თეონა ვეშაგური
30.11.2021

„ევროპელი სოციალისტების" ლიდერი, დეპუტატი ფრიდონ ინჯია მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ დროა ხელისუფლებამ შესაბამისი კანონი მიიღოს, სადაც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს „ჩარჩოებში ჩასვამს". მისი უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილმა წერილმა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აწერს ხელს.

„ქართულ ოცნებაში" არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რაიმე შეზღუდვების საკანონმდებლო დონეზე დაწესების იდეას არ ეთამხმებიან.

ქართველი პოლიტიკოსები, სამოქალაქო თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ხელოვანები და ჟურნალისტები აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ და სთხოვენ, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ნებას თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია იყენებს ყველა მეთოდსა და საშულებას ძალაუფლების გასახანგრძლივებლად ისე, რომ არ ითვალისწინებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს.

„ამ დღეებში გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ წერილი, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც იცავს მკვლელებს, მოძალადეებს, მწამებლებს, ხაზინის ქურდებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს სიას და აღმოაჩენს იმას, რომ ნახევარზე მეტი იქ ხელისმომწერი არის საჯარო სამსახურში და მას ხელფასს სახელმწიფო უხდის იმისათვის, რომ ეს სახელმწიფო დაანგრიოს, მეორე ნაწილი კი არის ის არასამთავრობოები, რომლებიც გარედან იკვებებიან. დროა ხელისუფლებამ ამ მხრივ მიიღოს შესაბამისი კანონი, სადაც ის რაღაც ჩარჩოებში ჩასვამს არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, დადგეს თავის სიმაღლეზე, კანონისა და სამართლიანობის სადარაჯოზე, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს ქვეყნის არეულობისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობა", - განაცხადა დეპუტატმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე.

როგორც „რეზონანსთან" საუბრისას „ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური მიზნები აქვთ, თუმცა ეს არ არის ახალი კანონის მიღების საფუძველი.

„თუ ღია წერილის ავტორები აშშ-ის პრეზიდენტს იმიტომ მიმართავენ, რომ ოპოზიას დაუჭიროს მხარი, ეს შეურაცხმყოფელია როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვისაც.

„ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასეთი კონტექსტის წერილს უგზავნის საერთაშორიო პარტნიორებს, არ შეიძლება არასამთავრობოდ ჩაითვალოს. პრაქტიკულად მათ პოლიტიკური მიზნები აქვთ.

„არასამთავრობო ორგანიზაციას რატომ ჰქვია ეს სახელი? - იმიტომ, რომ არ არის პოლიტიკური შინაარსის მქონე ორგანიზაცია. როდესაც ის კონკრეტული პარტიის სიმპათიებიდან გამომდინარე საზღვრავს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს, შინაარსობრივად აღარ არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ამიტომ არ ვიცი რა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობის" დანამატები ყოველთვის ასე იქცეოდნენ", - განაცხადა მაჭარაშვილმა „რეზონანსთან".

თუმცა, იგი არ ეთანხმება ფრიდონ ინჯიას განცხადებას და საჭიროდ არ მიიჩნევს რაიმე ახალი კანონის შემოღებას. მისივე თქმით, მსგავსი თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობები ყველას რეალურ სახეს ავლენს საზოგადოების წინაშე.

„რაც შეეხება აკრძალვას, არ მგონია საჭირო იყოს მსგავსი კანონის შემოღება. ასეთი საჯარო წერილებით ყველა თავის თავს ამხელს და ეს უკეთესიცაა. საზოგადოება დაინახავს ვის რა მიზანი აქვს", - განაცხდა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×