ხატია ბერიძე
24.11.2021

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარება დღითიდღე მწვავდება, უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლისთვის რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება, დასავლეთი კი ამაში დღითიდღე რწმუნდება. ანალიტიკოსების აზრით, მოსალოდნელი კონფლიქტი საქართველოს აუცილებლად შეეხება, რადგან შესაძლოა რუსეთმა საბრძოლო ფონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის გამოიყენოს - გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოსთან კონკრეტული მოთხოვნები ექნება

უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ვითარების დაძაბვა მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს საბრძოლო დრონები.

ამის შემდეგ, 10-15 სექტემბერს ჩატარდა რუსეთ ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლის დსრულების შემდეგაც რუსებმა წვრთნების მონაწილე თავისი 41-ე არმია ყაზარმებში დაბრუნების ნაცვლად, უკრაინის საზღვრისკენ გადაისროლეს.

ამჟამად ეს ნაწილები უკრაინის საზღვრთან რამდენიმე კილომეტრში დგანან. ეს შეიარაღება მოიცავს ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, თვითმავალი არტილერიას და მათთან დაკავშირებულ დამხმარე აღჭურვილობას.

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ იელნიასთან, უკრაინის საზღვრიდან 250 კილომეტრში, 1000-მდე ერთეული რუსული ჯავშანტექნიკაა განლაგებული.

ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა სულ უფრო და უფრო რწმუნდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო მოქმედებების დაწყებას განიხილავს უკრაინის უფრო დიდ ნაწილზე კონტროლის მოსაპოვებლად, ან ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, რათა ქვეყნის სათავეში პრორუსული ხელისუფლების მოსვლას შეუწყოს ხელი.

უკრაინის საზღვართან რუსეთის ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც კრემლი გააფრთხილა, ახალი შეცდომა არ დაუშვას. ბლინკენის განცხადებით, რუსეთის განზრახვები გაურკვეველია, მაგრამ აღნიშნავს, რომ მოსკოვი მეზობლის წინააღმდეგ ახალი აგრესიის ჩადენით სერიოზულ შეცდომას დაუშვებს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაური კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის ან თებერვლის დასაწყისში აპირებს.

რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების განახლება საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც, აცხადებს „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია.

„რუსეთის მიერ განხორციელებული პროვოკაციები, ჯარების გადასროლა უკრაინის საზღვარზე და სხვა ქმედებები არის წინაპირობები, რუსეთმა განაახლოს საომარი მოქმედებები. ეს საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ვითარება ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რაც იყო ჩვენთან აგვისტოს ომის დაწყებამდე.

"უკრაინაში რუსეთის მიერ ომის განახლება ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვისაც. დიდია ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ფონს გამოიყენებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისთვის, რისთვისაც ის დიდი ხანია ემზადება. საქართველოს და უკრაინის საკითხები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

"არსებობს რეალური საფრთხეები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც. რუსეთი ამზადებს ანექსიას და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, რომ აისრულოს თავისი მიზნები. ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების პირადი წარმომადგენლების დანიშვნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საუბარი მაქვს ინალ არძინბას დანიშვნაზე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად და ასევე ძალოვან სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებზე ცხინვალის რეგიონში.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ იმ საფრთხეების შესახებ, რაც მოდის რუსეთისგან ჩვენთან და უკრაინასთან დაკავშირებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია გაერთიანდეს ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება ერთიან პოზიციაზე რუსეთის მიერ მოსალოდნელ ანექსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ერთიანი ძალით უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ტერიტორიების ანექსიას, რადგან ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ რუსეთმა გამოიყენოს ეს მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად მიუერთოს რუსეთის ფედერაციას", - აცხადებს პაატა დავითაია.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ,,რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუ რუსეთი ომს დაიწყებს, ეს აუცილებლად შეეხება საქართველოსაც, რადგან ეს ომი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი არ იქნება.

,,რუსეთის საბოლოო გადაწყვეტილებები, თუ როდის გეგმავს საბრძოლო მოქმედებების განახლებას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის მიართულებით არ იქნება, ეს ცხადია. ეს არის ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ასე რომ, გარდაუვალია ეს ჩვენ არ შეგვეხოს. მე ვფიქრობ ეს იქნება 2008 წლის შერბილებული ვარიანტი."

,,რუსეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლება ატარებს თბილ პოლიტიკას, თუმცა, სავარაუდოდ რუსეთს ეს არ აკმაყოფილებს და ომის დაწყების შემდეგ შესაძლოა რუსეთმა აწარმოოს მოლაპარაკება იმ საკითხზე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ორიენტაცია შეცვალოს და რუსეთს მეტად მიემხროს ან რუსეთი მოითხოვს რეჟიმის შეცვლას და ჩამოაყალიბებს ავტორიტარულ რეჟიმის გამტარებელ ახალ კოალიციას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი, კორნელი კაკაჩია რეზონანსთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს აუცილებლად შეეხება და ამისთვის სულ მარტივი მიზეზი არსებობს ის, რომ უკრაინა-საქართველოს ბევრი აქვს საერთო.

"უკრაინა-საქართველოს ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო. ევროკავშირისთვის ჩვენ ერთნაირი ღირებულებების მქონე ქვეყნები ვართ. საქართველო ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ამ ომმა შესაძლოა გავლენა ამ კუთხითაც იქონიოს.

"მაგალითად, ომი თუ უკრაინისთვის ცუდად დასრულდება, ეს ცუდი იქნება საქართველოსთვისაც, რადგან რუსეთის გავლენა კიდევ უფრო მოიმატებს და გაძლიერდება. კონკრეტულად კი, რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, რომ უარი თქვას ევროკავშირსა და ნატოზე", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×