თეონა ვეშაგური
26.11.2021

ენმ-ის მიერ საკრებულოებში დაგეგმილი პროტესტის სერიები ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, მარტვილში გაგრძელდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძველი საკრებულოს წევრების მიერ ახალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება მარტვილის საკრებულოშიც გააპროტესტეს. ამაზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ მსგავსი ინციდენტები უკანასკნელი არ იქნება, რაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.

მისი თქმით, ენმ-ის დღის წესრიგი სწორედ მსგავსი დესტრუქციული ქმედებების განხორციელებაა, რამაც შესაძლოა ოპოზიციური პარტიების მიმართ ანტიგონიზმი გამოიწვიოს.

„თუ „ნაციონალური მოძრაობის" მეთოდებს ზუსტად განვსაზღვრავთ, დავინახავთ, რომ საკრებულოებში მსგავსი პროცესები კვლავ გაგრძელდება და დღევანდელი ინციდენტი უკანასკნელი არ არის.

„სამწუაროდ, მე არ ვარ იურისტი და არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რამდენად კანონიერია ბიუჯეტის საკითხზე მსჯელობა ძველი საკრებულოს მიერ. მაგრამ საქმე ის არის, რომ ენმ ცამდე მართალიც რომ იყოს, უკვე ყელში ამოუვიდა საზოგადოებას მათი დესტრუქციული ქმედებები და უარყოფითად რეაგირებს ამ პროცესებზე.

„მინდა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაითვალისწინონ, მსგავსი პროცესები გამოიწვევს ზოგად ანტაგონიზმს ოპოზიციური პარტიების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ბევრი რამ აქვს გასაკრიტიკებელი", - განაცხადა არეშიძემ.

მარტვილში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ზუგდიდისა და ბათუმისგან განსხვავებით, სხდომამ შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აქაც გამოთქვეს პროტესტი. „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ფინანსური დოკუმენტი ამ შემთხვევაშიც ძველი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.

ცესკომ ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს დანიშნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×