ელზა პაპოშვილი
26.11.2021

ხელოვნურად დადგმული აჟიოტაჟი თუ ხელისუფლების მხრიდან კანონის უგულვებელყოფა? - რას აპროტესტებს ოპოზიცია ბათუმსა და ზუგდიდში და რატომ არ აძლევენ „ოცნებას“ საშუალებას, რომ ამ ქალაქებში 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდეს? 

ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს, ბათუმსა და ზუგდიდში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად მიიჩნევს და აპროტესტებს. დაპირისპირების ფონზე, დღეს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი დააკავა. 

ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში მაინც დაამტკიცა. ოპოზიციამ  სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლის მიზნით, დარბაზში სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარიც გაუშვეს. 

ოპოზიციის ქცევას ხელისუფლება პროვოკაციად აფასებს და „ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამით ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა უნდა. ბიუჯეტის საკრებულოს წევრების ძველი შემადგენლობით დამტკიცება სრულიად კანონიერია და ოპოზიიცის ქცევა მხოლოდ საბოტაჟს ემსახურება. 

ბათუმში ჩავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომლის თქმითაც კოლეგებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას აპირებს. 

„ახლა ჩვენ ვაპირებთ საუბარს ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას უშუალოდ ბათუმში, აჭარაში და სხვა ქალაქებში, სადაც, გაყალბებული არჩევნების მიუხედავად მათ უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. მათ ეშინიათ, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში არ მიიღონ ახალი არჩევნები,“ - აცხადებს ნიკა მელია. 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესს მმართველი გუნდი იმის შიშით აჩქარებს, რომ ბიუჯეტის ჩავარდნის ეშინიათ. 

„იმის შიშით, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდეს და შემდგომ დღის წესრიგში არ დადგეს მერების არჩევნების თავიდან დანიშვნის საკითხი, სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს იმ ქალაქებში, სადაც უმრავლესობა აქვთ დაკარგული. ეს არის პირდაპირ დანაშაული,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი. 

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმის, რაც შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს.

„არც ერთ ცივილურ ქვეყანაში არ ხდება, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა დაამტკიცონ უკვე არჩეული მომავალი საკრებულოს ბიუჯეტი. ეს არის უხეში დარღვევა ყველა ნორმისა და ყველა აზრის, რაც კი შეიძლება დემოკრატიას ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ამას დავუპირისპირდებით,“ - აცხადებს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. 

გახარიას პარტიაც მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ ახალი საკრებულოების მოწვევამდე მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი შეაჩეროს. 

მმართველ გუნდში, ბათუმსა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს, „ნაციონალური მოძრაობის“" საბოტაჟს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას:

„ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას. პოლიტიკურად, „ნაციონალურ მოძრაობას’, როდესაც სურთ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ,“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სპეციალურ ბრიფინგზე ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ოპოზიციის ქმედებებს ცირკი უწოდა.

„დღეს დილიდან მთელი საზოგადოება დესტრუქციული ოპოზიციის კიდევ ერთ სპექტაკლს უყურებს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი საქართველოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში 2017 წლის მოწვევის საკრებულოების შემადგენლობებს დაემტკიცებინათ, შექმნილ ვითარებაში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.

ჩვენ ის შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა გვაძლევს, რათა ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ძალებს, რომლებიც მუდმივად არეულობის შექმნაზე არიან მომართული, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ჩაგდების შესაძლებლობა არ მისცემოდათ. დღეს ოპოზიციას არანაირი ხელჩასაჭიდი არ აქვს და შესაბამისად, მათი მთავარი მესიჯბოქსი ფეიკზე გადის. ისინი 2017 წლის მოწვევის საკრებულოს ვადაგასულს უწოდებენ, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება მაშინ გასდის, როდესაც ახლადარჩეული ორგანოს წარმომადგენლობითი პირველი სხდომა გაიხსნება. ეს კი ჯერ არ მომხდარა. ამ ადამიანების დღევანდელი მოქმედებით დასტურდება, რომ ყველგან სადაც ამის შესაძლებლობა ჰქონდათ პრობლემების შექმნას აპირებდნენ, რათა არ დამტკიცებულიყო ბიუჯეტი. 

იქ, სადაც არის საზოგადოების ინტერესი, არჩევანი განვითარებასა და სტაგნაციას შორის, ყოველთვის მოსახლეობის მხარეს დავდგებით და ყველა ლეგალურ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ამ ძალებმა საკუთარ მიზნებს მოსახლეობის კეთილდღეობის დაზიანების ფასად ვერ მიაღწიონ. დღეს გამართული ცირკი, სპეციფიური სუნის მქონე ხსნარი სხდომათა დარბაზში და მათ მიერ გამოყენებული სხვა მეთოდები, კარგად უჩვენებს მათ რეალურ სახეს. მიუხედავად ამისა, გვინდა მათ ვუთხრათ, რომ როგორ იაფფასიან მეთოდებსაც არ უნდა მიმართონ, საქმის კეთებაში ხელს ვერ შეგვიშლიან,“ - აცხადებს სოზარ სუბარი.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×