თეონა ვეშაგური
30.11.2021

უახლოეს დღეებში ახალი საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართება, რაც შესაძლოა ახალი კონფლიქტის დასაწყისი გახდეს. იმ საკრებულოებში, სადაც უმრავლესობა ვერცერთმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ მოიპოვა, პარტია „საქართველოსთვის" საკრებულოეს თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატების დასახელებას გეგმავს. „ქართული ოცნების" წევრი და რუსთავის ახლადარჩეული მერი ნინო ლაცაბიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მმართველი პარტია ამას მხარს არ დაუჭერს. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ადგილობრივ დონეზე „ოცნება" შესაძლოა ოპოზიციაშ აღმოჩნდეს და ძალაუფლება ხელში აიღოს ენმ-სა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის კოალიციამ.

პარტიას „საქართველოსთვის" გადამწყვეტი როლი ექნება 7-დან სულ მცირე იმ 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევაში, სადაც „ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა ვერ მოაგროვა. ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მათი მხარდაჭერის გარეშე ცალკე აღებული ვერც „ქართული ოცნება" და ვერც „ნაციონალური მოძრაობა" ვერ შეძლებს მათთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას.

მეშვიდე - მარტვილის მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას" შეუძლია „ევროპელ სოციალისტებთან" თანამშრომლობა და ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის გარეშე მისთვის სასურველი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

როგორც ლაცაბიძე „რეზონანსთან" აცხადებს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ საკრებულოებში მხოლოდ „ოცნების" გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

„საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო. პირველ სხდომაზე არჩეული კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილნი და საკრებულოს თავმჯდომარე აირჩევა ისე, როგორც რეგლამენტის მიხედვით არის გაწერილი.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს კანდიდატის წარდგენის უფლება, თუმცა „ოცნების" წევრები მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების" პარტიის მხრიდან საკრებულოში შესული ადამიანების მიერ იქნება დაყენებული.

„რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ კოალიცია შეიქმნას ენმ-ისა და პარტია „საქართველოსთვის" შორის, ეს ჩემთვის არ არის მისაღები, არ გვსურს ასე წარიმართოს პროცესები. თუმცა, გვაქვს ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელიც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს და არჩევანი გააკეთეს სწორედ ასე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებული ვართ, რომ კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების" მხრიდან იქნება დაყენებული, მოიპოვებს უმრავლესობის ხმებს და თავმჯდომარე გახდება", - განაცხადა ლაცაბიძემ.

პარტია „საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ ჯერ კიდევ 22 ნოემბერს განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტიის „საქართველოსთვის" მანდატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს თავად დააყენებენ.

ქემოკლიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" მათ მხარს დაუჭერენ, თავად ამ პარტიების წარმომადგენლები კი - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს დაიკავებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×