თამთა ჩაჩანიძე
22.11.2021

ევროპაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საშუალოდ 60-70%-ია კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო გარკვეული ქვეყნები იძულებულები არიან, რომ სრული, ან ნაწილობრივი ლოქდაუნები აამოქმედონ - სპეციალისტების აზრით, ისეთ ქვეყნებში, სადაც ეპიდსიტუაცია უარესდება, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობა დაბალი რჩება, აქედან გამომდინარე, ვაქცინაცია უალტერნატივოა.

საქართველოში კი, სადაც აცრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ეპიდსიტუაცია ისევ რთულია - თუ ასე გაგრძელდა, სპეციელისტები ზამთარში მძიმე დღეებს ელოდებიან და ლოქდაუნსაც თეორიულად არ გამორიცხავენ.

ავსტრიაში მთელს ტერიტორიაზე სრული ლოქდაუნი გამოცხადდა - შეზღუდვების ფარგლებში, მოქალაქეებს შინ დარჩენა ევალებათ, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ მათ, ვინც სახლიდან სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ წასასვლელად გავა. ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, საპარიკმახეროები და მაღაზიები, სადაც აუცილებელი საჭიროების პროდუქცია არ იყიდება.

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ ორშაბათს დაწესებული შეზღუდვები 12 დეკემბრამდე იმოქმედებს. ოფიციალური ინფორმაციით, ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 66% სრულადაა ვაქცინირებული, რაც დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

„კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის სერიოზულობის გამო, სხვა არჩევანი არ გვრჩება. შეზღუდვები უნდა დავაწესოთ ყველასთვის, რათა ჩვენი თავი და ჯანდაცვის სისტემა დავიცვათ. 22 ნოემბრიდან საყოველთაო ლოკდაუნი გამოცხადდება, რომელიც 10 დღის შემდეგ გაანალიზდება და 13 დეკემბერს ავტომატურად დასრულდება", - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

22 ნოემბრიდან კი სლოვაკეთში არავაქცინირებული პირებისთვის უფრო მკაცრი შეზღუდვები წესდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ „ეს არავაქცინირებულებისთვის ლოქდაუნია".

ახალი წესების თანახმად, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში, არასასიცოცხლო საქონლის მაღაზიებში, სპორტულ აქტივობებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე მხოლოდ იმ ადამიანებს დაუშვებენ, ვინც აცრილია, ან კორონავირუსისგან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გამოჯანმრთელდა.სლოვაკეთს ევროკავშირში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 45% არის აცრილი.

ევროპაში არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა. ჯანმოს შეფასებით, თუ გადაუდებელი ზომები არ მიიღება, 2022 წლის მარტისთვის შესაძლოა ევროპაში კორონავირუსს კიდევ 500 000 ადამიანი ემსხვერპლოს.

„კორონავირუსი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენს რეგიონში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.

ჰანს კლუგემ ასევე განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, მაგრამ დროა საკითხის სამართლებრივი და სამოქალაქო განხილვა დაიწყოს.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, კორონავირუსით ინფიცირების 1851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი, აღსანიშნავია, რომ ესაა ორსაბათის მონაცემები და შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტი ტარდება, სულ 2 097 159 აცრა ჩატარდა, დღიურად აცრილია - 1 644.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში, სადაც ლოქდაუნი გამოცხადდა და სადაც ასევე საქართველოსთან შედარებით ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობა მაინც დაბალი რჩება.

„რთულია იმის თქმა თუ ევროპის ქვეყნებში ლოქდაუნის კონკრეტული მიზეზი რა არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის და ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 60-70%-ია, მაინც ეპიდსიტუაცია უარესდება, ამ ქვეყნებში ერთი განმასხვავებელი ნიშანია, რომ სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობა მაინც დაბალი რჩება.

„განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეპიდსიტუაცია უარესდება, მაგრამ ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, დაბალი სიკვდილიანობა რჩება, ამიტომაც ვაქცინაცია უალტერნატივო და პანდემიასთან მთავარი საბრძოლველი საშუალებაა. თუმცა, ცუდია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამ პირობებშიც ეპიდსიტუაცია მაინც გაუარესდა, ამისი ახსნა ცოტათი რთულია, მაგრამ ეს რეალობაა." - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები მოსალოდნელი ჯერჯერობით არაა, 1-ელი დეკემბრიდან კი კოვიდ პასპორტების სისტემა ამოქმედდება. მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის" პრინციპით შეძლებენ შესვლას კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

როგორც ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, ამ სისტემის ამოქმედებას შედეგი ექნება, თუმცა, ეპიდსიტუაციის დასტაბილურებისთვის დამატებითი მუშაობაა საჭირო.

„მწვანე პასპორტს"თავისი დადებითი მხარეები ექნება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ და თუნდაც ჰოსპიტლებში მძიმე პაციენტების რაოდენობა შევამციროთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ კოვიდპასპორტები საკმარისი არაა, ამას უფრო აქტიური მუშაობა სჭირდება.

„ის, რომ ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ლოქდაუნი გამოაცხადეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენც ზამთარში საკმაოდ მძიმე დღეები გველის, რადგან აქ არც ვაქცინაციის მაჩვენებელია მაღალი, არც მკაცრი შეზღუდვებია და მოსახლეობის განწყობაც ისეთია, რომ ვაქცინაციის პროცესში უფრო აქტიურად ჩართვას არ აპირებენ.

„მწვანე პასპორტებს" თავისი დადებითი მხარეები ექნება, მაგრამ ის საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ჩენ სტაბილური ეპიდსიტუაცია შევქმნათ,"- განაცხადა ინფექციონისტმა.

კითხვაზე ამ პირობებში ხომ არ მივა ქვეყანა იქამდე, რომ მთავრობა იძულებული გახდეს ლოქდაუნი ჩვენთანაც გამოაცხადოს, განაცხადა, რომ ამის თეორიული შანსი არის.

„სამწუხაროდ ამის თეორიული შანსები არსებობს და თუ დღიური მაჩვენებლები როგორიც წინა კვირებში იყო, ასე გაგრძელდა რა თქმა უნდა შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ჰოსპიტლების გადავსება მოხდეს, პაციენტების სამართავად კლინიკური რესურსი არ დარჩეს და ამიტომ უფრო მკაცრ შეზღუდვებამდე მივიდეთ,"- განაცხადა ალექსანდრე გონინავამ.

ასევე აღსანიშნავია, რომ 1-ელი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტის არმქონე პირის სხვადასხვა ობიექტში შესვლის შემთხვევაში, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება.

„დარღვევის აღმოჩენისას დაჯარიმდება მხოლოდ ობიექტი, ხოლო კოვიდპასპორტის არმქონე მოქალაქეს ასეთ შემთხვევაში ჯარიმა არ დაეკისრება.

„შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არა გეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, თუ რამდენად იცავს ობიექტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2000 ათასლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას.

„ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები 1-ელი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა.

„შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას,"- განუცხადა „ინტერპრესნიუსს" შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×