ელზა პაპოშვილი
23.11.2021

მოახერხებენ თუ ვერა სამი თვითმმართველი ქალაქისა და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეთანხმებას საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის?“ ექს-პრემიერმა გახარიამ „ოცნებას“ და „ნაციოანლებს“ იმ საკრებულოებში, სადაც მისი ხმა გადამწყვეტია, საკრებულოს თავმჯდომარეებად მათი პარტიის წევრების დანიშვნა შესთავაზა. 

თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე საუკეთესო შედეგი და 100 მანდატი მიიღო. სწორედ ყოფილი პრემიერის პარტიის წევრების ხმებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შვიდ საკრებულოში თანამდებობის პირების არჩევისა და ბიუჯეტის დამტკიცების დროს. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი იმ საკრებულოებში, სადაც გადაწყვეტილების მიღება მის ხმებზეა დამოკიდებული, საკრებულოების თავმჯდომარეების პოსტებს ითხოვს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილეების პოზიციებს სთავაზობს.

ვინ მიიღებს ყოფილი პრემიერის შეთავაზებას? თუ პოზიციების შეჯერება ვერც ერთ პარტიასთან ვერ მოხდება, შვიდ თვითმმართველ ქალაქში კრიზისი გარდაუვალია. 

„ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე - როგორც „ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები, მხარს დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში“,- განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ. 

7 საკრებულო, სადაც უმრავლესობა არავის აქვს 

ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას კარგავს ორი თვითმმართველ ქალაქსა და ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში - ბათუმსა და რუსთავში, ასევე ჩხოროწყუში, ზუგდიდში, მარტვილში, სენაკსა და წალენჯიხაში.

ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 არჩეული დეპუტატი ჰყავს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 15, „ლელოს“ - 1. პარტიის „საქართველოსთვის“ სახელით ამავე საკრებულოში 3 დეპუტატი მოხვდა, თუმცა 1-მა ყოფილი პრემიერის პარტია დატოვა და თქვა, რომ დამოუკიდებელ საქმიანობას განაგრძობს.

რუსთავის ასევე 35-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 16-16 მანდატი აქვთ, გიორგი გახარიას საქართველოსთვის კი - 3.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 45-წევრიან საკრებულოში 22 მანდატი აქვს ენმ-ს, 20 „ქართულ ოცნებას“, 3 კი პარტიას „საქართველოსთვის“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 27-წევრიან საკრებულოში 11-11 მანდატს თანაბრად ინაწილებენ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. აქ 4 მანდატი ჰქონდა გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, თუმცა მოგვიანებით პარტია ერთმა წევრმა დატოვა და თქვა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. კიდევ 1 მანდატი აქვს „ლელოს“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 27-წევრიან საკრებულოში 12 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, 7-7 „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტიას „საქართველოსთვის“, 1 კი „ლელოს“. საგულისხმოა, რომ „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩხოროწყუდანაა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის 36-წევრიან საკრებულოში 15 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, 11 ენმ-ს, 5 პარტიას „საქართველოსთვის“, 1 „ევროპულ საქართველოს“ და 4 „ევროპელ სოციალისტებს“.

სენაკის მუნიციპალიტეტის 33-წევრიან საკრებულოში მმართველ პარტიას 16 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 13, პარტიას „საქართველოსთვის“ კი - 4.

„ოცნებისა“ და ენმ-ის პასუხი გახარიას 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენების თაობაზე პარტიის „საქართველოსთვის“ შეთავაზებაზე გუნდს ჯერ არ უმსჯელია. შესაბამისად, როცა მსჯელობა იქნება, საზოგადოებისთვისაც მათი პოზიცია ცნობილი მაშინ გახდება. 

რაც შეეხება თავად მის პირად დამოკიდებულებას ექს-პრემიერის შეთავაზებაზე, ვოლსკი ამის დაფიქსირებისგანაც თავს იკავებს. 

 „გიორგი გახარიას შეთავაზებაზე მოულოდნელი და გუნდთან შეჯერების გარეშე პასუხის გაცემა არ მინდა. ამ საკითხზე პარტიის შიგნით ჯერჯერობით საუბარი არ გვქონია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ამის დაკონკრეტებისგანაც თავს შევიკავებ. მესმის, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მიდის. პოლიტიკური გარიგებები არ არის უცხო. ზოგს ვაჭრობა ჰქვია, ზოგს - უზნეო გარიგება. ამ შეთავაზებას რომელი ერთი დავარქვა, ჯერ არ ვიცი და პოზიციის დაფიქსირებისგან ამიტომაც თავს შევიკავებ. რა თქმა უნდა, გუნდი გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „რეზონანსთან“.

რაც შეეხება „ნაციოანლური მოძრაობის“ პოზიციას, „რეზონანსთან“ საუბრისას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე გიორგი გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებას არ გამორიცხავს. გოცირიძის აზრით, საკრებულოებში კრიზისის შექმნა არ უნდა მოხდეს და რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდნენ. თუმცა, რა იქნება ეს შეთანხმება, დეპუტატი არ აკონკრეტებს. 

„სამივე პარტია თუ არ შეთანხმდა, მაშინ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის პრობლემა კი არ შეიქმნება, არამედ საკრებულო ვერ იმუშავებს და ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამიტომ საკრებულოს მუშაობის პარალიზება არავის არ უნდა. თანამშრომლობა მოგვიწვეს და ამ საკითხებზე საუბარი გვექნება. 

„გახარიას ერთ ხმაზეა ზოგან დამოკიდებული საკრებულოს ქვორუმის და თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ამიტომ შესაძლოა ამ კუთხით თანამშრომლობა მოხდეს. 

„ენმ საკრებულოში ითანამშრომლებს, რათა საკრებულოს მუშაობის პარალიზება თავიდან ავიცილოთ. ზოგან შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარე იყოს, ზოგანაც - გახარიასი. ეს მოლაპარაკების საგანია. რა თქმა უნდა, დიალოგი იქნება. იქ, სადაც საჭიროა, გახარიას პარტიასთან ვითანამშრომლებთ“, - ამბობს რომან გოცირიძე „რეზონანსთან“. 

რას მოუტანს ექს-პრემიერს პოლიტიკური ვაჭრობა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ თუკი გიორგი გახარია შეძლებს „ოცნებასთან“ ან „ნაციონალებთან“ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარეები მისი პარტიიდან იქნებიან, მაშინ ის პოლიტიკურად პოზიციებს გაიმყარებს. 

„რა თქმა უნდა, ეს გახარიას ახლადშექმნილ პარტიას დამატებით გავლენებს მისცემს, რომელიც მას გამოადგება. პოლიტიკური საქმიანობისთვის ეს პოზიცია სჭირდება და სამომავლოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც წაადგება. 

„რაც შეეხებაა იმას, თუ ვისთან თანამშრომლობა უფორ წაადგება - ენმ-სთან თუ „ოცნებასთან“, ამ შემთხვევაში ემოცია და პათეტიკა გევრდით უნდა გადავდოთ. აქ წინ წმინდა პრაგმატული და პოლიტიკური საკითხები მოდის. გახარიას შეუძლია თქვას, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსისთვის მზად არის გარკვეული უთანხმოება ორივე პარტიის შემთხვევაში გვერდით გადადოს. ორივესთან თანამშრომოლობაზე წასვლის შემთხვევაში ექს-პრემიერს აქვს არგუმენტი, რომ ის პოლიტიკაში არავის წინააღმდეგ არის შემოსული. თუ გახარიას პარტია საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც მესამე ძალა ისე აპირებს, მათი მხრიდან ეს ნაბიჯი პოლიტიკურად გამართებული იქნება. თანაც ამას დასავლეთში დაინახავენ და დააფასებენ“, - ამბობს ანაჯაფარიძე „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, დასავლეთი გახარიაზე, როგორც მესამე ძალაზე, ფსონს იმ შემთხვევაში დადებს, თუკი ის პროდასავლურობას დაამტკიცებს. ამიტომაც ახლა საკრებულო მისთვის ცუდი ტრამპლინი არ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×