ელზა პაპოშვილი
27.11.2021

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლება საერთო ოპოზიციური ინტერესი არ არის - მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას, რომ მისი გათავისუფლებისთვის საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნას, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები არც ისე დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მათი თქმით, ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას დღეს მხოლოდ მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერები ითხოვენ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ ეს გახდა იმ ინიციატივის მიზეზიც, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი გათავისუფლებისთვის წამოაყენა. 

ამის პარალელურად კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება მწვავდება და ორი სხვადასხვა ფრთის წარმომადგენლები ერთმანეთს პრაქტიკულად უკვე საჯაროდ უპირსპირდებიან. საქმეში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიაც კი ჩაება. როგორც ჩანს მელიასა და სააკაშვილის ფრთას შორის დაპირისპირება მესამე პრეზიდენტის  გათავისუფლების და რიგგარეშე არჩევნების თემაზე გამწვავდა. თავად სააკაშვილი და მისი უახლოვესი გარემოცვა ქუჩაში მასშტაბურ აქციებს ითხოვს. მელია კი ისევ კოალიციის იდეას ემხრობა და მიიჩნევს, რომ ენმ-ს  ფართომასშტაბიანი პერმანენტული აქციების რესურსი არ აქვს. შესაბამისად ოპოზიციის და ენმ-ის ნაწილის აზრები სააკაშვილის გათავისუფლებასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე იყოფა. რას იზამს მარტო დარჩენილი ენმ და როგორ აპირებს სააკაშვილის გათავისუფლებას? 

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ. სახელისუფლო გუნდი პარტიის შიდა ჯგუფების დაპირისპირებაზე საუბრობს და თვლის, რომ ოპოზიციის მიზანი პროცესების რადიკალიზაციაა.  

ოპოზიციის უარი „ნაცმოძრაობას“

პოლიტიკური პარტიების მოსაზრებები განსხვავებულია. თავად მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის გათავისუფლებაზე საინიციატივო ჯგუფმა უნდა იმუშაოს.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე  ხათუნა სამნიძის აზრით კი, სააკაშვილის გათავისუფლება ოპოზიციის დიდი ნაწილის დღის წესრიგი არ არის და საინიციატივო ჯგუფის შექმნის ინიციატივასაც სწორედ ამას უკავშირებს. 

„კამპანია #freemisha, ანუ, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის მიიჩნევს, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. 

„დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები,“ - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საინიციატივო ჯგუფში შესვლა „ლელოს“ გეგმებში არ არის. მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ამ ეტაპზე არარეალიზებადია.

„ჩვენს გეგმებში საინიციატივო ჯგუფში შესვლა არ არის. პირდაპირ გეტყვით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ და ეს არის ის, რომ შევჯერდეთ საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკურ პარტიებთან, ვინც იზიარებს მიდგომას, რომ აუცილებელია უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა, რბილ ძალასთან დაპირისპირება, ეკონომიკის სტიმულირება, მართლმსაჯულების დეპოლარიზაცია - ამის ირგვლივ შევჯერდეთ და ამ დღის წესრიგზე გავაკეთოთ აქცენტი. 

„ის, რაც დღეს სააკაშვილის ირგვლივ ხდება, ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ის მოითხოვს დასწრების უფლებას სასამართლო სხდომებზე, მემგონი ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, ამას მხარს უჭერენ ჩვენი ევროპელი მეგობრებიც. უნდა მიეცეს მას საშუალება, თავისი არგუმენტები წარმოადგინოს სასამართლოზე, ეს აუცილებელია, ხოლო ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. 

„ეს არის ინიციატივა ბატონი სააკაშვილის, ეს ჩვენი ინიციატივა არ არის, მე ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნა ამ წუთას არარეალიზებადიც არის“, - ამბობს ჯაფარიძე. 

ენმ როგორ შავი ხვრელი, რომელიც პატარა პარტიებს ყლაპავს 

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სააკაშვილი რეალობას არის მოწყვეტილი და საუბრობს იმაზე, რაც პრაქტიკაში არასდროს გამოვა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ  სააკაშვილს მუდმივად მითები აწუხებს და უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ლიდერი იყოს. ამიტომაც კომიტეტით არარსებული ოპოზიციის შეკვრა უნდა და ამით ცდილობს დასავლეთს ილუზია შეუქმნას, რომ მის გათავისუფლებას მთელი ოპოზიცია ითხოვს.

„ოპოზიციისთვის „ნაციონალების“ გვერდით დგომა წამგებიანია. ეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან ნათლად გამოჩნდა, მაგალითად, „ლელოს“ რეიტინგი და ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“. მათ ენმ-სთან აფილირების შემდეგ ხალხის მხადაჭერა საერთოდ დაკარგეს. 

„ნაციონალები“ შავ ხვრელს გვანან, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს ყლაპავენ. სააკაშვილის განცხადება და შეთავაზება ე.წ. გათავისუფლების კომიტეტის შექმნაზე სატყუარაა. ეს არის იმი ილუზიის შექმნის მცდელობა, თითქოს სააკაშვილის გათავისუფლებას მთელი ოპოზიცია ითხოვს. მათ ვურჩევ, რომ „ნაციონალებისგან“ თავი შორს დაიჭირონ, თუკი პოლიტიკაში ყოფნა სურთ როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს. 

„ენმ ცდილობს, რომ  მხოლოდ ერთადერთ მთავარ ოპოზიციურ პარტიად დარჩეს, რადგანაც ყველა მასთან მიახლოვებული პარტია ამომრჩეველს კარგავს. ამ პარტიის  გრავიტაცია მოწამლულია. ამიტომ ეს კომიტეტები და რაღაცა ერთობა, ყველაფერი იმისთვის  არის, რომ ოპოზიციური პარტიები როგორმე შეიტყუონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.

რა  შეეხება „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებას და პარტიაში ორ ფრთად გაყოფილ ჯგუფს, ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას ბედი უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია. „რეზონანსთან“ საუბრისას აბაშიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა თავის მომხრეებს მწვანე შუქი მელიას შესავიწროვებლად ჯერ კიდევ გორის ჰოსპიტალში გადასვლის დღეს აუნთო, როცა მორიგი წერილი გამოაგზავნა და იქ ნიკა მელიას გარდა ყველას მადლობა გადაუხადა. 

„ენმ-ში დიდი რყევებია დაწყებული და ყველა საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილის ბოლო სიტყვას ელოდება. გიული ალასანიას განცახდება უკვე იმის ნიშანია, რომ სააკაშვილმა მელიაზე ყველას მწვანე შუქი აუნთო. უბრალოდ, ეს ყველაფერი დროის საკითხია. 

„სააკაშვილს ახლა მელიას ხმაურით და დაპირისპირებით წასვლა არ უნდა. ის მაინც კენჭისყრით არჩეული თავმჯდომარეა და ეს პარტიის ამომრჩეველს თუ წევრებს შორის გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. მე ველი, რომ სააკაშვილი მას ახალი წლების შემდეგ მოიშორებს თავიდან და ამას უხმაუროდ გააკეთებს, როცა საზოგადოების  ყურადღება ნაკლები იქნება. 

„რაც შეეხება ვითომ გამათავისუფლებელი კომიტეტის შექმნას, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამაზე არ უნდა წამოეგოს. ეს ისევ ფანჩატურიზაციის შემქნის მცდელობაა, სადაც დაზიანებული კვლავ ოპოზიცია გამოვა. იმაზე უარეს დღეში ჩავარდებიან, რაც 2020 წელს არჩევნების შემდეგ მოუვიდათ. ამიტომ სააკაშვილის მახეში თავი კიდევ ერთხელ არ უნდა გაყონ“, - ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×