ხატია ბერიძე
29.11.2021

,,მწვანე პასპორტი" - დოკუმენტი რომლის გარეშეც თითქმის არსად შეგვიშვებენ, მოქმედებაში რამდენიმე საათში შევა, თუმცა, მასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვებიც გაჩნდა - ვინ გააკონტროლებს ამ მექანიზმის მუშაობას და ვინ მოახდენს რეაგირებას შესაძლო დარღვევებზე.

შესაბამისი რეგულაცია საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება, მწვანე სტატუსს კი მიიღებს ადამიანი, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, აქვს 72 საათიანი „პისიარ" ტესტი, 24-საათიანი სწრაფი ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი.

17 ნოემბრიდან ამოქმედდა აპლიკაცია Georgia e-Health , რომლითაც შესაძლებელია იმ სპეციალური კოდის მიღება, რომელიც „მწვანე პასპორტს" წარმოადგენს. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ეს დოკუმენტები ნაბეჭდი ფორმით იუსტიციის სახლებში უფასოდ აიღონ.

,,მწვანე პასპორტს" არ მოითხოვენ ისეთ ადგილებში, სადაც თქვენი ყოფნა სიცოცხლისთვის აუცილებელ მოხმარების სერვისებს უკავშირდება, მაგალითად: კლინიკაში შესვლისას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას, არც მაღაზიაში პროდუქტის ყიდვისას.

"ეს დოკუმენტი დასჭირდება 18 წლის ზევით ყველა მოქალაქეს, თავშეყრის ისეთ ადგილებში, რაც გადაუდებელ სერვისებს არ მიეკუთვნება: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების საბაგირო გზებზე. ამ ობიექტებზე წვდომა მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" იქნება დაშვებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება დამატებითი კითხვები თუ ვინ შეამოწმებს და გააკონტროლებს,,მწვანე პასპორტს", რა მოხდება თუ რეგულაციას დაარღვევენ? ერთი დოზით ვაქცინირებულებს შეუშვებენ თუ არა დაწესებულებებში? ,,მწვანე პასპორტი" მხოლოდ სტუმრებს მოეთხოვებათ, თუ მომუშავე პერსონალსაც? ეხება თუ არა ეს შეზღუდვა იმ კვების ობიექტებსაც, სადაც შესვლისთვისაც საჭირო მწვანე პასპორტი არ არის?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი ამირან გამყრელიძე მწვანე პასპორტის შემოწმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა აქ ორ მხარეს დაეკისრება. თავად ობიექტებს და მათ ვინც კოვიდრეგულაციების დაცვას ამოწმებს - შრომის ინსპექციას, მერიის ზედამხედველობის სამსახურს და პოლიციას.

,,შრომის ინსპექცია შერჩვითად გააკონტროლებს მოქალაქეებს აღნიშნულ ობიექტებში, რადგან თითოეული ადამიანის გაკონტროლება ძალიან რთულია, ეს დამოკიდებულია ობიექტის პასუხისმგებლობაზე, რასაც თვითონ დაწესებულება გააკონტროლებს", - აცხადებს გამყრელიძე.

,,მწვანე პასპორტის" რეგულაციის დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით, ხოლო ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი დოზით ვაქცინირებულ პირებს შეეძლებათ თუ არა პასპორტის აღება და შეუშვებენ თუ არა დაწესებულებებში, ამ საკითხზე დაავაადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ,,რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხოლოდ ორი დოზის შემდეგ გაცემული კოვიდ პასპორტი იქნება სრულყოფილი და ვალიდური.

რაც შეეხება დაწესებულებში მომუშავე პერსონალის ვაქცინაციას ამასთნ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტებს" მხოლოდ ობიექტის სტუმრებს მოსთხოვენ და არა იქ დასაქმებულ პერსონალს.

ხოლო იმ ადგილებში შესასვლელად სადაც ,,კოვიდ პასპორტი" საჭირო არ არის, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, მომხმარებლებს სავაჭრო ცენტრებში არსებულ კვების ობიექტებზე და გასართობ დაწესებულებაში შესვლისათვის ,,მწვანე პასპორტს" აუცილებლად მოსთხოვენ.

ამასთან, საქართველოში გაცემული ,,მწვანე პასპორტის" გამოყენება შესაძლებელი იქნება ევროკავშირის 27, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 22 ქვეყანაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×