ია აბულაშვილი
23.11.2021

„ნაციონალური მოძრაობა“, ექსპრეხზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანისა და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, პოლიტიკური ბრძოლის ახალ სტრატეგიას ამუშავებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ბრძოლის ერთ-ერთ პოტენციურ ლიდერად ელენე ხოშტარია განიხილება, რომლის რეიტინგიც, მისი 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილია.

„მოთხოვნა რჩება მთავარი, არ ვეგუებით წართმეულ არჩევნებს, მოთხოვნა უნდა გადაიზარდოს რიგგარეშე არჩევნებზე“, - აცხადებენ „ნაცმოძრაობაში“ და საზოგადოებას პირდებიან, რომ უახლოეს დღეებში მეგობრებთან ერთად წარმოადგენენ განახლებულ ხედვას, რომელიც ადაპტირებული იქნება დღევანდელ რეალობსთან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, კოორდინირებულად და დაბალანსებულად მჭიდრო კავშირში პარტნიორებთან ერთდ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ. 

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ წევრმა და მიხეილ სააკაშვილის ყველაზე ახლო თანამოაზრემ ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა - სააკაშვილის თხოვნაა მისი თანაპარტიელებისა და მხარდამჭერების მიმართ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ ამოვარდეს რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა და ეს თემა ახალი ბრძოლის მთავარ თემად უნდა იქცესო. 

მოარული ხმებით კი „ნაცმოძრაობის“ ლიდერი ამ უკომპრომისო ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ აქტორად „დროას“ ლიდერს ელენე ხოშატრიას მოიაზრებს, რომელიც 17-დღიანი მკაცრი შიმშილობის შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა საზოგადოებაში.

პოლიტოლოგი რამაზ საყარელიძე არ ფიქრობს მოვლენების ამგვარ განვითარებას, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილი არ არის რომანტიკოსი, რომ საზოგადოებაში პოპულარულ ელენე ხოშტარიას, რომელმაც შიმშილობით მოიგო საზოგადოების გული, პირველობა უბოძოს.

„ფაქტია, რომ ხოშტარიას შიმშილობამ უკან გადაწია სააკაშვილის შიმშილობის ამბავი და ყველა ხოშტარიას შიმშილობაზე  საუბრობდა. ამიტომ მეეჭვება, რომ ეს ვერსია მყარი იყოს. სააკაშვილისთვის მიმზიდველი არ იქნება ხოშტარია, რომელიც  ბევრისთვის მისაღები გახდა და ლიდერის პოზიცია გაიმყარა. სააკაშვილი არ არის რომანტიკოსი, რომ ასეთმა ფაქტორებმა გადაწონოს, თანაც, კარგად ხედავს, რომ დღეს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადებაში მხოლოდ ის არის ლიდერი - უმადლიან „ვარდების რევოლუციას“ ჯაჭვში ჩაბმული ადამიანები და ტრასპარანტებით ხელში სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

„იურიდიულ ხაზს თუ გავყვებით, სააკაშვილის პოლიტიკაში შესასველად საკმარის არ იქნება მხოლოდ მისი მხარდამჭერების მოთხოვნა - „მიეცით უფლება სააკაშვილს ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიო“. მოთხოვნა და კანონი სხვადასხვა სიბრტყეშია, სურვილები კანონს არ მიჰყვება. მაგრამ, თუ სახელმწიფო მოთხოვნების შესრულების რეჟიმზე გადავა, სააკაშვილს შეიძლება ორმაგი მოქალაქეობაც მისცენ და მისი მხარდამჭერები ეტყვიან - მობრძანდით პოლიტიკაშიო. მერე სააკაშვილს არ ვიცი, მაგრამ ხოშტარიას შეიძლება უფრო დასჭირდეს სააკაშვილი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×