თეონა ვეშაგური
26.11.2021

მძაფრი პროტესტის ფონზე, საკრებულოებმა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება მაინც მოახერხეს. სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს ადგილი ჰქონდათ ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ახლადარჩეული საკრებულოები ოპოზიციურია. ძველმა საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს და დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. ენმ-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციური საკრებულოების მიერ ბიუჯეტის შესაძლო ჩაგდებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის შიშით არის განპირობებული, „ოცნებაში" კი ამბობენ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ისინი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გრაფიკს მიჰყვებიან.

აღნიშნულ საკითხზე „რეზონასთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სრულიად გასაგები და მოსალოდნელი იყო ოპოზიციური ნაწილისგან მსგავსი ქმედებები.

„აქ საუბარია იმაზე, რომ ძველმა საკრებულოებმა შეძლეს და ახალი ბიუჯეტი დაამტკიცეს, ეს არ არის პრობლემა, თუ რა თქმა უნდა, კანონს არ ეწინააღმდეგება და სამართლებრივი ბაზა გამართულია. მე არ ვიცი, ეს იურიდიულად რამდენად სწორად მიღებული გადაწყვეტილებაა.

„მეორე მხრივ, ამ საკრებულოებში ოპოზიციის გამოსვლა სრულიად გასაგები იყო. თუ ისინი არაკანონიერად თვლიან აღნიშნულ ქმედებას, უნდა გაასაჩივრონ და სამართლებრივი გზა მოძებნონ. მაგრამ, საქართველოში ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს დაძაბულობის შექმნას და ამ ფონზე წარმატების მიღწევას.

„ზოგადად არასასიამოვნოა ასეთი ინციდენტები, თუმცა ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ამგვარია და სხვა მოლოდინები არც მქონდა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 252 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ბიუჯეტი მორგებულია სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე. მათი თქმით, ბიუჯეტი არის ხალხზე ორიენტირებული.

ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს 25 დეპუტატიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკრებულოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ წინა მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.

ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად, საკრებულოს შენობასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო" მიმართავენ. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამი ადამიანი დააკავეს.

ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ სპეციალური ნივთიერება გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ. ქადამაძეს საკრებულოს ტერიტორია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

„მგონია, რომ დღეს დღევანდელი საკრებულოს სხდომა არ უნდა ჩატარდეს ყოველგვარი ხმაურის გარეშე. ამიტომ მე ახლა საჯაროდ ხელთ მიჭირავს შპრიცი, რომელშიც არის ნივთიერება სრულიად უწყინარი, უბრალოდ აქვს ძალიან ისეთი სუნი, რომ აქ ვეღარ გაჩერდებით, პარლამენტში რაც იყო. აქედან გამომდინარე, მე ვრჩები ბოლომდე აქ, იმიტომ, რომ არ იფიქროს ვინმემ ეს ნივთიერება არის ჯანმრთელობისთვის საშიში. ამიტომ, ბოლო წუთამდე მე ვრჩები აქა," - განაცხადა ენმ-ს დეპუტატმა.

ხმაური იყო ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთანაც, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებდა. პოლიციამ ადგილზე 2 პირი დააკავა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი დავით ფიფია.

 

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×