ია აბულაშვილი
26.11.2021

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას გააქტიურებისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, მისი გათავისუფლების კამპანიაზე საინიციატივო ჯგუფმა იმუშაოს, შეიქმნას მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი, დეკემბერში კი საერთო ეროვნული აქცია ჩატარდეს. როგორც პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" აღნიშნა, დირექტივები, რომელთაც საპატიმროში მყოფი სააკაშვილი იძლევა, არარეალურია და „ჩაფლავება" უწინასწარმეტყველა.

„ნაციონალურ მოძრობაში" მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიზანი და ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოების სხვადასხვა ფენა. ლიდერები ამბობენ, რომ იგი არ ჩამოსულა იმისთვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო. ის ჩამოვიდა, რათა ხელისუფლების ცვლილებაში დახმარებოდა საქართველოს მოსახლეობას.

პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილის ინიციატივას საზოგადოებრივი კომიტეტის შექმნის შესახებ ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდება, რადგან ერთი ამოცანა აქვთ - ვადამდელი არჩევნები, მისი მასშტაბის პოლიტიკოსის მოქმედება კი ყოველთვის გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მით უფრო მშობლიურ ქვყანაში.

მიუხედავად ასეთი დარწმუნებისა, „ნაცმოძრაობას" უკვე უთხრეს უარი გახარიას პარტიამ და „სტრატეგია აღმაშენებლმა". პარტიაში - „საქართველოსთვის" ამბობენ, რომ სააკაშვილის გარდა, ქვეყანას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, რაც არავინ არ უნდა დაივიწყოს. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც არანაირ საინიციატივო ჯგუფთან შეერთებას არ აპირებს და თუ დაინახავს ისეთი ინიციატივას, რომელიც უკეთეს გამოსავალს აჩვენებს, შეიძლება დაფიქრდეს.

„სააკაშვილი ხვდება, რომ ის საქართველო არ არის, სადაც ჩამოვიდა, რომ მისი გულმხურვალე მხარდამჭერების გარდა აქ არავინ ელოდა. იგი სიტუაციას არაადეკვატურად აფასებს. მხარდაჭერა და დაცვა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა, მათ შორის მეც, ეს იყო პატიმარ სააკაშვილის მიმართ, რომელსაც ძალიან ცუდად მოექცნენ. ანუ სიბრალული არის პატიმარ სააკაშვილის მიმართ და არა როგორც პოლიტიკოსის. ეს არ ესმის სააკაშვილს. რაც შეეხება დირექტივებს, რომლებსაც იძლევა, ჩაფლავდება, აქცია შეიძლება გაიმართოს, მაგრამ არ იქნება მასშტაბური.

„კარგი გამოსავალი იქნება, სააკაშვილი გადასცენ უკრაინას. რა გააწყალა გული „ოცნებამ", დროზე გაასამართლოს და გაუშვას უკრაინაში. არა, დაუჩემებია, აქ უნდა მოიხადოს, აქ უნდა მოიხადოს სასჯელიო. მაგრამ უცნაური ის არის, რომ უკრაინას ჯერაც ოფიციალურად არ მოუთხოვია საკუთარი მოქალაქის წაყვანა," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×