თამთა ჩაჩანიძე
29.11.2021

კორონავირუსის ახალმა „ომიკრონ" შტამმა მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დააყენა - ის დიდი სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - ჯერჯერობით უცნობია გაუმკლავდება თუ არა მას არსებული ვაქცინები, თუმცა, ფაქტია, რომ დიდი ფარმაცევტული კომპანიები სპეციალურ ვაქცინაზე უკვე იწყებენ მუშაობას, რაც „დელტა" ვარიანტის შემთხვევაში არ იყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა "ომიკრონი" სხვა ვარიანტებთან, მათ შორის "დელტა" ვარიანტთან, შედარებით უფრო გადამდები. მათივე განცხადებით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა გაიზარდა და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის დასადგენად, ამის მიზეზი „ომიკრონია", თუ სხვა ფაქტორები.

„ჯერჯერობით გაურკვეველია, იწვევს თუ არა „ომიკრონი" უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან" შედარებით. წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონით" დაინფიცირებით.

„ვაქცინები რჩება კრიტიკულად მნიშვნელოვან ზომად მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად, მათ შორის დომინანტური ვარიანტის, „დელტას" წინააღმდეგ,"- ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.

ფარმაცეპტული კომპანიები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინის შემუშავებაზე უკვე ფიქრობენ. კომპანია „ნოვავაქსის" განცხადებით, მის ვაქცინაში "ომიკრონის" ვარიანტის მუტირებული სპაიკ ცილა იქნება, შესაბამისად ეს ადამიანებს იმუნური პასუხის გამომუშავებაში დაეხმარება. კომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, ტესტირებასა და წარმოებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგ ვაქცინა არაეფექტიანი აღმოჩნდება, კომპანია „პფაიზერ/ბიონტექი" აცხადებს, რომ შეძლებს 100 დღეში ვაქცინის განახლებული ვერსია შეიმუშაოს და მისი მიწოდებისთვის მზად იყოს.

კომპანიებმა „მოდერნამ" და „ჯონსონ და ჯონსონმა" უკვე დაიწყეს იმის შეფასება, თუ მათი ვაქცინები აღნიშნული ვარიანტის წინააღმდეგ რამდენად ეფექტურია.

ჯანდაცვის ექსპერტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი მუტაციის წარმოქნის მიზეზი ისაა, რომ აუცრელი მოსახლეობის გამო ვირუსი მეტად ვრცელდება, რა დროსაც ძლიერდება.

„ადამიანს ორი სახის იმუნიტეტი გააჩნია - არასპეციფიური და სპეციფიური, არასპეციფიური არის იმუნიტეტი ყველას მიმართ, იმიტომაა, რომ კორონა აუცრელებსაც ზოგს დაემართა, ზოგს არა. მაგალითად, ოჯახში რომ ყველა დაინფიცირდება ერთი ადამიანის გარდა, ესაა არასპეციფიური იმუნიტეტით გამოწვეული.

„არსებობს სპეციფიური იმუნიტეტი, რომელიც მხოლოდ აცრის, ან გადატანის შემდეგ ვითარდება და ის კონკრეტული ვირუსის მიმართაა, მუტირებული შტამის წინააღმდეგ კი სჯობს, რომ აცრა იმ ვაქცინით გაკეთდეს, რომელიც უშუალიოდ მის წინააღმდეგაა შექმნილი. მაგრამ, ზოგადი ფონი თუ არ შეიცვალა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სრული ვაქცინირებით მივაღწევთ, მანამდე ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება.

„უნდა გვახსოვდეს, რომ გადაცემის პროცესი, ანუ პასაჟირება ხშირია. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ვირუსის მუტაცია განვითარდეს და ფაქტიურად ახალი ვირუსი წარმოიქმნას. იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დავით თელიამ ერთ-ერთ გადაცემაში „ფაიზერის" თვისებებზე ისაუბრა, შესაბამისად ამ ვაქცინით აცრილი ხალხი ბევრი გვეყოლება, ახალი შტამით დაინფიცირების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე აუცრელებში, სიხშირეც შესაბამისად ნაკლები იქნება.

„ომიკრონი" სხვა შტამებისგან მხოლოდ კლინიკურ ფორმებით არ განსხავდება, განსხვავებაა მოლეკულურ დონეზეც. როდესაც მათი გამოკვლევა მიკროსკოპულად მოხდა, ვიზუალით აშკარად სხვანაირია - თვისებებით კი, ჯერჯერობით რაც ჩანს, ჩემი ინფორმაციით, შვიდჯერ მეტი გადამდებლობით ხასიათდება, ანუ მისი გავრცელება ადვილად ხდება.

„ეს ძალიან ცუდია, რადგან თუ ვირუსის გავრცელება სწრაფად მოხდა, ახალი შტამების წარმოქმნის კიდევ უფრო მეტი შანსია, შესაბამისად სიკვდილიანობაც გაიზრდება, აგრესიულობის შესახებ ჯერ არავინ არ იცის, ამას დრო სჭირდება, რადგან პაციენტებზე დაკვირვება უნდა მოხდეს. ამ შტამით ჯერჯერობით გარდაცვლილი არავინ არაა" - განაცხადა მან.

ხმალაძემ ის გარემოება ახსნა, თუ რატომ ტრიალებს მსოფლიო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ერთი და იგივე წრეზე.

„ერთი და იგივე წრეზე იმიტომ ვტრიალებთ, რომ არსებობს ის ფენა, რომელიც ჯერ კიდევ აცრილი არაა, ვირუსი ადამიანის ორგანიზმის გარეშე ვერ ძლებს. ვირუსის გადადების შანსი პირველ რიგში აუცრელ ადამიანს აქვს და რაც უფრო მეტს გადაედება, უფრო მეტად ძლიერდება, უფრო მეტი შანსი აქვს, რომ სახეცვლილება განიცადოს.

„ვირუსი სახეს იმიტომ იცვლის, რომ ადამიანი დიდხანს რომ ვარჯიშობს, ის სახეს იცვლის როგორც ვიზუალურად, ისე სიძლიერით, ჩვეულებრივი ადამიანი და კულტურისტები რომ შევადაროთ - იგივეა ვირუსით, ის გადარჩენას და იმას ცდილობს, რომ ჩვენს იმუნიტეტებს გაუმკლავდეს. ამიტომ ჩვენ თუ საშუალეას არ მივცემთ, რომ რომელიმე ადამიანს გადაედოს, ის გაქრება, ისევე როგორც ყვავილი გაქრა.

„სანამ ანტივირუსული პრეპარატი შექმნილი არ იქნება, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ სპეციფიკური თავდაცვაა, ეს პირველ რიგში ჯერჯერობით ფაიზერის ვაქცინას ეხება, რადგან მას ორმაგი დაცვა აქვს და შემდგომ ალბათ უკვე ამ ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გვექნება.

„ვაქცინის ორმაგი დაცვა იმას ნიშნავს, რომ ერთი, ორგანიზმი უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს და მეორე ზოგადი არასპეციფიური იმუნიტეტია, რომელიც ორგანიზმში უცხო აგენტის მიმართაა, ესაა ჩვენი ლორწოვანი, ლეიკოციტები ფაგოციტები, რომლებიც ამ ვირუსებს შთანთქავენ, თუ ისინი თავის პოზიციაზე დგანან და იმუნიტეტი ამ მრივ ძლიერია, ასეთ ადამიანს რთულია, რომ რამე ინფექციური დაავადება დაემართოს," - განაცხადა ხმალაძემ.

საკითხზე, რამდენად შეინარჩუნებს ახალი ომიკრონი შტამის მიმართ ეფექტურობას უკვე არსებული ვაქცინები, ალერგიოპლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ჯერ ეს ინფორმაცია არ არის, მსოფლიომ არ იცის".

მანამდე კულუმბეგოვმა „ფეიზბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა.

„ომიკრონით დაზაფრულებს დღის ბოლო სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს, როგორც სამხრეთ აფრიკელი ექიმი აცხადებს, ვინც ომიკრონით დაავადებულ პაციენტებს აკვირდება "უჩვეულოაო, მაგრამ სიმპტომები პაციენტების უმრავლესობას მსუბუქი აქვსო".

„ასევე, სამხრეთ აფრიკის იმ ნაწილში სადაც ბევრია ომიკრონის შემთხვევები პაციენტების უდიდესი ნაწილი კლინიკებში აუცრელები არიან.

„ატარეთ პირბადე და აიცერით რაც შეიძლება მალე!"- წერს ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×