თამთა ჩაჩანიძე
30.11.2021

29 ნოემბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავის სასამართლო პროცესზე პირველად მიეცა შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის არა წერილობით, არამედ სიტყვიერად მიემართა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ იმოქმედონ - „საკუთარ კარმიდამოში მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტები შექმნან" და პატიმრობიდან გაათავისუფლონ, რათა შემდეგ ისევ მათ დაეხმაროს. ამას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას ალოგიკურს უწოდებს.

„მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს - თავის ეზოში, თავის საკარმიდამოში, თავის სოფელში შექმნას თავისი საკუთარი „მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი პუტინის ტყვეობიდან..." იმისათვის, რომ დაგეხმაროთ. მე არ უნდა ვიჯდე ამ ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს... თქვენ იცით, რა ენერგია მაქვს და რა შესაძლებლობები მაქვს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც ძაბირაძე ამბობს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ზემოთ აღნიშნული განცხადება ლოგიკაში არ ჯდება, ერთი პრობლემაცაა, რაც მის იდეის განხორციელებას ხელს მნიშვნელოვნად უშლის - მათი უმეტესობა, ვინც არჩევნებზე ხმას ენმ-ს აძლევს, ქუჩაში გამოსვლისთვის მზად არ არის.

„ცოტა უცნაური განცხადება გააკეთა, მაინცდამაინც ლოგიკას ვერ ვხედავ. ხალხს კი მოუწოდა, რომ გამოდით და ქუჩით აიძულეთ ხელისუფლება, რომ გამათავისუფლონო და მერე მე მოგეხმარებითო. მაგრამ ამდენი ძალა თუ ექნა, რომ იგი გამოიხსნან, მაშინ გათავისუფლებული სააკაშვილი რაღაში სჭირდებათ? მაშინ ხელისუფლებას პირდაპირ ჩაანაცვლებენ და ეგ იქნება. რაღაც უცნაური და არალოგიკური განცხადებაა.

„გარდა ამისა, მოსახლეობა შესაძლოა უკმაყოფილოა და ამ ქვეყანაში კმაყოფილი როგორ შეიძლება იყო, მაგრამ დღეს ხალხში ასეთი აგრესია არაა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. ერთია, რომ ადამიანი არჩევნებზე მივა და ხმას მოგცემს, მაგრამ არის თუ არა მზად ქუჩაშიც იყოს? ეს გუშინდელმა დღემაც დაადასტურა - თავად მათი მხარდამჭერი ტელევიზიებიც აღიარებდნენ, რომ არც ისე მასშტაბური აქცია იყო მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა, „ნაცმოძრაობამ" მოუწოდა და ამინდიც მშვენიერი იყო. ასევე, როგორც თავად ამბობენ, სააკაშვილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო.

„მიუხედავად ამისა, აქცია მასშტაბური არ იყო, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო ცოტა ხალხი იქნება. ზოგიერთებს მცდარი წარმოდგენა აქვთ, რომ თავისი ნება ხალხს მოახვიონ. კი, ბატონო, მოუწოდა, მაგრამ „მიშას განმათავისუფლებელი კომიტეტი ეზოში და საკარმიდამოში შექმენითო", ეს, რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკური და უფრო არასერიოზული განცხადებაა.

„ამ ლოგიკით ხალხმა ხელისუფლება უნდა აიძულოს, რომ გაათავისუფლოს. ამას სჭირდება ქუჩიდან მასიური პროტესტი და დასავლეთის მხარდაჭერა. დღეს არც ერთი აქვს და არც მეორე. ესეც რომ არ იყოს, თუ ხელისუფლებას იქამდე მიიყვან, რომ იძულებული გახდება სააკაშვილი გათავისუფლდეს, მაშინ ამის მაგივრად ხელისუფლების ჩანაცვლება მოითხოვე, მოხვალ ხელისუფლებაში და მერე მასაც გაათავისუფლებ და სხვასაც. ამას სააკაშვილის ენერგია რაში სჭირდება, ეს არ მესმის.

„სააკაშვილის მოწოდება, რომ ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს, ცუდია, იმიტომ კი არა, რომ დღევანდელი ხელისუფლებაა კარგი, არამედ იმიტომ, რომ ეს იმედი გაცუდდება და საბოლოო ჯამში ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება. ისედაც მოსახლეობაში ამ პოლიტიკური სპექტრისა და ოპოზიციისადმი საკმაოდ ცუდი დამოკიდებულებაა და თუ უნდათ, რომ საერთოდ განულდნენ, მათი ნებაა. ოღონდ რაღაცას რომ აკეთებ, ცოტა ტვინი უნდა მიატანო - 30-წლიანი გამოცდილებაა", - განაცხადა ძაბირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×