ხატია ბერიძე
28.11.2021

ოპოზიციაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიების ნაწილი მას არარელურად მიიჩნევს და ენმ-ის მიერ ინიცირებულ პროტესტში არ ერთვება. ვისთვის იქნება მომგებიანი ვადამდელი არჩევნები და რატომ? ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ვადამდელი არჩევნების იდეას არ ემხრობიან, გრძელვადიან პერსპექტივაზე არიან ორიენტირებული და სწორადაც იქცევიან.

ოპოზიიციის მოთხოვნას ვადამდენ არჩევნებთან დაკავშირებით პარტია „გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ჰერმან საბო არაგულწრფელს უწოდებს.

„2020-2021-ის, ახლანდელ არჩევნებს თუ ავიღებთ, როგორც ერთგვარ რეფერენდუმს და მოქალაქეთა პოლიტიკური გემოვნების გაზომვის კვლევას, ვნახავთ, რომ „ქართულ ოცნებას" და გახარიას პარტიასაც, რომელიც პირადად ჩემთვის ჯერ მაინც „ოცნებასთან" აფილირებული პარტიაა, ქვეყნის მასშტაბით ბევრად მაღალი პროცენტი აქვთ, ვიდრე თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო შეკრებილ პარტიებს.

„შესაბამისად, არ მგონია, რომ დღევანდელი მოცემულობით ოპოზიციას ხელს აძლევდეს ვადამდელი არჩევნები. მათი ეს მოთხოვნა შეიძლება, უფრო იმის შედეგი იყოს, რომ რაღაცნაირად ცდილობენ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოვიდეს და აჩვენონ, როგორი პრინციპული არიან, თორემ თვითონაც კარგად იციან, რომ ვადამდელი არ ჩაინიშნება, თუ რამე უფრო მძიმე პოლიტიკური კრიზისი არ მოხდა. ვფიქრობ, ისინი უბრალოდ ერთხელ ნათქვამ სიტყვას არ გადადიან", - განაცხადა ჰერმან საბომ.

მისივე თქმით, „გირჩი" ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ არის, პირიქით, სიამოვნებით შევიდოდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და გაიგებნდნენ რამდენი ამომრჩეველი ჰყავს „გირჩს", რადგან წელს ჩატარებული არჩევნები შესაძლოა პოლიტიკური პრფერენციებს არ ემთხვეოდეს.

„ასევე, ის ამბავი, რომ მესამე პრეზიდენტი ზუსტად თვითმმართველობის არჩევნების წინ ჩამოვიდა, ამან ძალიან მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი და „შუა გაკრიფა". ჩვენ გვგონია, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, თუ ვადამდელი ჩაინიშნა, ბევრად დამშვიდებული იქნება და უფრო ნათელ სურათს მოგვცემს, თუ ვის და როგორ უჭერს მხარს მოსახლეობა", - განაცხადა ჰერმან საბომ.

საბოს თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის შედეგად ენმ-მ ხმების უმრავლესობა პატარა პარტიებს წაართვა და არა „ქართულ ოცნებას".

„ხმების უმეტესობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიმატა, წაიღო პატარა პარტიებისგან. ისევე, როგორც თავისი ხმების კონსოლიდაცია და შეკრება ძალიან ეფექტურად მოახერხა „ქართულმა ოცნებამ", რომელმაც გახარიას გამოყოფის შემდეგაც კი, თითქმის გაიმეორა ის შედეგი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა", - განაცხადა ჰერმან საბომ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები პირველ რიგში „ნაციონალური მოზრაობას" აწყობს, თუმცა ამის მიღწევის პერსპექტივა არ აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელ არჩევნებთან ერთად მის პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვს. ისინი ფიქრობენ, რომ პროპორციული არჩევნებისთვის მზად არიან. ხელისუფლების მხრიდან კი ამ დროისთვის ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავთ, რომ შესაძლოა ოპოზიციამ ეს მოახერხოს, რადგან ისინი ერთ წრეზე ტრიალებენ. მათ ამის რეალური შანსი ექნებოდათ, გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული სწორ ნაბიჯები რომ გადაედგათ.

„მათ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვთ - თუ ხელისუფლება ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს და მოსახლეობაში სოციალური ფონი გაუარესდება. რეალურად ენმ არ არის ისეთი ძლიერი, როგორადაც თავს წარმოაჩენს და ამ დროს მარტო ებრძვის „ქართულ ოცნებას".

„ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ დროისთვის კიდევ უფრო შეასუსტა საკუთარი ძალები. ისინი ორ ფრონტზე იბრძვიან: ერთი ნაწილი სააკაშვილის გათავისუფლებისთვის იბრძვის და მეორე - ვადამდელი არჩევნებისთვის, როცა მათი ძალები ერთისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი.

„ასევე მათ არ აქვთ დასავლეთის მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. „ნაციონალური მოძრაობა" საქმეს ტვინს არ აყოლებს და კატასტროფულ შეცდომებს უშვებს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ვადამდელი არჩევნების იმედი არ აქვთ, ძალიან სწორად მსჯელობენ და „ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, მოკლევადიან შედეგზე ორიენტიერებული არ არიან.

„ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს არ ითხოვენ, ძალიან სწორად იქცევიან. ისინი ორიენტირებული არიან გრძელვადიან პერსპექტივებზე. ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ეს პარტიები გაერთიანდნენ და ახლი მესამე ძალა შექმნან „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, რაც ორივე ამ ძალისთვის არასახარბიელო იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×