თეონა ვეშაგური
22.11.2021

საქართველოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, კრემლი კვლავ გააქტიურებას იწყებს და შავი ზღვის რეგიონში ახალ-ახალ კონფლიქტებს აღვივებს - ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთი ახლა ჰიბრიდული ომის მექანიზმით მოქმედებს და სამხედრო მოქმედებების გარდა, საკმაოდ მძიმე საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს, ეს კი მათი შეფასებით, სამოქალაქო დაპირისპირებების საბაბს ქმნის.

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, ამის ფონზე ქვეყანა და მთელი რეგიონი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

„საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და შიდა პოლიტიკური არეულობა კიდევ უფრო აძლიერებს პროცესებს.

„რუსეთმა გამოიყენა ახალი, ჰიბრიდული შეტევა, პოლონეთის საზღვრებზე აგრესიული მიგრანტების ფაქტორით. რაც შესაძლოა, გარკვეულ წილად, საქართველოსაც შეეხოს.

„მეორეს მხრივ, მიმდინარეობს საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგიური ომი, თუნდაც საინფორმაციო საშუალებებით. ამასთან რუსეთი აუცილებლად შეეცდება თავისი ჰიბრიდული ელემენტების დანერგვას, როგორიცაა - პრორუსული პარტიების შექმნა და ა.შ. რადგან, რაღაცნაირად სამოქალაქო ომის ნიშნები გააჩინოს საქართველოში.

„ბევრი მომენტია რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ახლა რუსეთი უკრაინაში შეჭრასაც აპირებს. ის შეეცდება საომარი მოქმედებები განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე.

„ ის, უფრო, ჰიბრიდული ომის მეთოდით მუშაობს და იყენებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორსაც. ასე, რომ ბევრი ნიუანსია. მაგრამ, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის წარმოება უკვე მთავარი მომენტია", - განაცხადა მაისაიამ.

აღნიშნულზე საუბრობს ანალიტიკოსი მამუკა არეშიძეც. როგორც ის „რეზონანსთან" აღნიშნავს, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება არის უმძიმესი, რითიც ქვეყანა სუსტდება და არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც ეძლევათ საშუალება ისარგებლონ აღნიშნული მდგომარეობით.

„დღევანდელი პოლიტიკური პროცესები უმძიმესია, ამ ფონზე კი საფრთხის შემცველია ის დაძაბულოობა რაც მთელს რეგიონში გვაქვს.

„რუსეთი ახალ-ახალი კონფლიქტების გაღვივებას ცდილობს, რაც აუცილებლად შეგვეხება ჩვენც. ამასთან, ამ ქვეყნისა და ზოგიერთი სხვა მეზობელი ქვეყნის ინტერესებშიც შედის, რომ საქართველოში მუდმივად იყოს დაძაბული პოლიტიკური ვითარება და სამოქალაქო დაპირისპირება. რაც უკეთეს შემთხვევაში დაასუსტებს ქვეყანას, უარეს შემთხვევაში კი ზოგიერთ მოწინააღმდეგეს საშუალებას მისცემს, რომ საქართველოში თუ სამხედრო თვალსაზრისით არა პოლიტიკური თვალსაზრისით მაინც მოიკიდოს ფეხი",-განაცხადა არეშიძემ.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×