თამთა ჩაჩანიძე
28.11.2021

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობა შეიცვალა. ახლა მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აღარ აქვს შეფარდებული და თუ შეიწყალებენ, დაუბრკოლებლად დატოვებს საპატიმროს. ამის შესახებ სააკაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე აცხადებს. ანალიტიკოსთა უმრავლესობა მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდება, რადგანაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბოლო თვენახევარში ორჯერ თქვა საჯაროდ უარი სააკაშვილის შეწყალებაზე და ახლა თუ აზრს შეიცლის, ამით საკუთარ ავტორიტეტს სრიოზულად დააზარალებს. თანაც, სააკაშვილის შეწყალების სამართლებრივი ან სხვა სახის ახალი არგუმენტიც არ გამოჩენილა.

„პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება", - ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა „ტვ პირველთან" განაცხადა.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თავად ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმის მოსამართლე პრეზიდენტის კომპეტენციაში ერევა და დასაშვებად მიიჩნევს სააკაშვილის შეწყალებას, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„ჩემი აზრით, მოსამართლე ორკოდაშვილმა უადგილო განცხადება გააკეთა. ვფიქრობ, რომ ეს იყო როგორც პროფესიული, ისე სამსახურებრივი ეთიკის დარღვევა, მოსამართლის საქმე არაა პრეზიდენტს თუნდაც ირიბად მისცეს მითითებები თუ რა გააკეთოს და რა არა. მოსამართლის საქმე საქმის განხილვაა.

„პრეზიდენტი რას გაკეთებს - ეს ორკოდაშვილს არ ეხება. ეს მან ერთი შეხედვით თითქოს უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენა, მაგრამ ამ წინადადებაში ფაქტიურად საკუთარი სურვილიც ჩააქსოვა. ასე რომ, ამ მოსამართლესთან დაკავშირებით სააკაშვილის საქმეზე საზოგადოებაში უკვე კითხვები გაჩნდა. ვნახოთ, რა მოხდება.

„სალომე ზურაბიშვილისგან არაოდნინალური ნაბიჯები გამორიცხული არაა, მაგრამ თუ უნდა, რომ საკუთარი რეპუტაცია და ავტორიტეტი საბოლოოდ დამარხოს, მაშინ შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ მას ამის გაკეთება უნდოდა, ორჯერ ჰქონდა ამის საშუალება, ორჯერვე უარი განაცხადა და ახლა რა შეიცვალა? საქმის გარშემო გარემოებები, როგორც ადგილობრივი ისევე საგარეო, არსებითად არ შეცლილა. შესაბამისად, შეწყალების საფუძველი მემგონი არაფერია,"- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ექსპრეზიდენტის შეწყალება გამორიცხულია, თუკი ახალი „ძალიან დიდი ფაქტორები" არ გაჩნდა.

„იმდენი თქვა ზურაბიშვილმა „დაუშვებლად მიმაჩნიაო", რომ ასეთი ნათქვამის უკან დაბრუნება ჩვეულებრივ მოქალაქესაც კი არ შეჰფერის, მით უმეტეს პრეზიდენტს. მის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს. სიტყვა თუ შეცვალა, მაშინ მისი სიტყვა წონას დაკარგავს.

„თუ ძალიან დიდი ფაქტორები გაჩნდა, კიდევ შესაძლოა რაღაც დავუშვათ. დიდ ფაქტორებში ვგულისხმობ იმას, რომ ამ პროტესტების ფონზე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის სახიფათო მოვლენები თუ მოხდა. მაგრამ თუკი უკმაყოფილების ეს ტალღა იმავე ფორმაბში ჩაივლის, რაც აქამდე იყო, მაშინ მეეჭვება, რომ ამ მასშტაბებმა ზურაბიშვბილის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×