ია აბულაშვილი
22.11.2021

ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და ახალი მოთხოვნებით - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები, აქციებს აანონსებს. ექსპრეზიდენტიც მოუწოდებს თანამებრძოლებს ბრძოლის გაგრძელებისკენ. თავის მიმართვაში წერს, რომ ჯერ მნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის არ მიუღწევიათ, ამიტომ "არ უნდა მოეშვან, ზამთარს და რეჟიმის მუქარას არ შეუშინდნენ".

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია შიდა პოლიტიკურ შეჯიბრში იყოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა კანონპროექტთან და პოლიტიურ საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში, პირდაპირ აანონსებენ, რომ უნდათ ბრძოლა, ქუჩაში დგომა და რადიკალიზმი. ასევე ცდილობენ, ყველანაირი საფუძველი გამონახონ, რათა საკუთარი ლიდერი ციხიდან გამოიყვანონ.

არსებულ პოლიტიკურ პროცესში, როგორი იქნება ხელისუფლების და ოპოზიციის საბრძოლო ტაქტიკა და სტრატეგია, ანალიტიკოსებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა საპროტესტო მუხტის დაწევასა კრიზისის განმუხტვას არ ელიან. მათი აზრით, ოპოზიციის რევოლუციურ სტრატეგია უნაყოფო იქნება, რადგან ამის რესურსი არ გააჩნია; ხელისუფლების საბრძოლო სტრატეგია მოკლევადიან პერსპექტივაში კი იქნება ოპოზიცია წელში გადატეხოს.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არსებული სიტუაციიდან გამოსავალს სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაში ხედავს და აცხადებს, რომ დიდი უგუნურება იქნება, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტს თბილისის ციხეში დატოვებს.

"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ დაღალოს ოპოზიცია და მისი მომხრეები. დაცხრეს, განელდეს და შეწყდეს ქუჩის აქციები, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოგვარდეს სააკაშვილის თემა. "ოცნებაში" აშკარად წელავენ დროს, ეტყობა ჯერ ვერ შეთანხმდნენ უკრაინასთან, როგორ მიიღებს უკრაინა?

"შეიძლება სხვადასხვა ვარინეტებზე არის მოლაპარაკებები, როგორც გმირი კი არ მიიღოს, ცოტა ხანი მაინც იყოს ციხეში. დიდი უგუნურება იქნება ხელისუთლების მხრიდან სააკაშვილი თბილისის ციხეში დატოვოს, ურჩევნია უკრაინაში გაისტუმროს. არც უკრაინიდან და არც დასავლეთიდან, არავის უთქვამს გაათავისუფლეთ სააკაშვილიო, ამბობდნენ პატივი ეცით პატიმარის უფლებებსო. ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით დასავლეთმა კარგად იცის, რომ ჭრიალით, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა "ოცნებამ" და ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაგას.

"ოპოზიცია ჩამოუყალიბებელია, მათ ჩააფლავეს ადგილობრივი არჩევნების იდეა და პოლიტიკურ არჩევნებად აქციეს. შემდეგ სააკაშვილის შიმშილობა იყო მათთვის მთავარი საკითხი, როცა დასრულდა, სააკაშვილის ჯანმრთელობა და შიმშილობა დიდხანს ვერ გასტანდა, ისიც დაიღალა; ახლა დაბნეულები არიან და ჰიპოთეტური სურვილი აქვს ოპოზიციას შეასუსტოს ხელისუფლება"- განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ "ოცნების" ბრძოლის მთავარი ტაქტიკა და სტარტაგია იქნება სოციალური პროექტებით მოსახლეობის გულის მოგება.

"მმართველი გუნდი რეალურად აცნობიერებს რომ უჭირს წარმატების მიღწევა. ძალიან შეშინებულები არიან და ცდილობენ ისევ აიმაღლონ რეიტინგი; ვითომ საქმეს აკეთებენ. შეეცდებიან რაღაც სოციალური პროექტებით ხალხის გულის მოგებას, იქნება ცრუ დაპირებები.

"ოპოზიცია აქამდე არ აანალიზებს რატომ არ უჭერს მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მხოლოდ იმის თქმა, რომ ივანიშვილი არ ვარგა, საკმარისი არ არის, ეს გავიგეთ. ხალხს ხომ უნდა აუხსნა შენ რითი ხარ უკეთესი?

"ოპოზიცია აგებს საინფორმაცო ომს, არ აკეთებს ანალიზს რატომ დაეცა მისი რეიტინგი და არ მუშაოს იმ ხალხთნ ვინც არც "ოცნებას" უჭერს მხარს და არც ოპოზციიას. რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, შეიძლება დადგეს მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი, მაგრამ დასავლეთი ვერ მოსთხოვს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებას" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×