თამთა ჩაჩანიძე
25.11.2021

ენმ-ეს გაყოფას ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ მელია ორნახევარ პროცენტიან „ლელოში" გადაბარგდეს, მამუკა ხაზარაძე ლიდერობას არანაირად არ დაუთმობს, პოლიტიკური პრაგმატული გათვლით რომ შევხედოთ, წესით, მან თავის თანაგუნდელ მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნას - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ისაუბრა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს დეკემბერში „საერთო ეროვნული აქციის" გამართვისკენ მოუწოდებს, ასევე საზოგადოებას თხოვს, რომ 29 ნოემბერს მის პროცესისას სასამართლოს შენობასთან შეიოკრიბონ.

აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ენმ-ეს ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო შეიცვალოს, რადგან უკვე ნიკა მელიას საჯარო გაკიცხვა დაიწყეს.

„ვერანაირ ლოგიკურ გაგრძელებას ვერ ვხედავ იმაში, რომ ენმ-ემ თუნდაც საკუთარი მხარდამჭერების მასობრივი მობილიზაცია მოახდინოს. თვად „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები არ არიან მომხრენი იმისა, რომ ქუჩაში იყოს დესტრუქცია, გადატრიელებები თუ ე.წ. რევოლუციები.

„ნამცოძრაობის" მხარდამჭერების ძირითადი ბირთვი არჩევნებზე ხმას საკუთარ პარტიას აძლევს, მაგრამ მათი ერთი მესამედიც კი დესტრუქციის მოსაწყობად ქუჩაში არ გამოდის. ამავე დროს, პარტიის შიგნით ძალიან დიდი პრობლმებია, ვხედავთ, რომ უკვე ნიკა მელიას საჯარო გაკიცხვა დაიწყეს, თუნდაც ქალბატონმა გიული ალასანიამ და სხვებმა.

„არაა გამორიცხული, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ხელმძღვანელობა და პოლიტსაბჭო შეიცვალოს, ის ახალი სახეები შეიცვალოს, რომლებიც მელიამ მოიყვანა და რომელთა სიტყვასაც არც პარტიაში და არც საჯარო პოლიტიკაში არანაირი ფასი არ აქვს. სააკაშვილის მორიგი სასოწარკვეთილი წერილი არაფერს ნიშნავს იმ მხრივ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე რამე კარდინალურად შეიცვლება.

„სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე ჯერჯერობით ენმ დომინირებს, იქიდან გამომდინარე, რომ რესურსები და ფინანსები ბევრი აქვს და არ ისმის პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიების ხმები, რომლებსაც კოსტრუქციული კონტრარგუმენტები და წინადადებები აქვთ იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს.

„ჩემი აზრით, ნიკანორ მელიას გადადგომის საკითხი დროის მომენტია და საჭირო პერიოდში და ვადებში მას გადააყენებენ, თუმცა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ანომალიაა ის, რომ არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქე მთავარ ოპოზიციურ პარტიას კარნახობს, როგორ მოიქცეს. მაგალითად გერმანიის მოქალაქე საფრანგეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ვერანაირად ვერ ჩაერევა, თუმცა საქართველოში იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად ჭარბი დემოკრატია გვაქს, ასეთი ანომალიური პროცესები ხდება.

„ნაცმოძრაობის" რადიკალების მომავალი საკმაოდ უღიმღამიოა, რადგან ეს ძველი პოლიტიკოსები და დესტრუქციული ელემენტები საზოგადოებას ძალიან მობეზრდა, მათ არანაირი წონა და მათ სიტყვას უკვე თუნდაც პარტიაში არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ.

„ენმ-ეს გაყოფას ვხედავ, მაგრამ არა მგონია, რომ მელია ორნახევარპროცენტიან „ლელოში" გადაბარგდეს, მამუკა ხაზარაძე ლიდერობას არანაირად არ დაუთმობს, პოლიტიკური პრაგმატული გათვლით რომ შევხედოთ, წესით, მან თავის თანაგუნდელ მხარდამჭერებთან ერთად ახალი პარტია უნდა შექმნას, როგორც ხოშტარიამ, ეს მართლაც დროის ამბავია, ნიკა მელია ენმ-იდან როდის წავა," - განაცხადა აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×