პროგნოზით, ენმ ქუჩის აქტივობებს ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გააგრძელებს, თუმცა, „ოცნება“ ამას, ბუნებრივია, არ დასთანხმდება, თუკი ქვეყანაში რამე კატასტროფა არ მოხდა. 

ამიტომაც სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება თუ არ მოხდა და ის კვლავ საქართველოში პატიმრობაში დარჩა, ხელისუფლების შეზანზარებას ყოველდღიურად შეეცდება. ახლა ოპოზიციისთვის მთავარი დასაყრდენი სასამართლო პროცესებია, რომელზეც ხელისუფლებამ სააკაშვილი თუ არ მიიყვანა, ესეც „ოცნების“ წინააღმდეგ იმოქმედებს. 

სააკაშვილის მიმართვა, ოპოზიციის გეგმები და „ოცნების“ რეაქცია

მიხეილ სააკაშვილმა კი გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდე მიმართვა გაავრცელა, სადაც ბრძოლის ბოლომდე მიყვანაზე საუბრობს. 

„ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს და არც რეჟიმის მუქარას. არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ? ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თვალი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას.

„როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა. არც ერთი გარიყული ადამიანი! არც ერთი დაკარგული წამი! არც ერთი ნაბიჯი უკან!“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში. 

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა მათ გეგმებს არ ცვლის და მათი სამომავლო მიზანი სააკაშვილის თავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ამ განცხადებას კი მმართველ პარტიაში ეხმაურებიან:

„გუშინვე თქვეს - სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სააკაშვილი გადადის გორის ჰოსპიტალშიო. თუმცა ისინი აგრძელებენ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ნაცვლად იმისა, რომ დაეწყოთ შიდა პოლიტიკური შეჯიბრი, მათ შორის ხელისუფლებასთან სხვადასხვა კანონპროექტებთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში, პირდაპირ დააანონსეს, რომ ჩვენ ისევ ვიქნებით ქუჩაში, ჩვენ ისევ გვინდა ბრძოლა და რადიკალიზმი და მოიგონეს, რომ ახლა უნდათ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა „ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ისევ დესტაბილიზაციისკენ მიისწრაფის, რაც რუსეთის გეგმებს ემთხვევა:

„ნაცმოძრაობას“ მეტი რესურსი არ გააჩნია, არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური, გარდა იმისა, რომ სულ მუდმივად იყოს დესტაბილიზაციის მუქარაში. მაგრამ ეს არ არის გარკვეული ადამიანების და პოლიტიკური ჯგუფის მისწრაფება, ეს მისწრაფება ემთხვევა იმას, რომელიც გააჩნია რუსეთს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. 

ექსპერტები ვითარების გამწვავებას პროგნოზირებენ 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შიმშილის შემდეგ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია საპროტესტო მუხტს არ დააგდებს და გორის ჰოსპიტალში მის გადაყვანას საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს. მათ პაკეტში ახლა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აქვთ. 

„ხელისუფლების მხრიდან ეს ნაბიჯი დასალეთის თვალში ჩაწერილი ქულაა. კი, ბატონო, ოპოზიცია ამას საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს, მაგრამ ხელისუფლებაც ამას ქულის დაწერისთვის გამოიყენებს. როგორც პროცესებზე მთავარი პასუხისმგებლიანი პირი, იტყვის, რომ კრიზისის განმუხტვა ამ ფორმით სცადა. დასავლეთიც სწორედ ამას ითხოვდა და ხელისუფლებამაც ნაბიჯი უკვე გადადგა. 

„როდესაც ასეთი კრიზისის წინაშე დგახარ, ხელისუფლებას ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ყველა სცენარი გათვლილი უნდა გქონდეს. ზუსტად უნდა იცოდე, ამა და ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედო, რომ მოულოდნელად ჩიხში არ აღმოჩნდე. ხელისუფლება კი უფრო მოვლენებს მიჰყვებოდა და როცა დაინახა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, მოქმედება მერე დაიწყო. ადამიანი ამდენ ხანს რომ შიმშილობს, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს, ეს მის ორგანიზმში მძიმე ცვლილებებს გამოიწვევს, თუნდაც სანახევრო შიმშილობის პირობებში. ხელისუფლებას, ჩემი დაკვირივებით, გარკვეული შიში ჰქონდა, რომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისას გარკვეული საფრთხეები არსებობდა“, - ამბობს ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, ახლა მთავარია სააკაშვილის ჯამრთელობას საფრთხე არ დაემუქროს და ოპოზიციას კიდევ დამატებით იმის საბაბი არ მიეცეს, რომ ქვეყანაში სიტუაცია კვლავ დაიძაბოს. თუმცა ანჯაფარიძე მუხტის დაწევას და კრიზისის განმუხტვას არ ელის. პირიქით, მისი პროგნოზით, ახლა ოპოზიცია დამატებით მოთხოვნების წამოყენებას შეეცდება.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მისი ვარაუდით, როგორც ჩანს, ივანიშვილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ - აიმედებდნენ, რომ სააკაშვილი არ შიმშილობდა, სიმულიანტობდა და ცუდადაც არ გახდებოდა. თუმცა წარმოუდგენელია ნახევრადაც რომ იშიმშილოს ადამიანმა, ამდენი დღე გაძლოს. მან ასევე დაინახა ექიმების გუნდი, რომელბიც ერთხმად სააკაშვილის გადაყვანას ითხოვდა. გლდანის ციხის კადრების გავრცელებამ კი დასავლეთის რეაქცია ხელისუფლების მიმართ რადიკალურად შეცვალა. 

„ივანიშვილისთვის გადაწყვეტილების შეცვლა პრობლემა არ არის. მას თუ დასჭირდა, ძალიან ადვილად შეცვლის. ის კობახიძის, მდინარაძის და სხვა მისნაირების რეპუტაციაზე არ ფიქრობს. ამიტომაც ვართ ერთი კაცის ეზო - როგორც ის იტყვის, ყველაფერი ისე ხდება. როგორც ჩანს, ამდენი ექიმის დანახვის შემდეგ დაეჭვდა და ამბავი რეალურად მოიკითხა. 

„არ ვთვლი, რომ ახლა ამით პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება. პირიქით, ორივე მხარე ისევ იგივე ტონალობაში ჭიდილს განაგრძობს. ორივეს ასეთი ტაქტიკა აქვს, რომ ერთმანეთი წელში უნდა გადატეხონ. ეს კი ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი. 

„ოპოზიციას არ აქვს არც შესაძლებლობა და არც უნარები, რომ რევოლუცია მოაწყოს და ხელისუფლება ძალადობრივად შეცვალოს. ეს რესურსი სრულიად გამორიცხულია. მაშინ ოპოზიციის მხარეს შეიარაღებული ძალა უნდა იყოს, ჯარი ან კიდევ შსს მის მხარეს უნად გადავიდეს. ხელისუფლება შიგნიდან უნდა დაინგრას, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. ან არჩევნების შედეგად „ოცნება“ უნდა წავიდეს. არჩევნები კი 3 წელიწადში მოდის. ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებზე არ წავა, თუ რამე კატასტროფა თავად არ ჩაიდინა. ამის განწყობა დიდად ხალხშიც არ არის“, - ამბობს ზურაბიშვილი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, არც ხელისუფლებას არ აქვს ის რესურსი, რომ ენმ წელში გადატეხოს. პირიქით, სააკაშვილის რეიკარნაციას თავად ახდენს. ზურაბიშილის შეფასებით, ახლა ენმ-ს იმაზე მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა. ეს კი ხელისუფლების დამსახურებაა, რომელმაც სრულიად აბსურდული გადაწყვეტილებით - ექსპრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებით - სააკაშვილი თითქმის „გაათეთრა“. 

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა სააკაშვილი სასამართლოსთვის მოემზადება და მოსახლეობის ყურადღებას იქიდან მიიქცევს. მას იმის უნარი აქვს, რომ მუდმივად ყურადღების ცენტში იყოს. ხელისუფლება კი დიდი ხნით მის დამალვასა და სასამართლოზე არ მიყვანას ვეღარ შეძლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×