თამთა ჩაჩანიძე
21.11.2021

პარტია „ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, თუმცა პარტია საერთო ოპოზიციური პროტესტისგან გამოყოფას არ აპირებს. რაც შეეხება ენმ-ს პოზიციას, პარტიაში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და გადაწყვეტილებას ერთობლივი მსჯელობის შემდეგ გამოაცხადებენ.

„ყველა სხვა კრიტიკული მიმართულებით, რომლითაც, ბუნებრივია, გრძელდება საერთო ოპოზიციური პროტესტი, ვიქნებით ჩართულები აქტიურად, მშვიდობიან, თუმცა ძალიან მტკიცე, ძალიან ხმამაღალ ბრძოლაში ბოლომდე, რათა დავიხსნათ სახელმწიფო განუკითხაობისგან. ჩავერთვებით ბრძოლაში იმისთვის, რომ არჩევნების იდეა დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, მიტაცებული ხმები დავაბრუნოთ, რომ საგარეო კაპიტულაცია დასრულდეს. საქართველოს ბელარუსიზაცია და პუტინიზაცია დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს და კოვიდგენოციდი უნდა გადაიჭრას, რაც შეიძლება დროულად", - განაცხადა „ლელოს" წევრმა გრიგოლ გეგელიამ „პირველ არხთან" საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე საუბრისას.

„ნაციონალური მოძღაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ბოიკოტირებასთან დაკავშირებით პარტიაში სხვადასხვა არგუმენტებია, გადაწყვეტილება კი მსჯელობის შემდეგ მიიღება.

„მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა არგუმენტებია და როცა ვიმსჯელებთ, ყველაფერს გავითვალისწინებთ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ როცა ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია გვექნება, თუ რას ვაკეთებთ, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით საუბრის საშუალებაც გვექნება. „ლელო" და ყველა პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციებია და მათ თავისი შეხედულებისამებრ, საკუთარი ამომრჩევლის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედების სრული უფლება აქვთ", - განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, თუ პარტია გადაწყვეტილებას კონკრეტულად როდის მიიღებს, ბარამიძემ განგვიცხადა: „ჯერ არა, მაგრამ უახლოეს ხანში შესაძლებელია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×