თამთა ჩაჩანიძე
01.12.2021

„ომიკრონს" მსოფლიო ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადაჰყავს - ქვეყნები ვაქცინების „ბუსტერ" დოზის ვადებს ამცირებენ, ამასთანავე, მუშაობენ მოდერნიზებულ განახლებულ „პისიარ" ტესტებზე, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ. ახალ ტესტებს საქართველოც უახლოეს პერიოდში ელოდება, მესამე დოზის გაკეთების ვადას რაც შეეხება, ის შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.

ქვეყანაში კორონავირუსული სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია, სადაც დომინანტი „დელტა" შტამია. იმის გამო, რომ ახალი „ომიკრონ" შტამი სწრაფად ვრცელდება, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მან საქართველოშიც უახლოეს პერიოდში შემოიაღწიოს.

ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.

„ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ.

„6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ახალი დამატებითი საფრთხის გამო, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ" დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, ბრიტანეთის მსგავსად 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.

"ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება „ბუსტერის" ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს „ომიკრონს" უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს.

ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე „ბუსტერის" პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს",- აღნიშნავს გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან", რომელმაც ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი" მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით" და „სინოვაკით" აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ" დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბუსტერ დოზის ვადის შემცირებას ემხრობა, რადგან ახალი შტამის პირობებში მოსახლეობა რაც უფრო მეტად იქნება იმუნიზირებული, ნაკლები რისკია.

„ომიკრონის" შესახებ ჯერ კვლევები გრძელდება, ამიტომ დაზუსტებით საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ „ბუსტერ" დოზის ვადის შემცირება ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან არის კვლევები, რომელიც გვიჩვენებს, რომ არსებული ვაქცინები „ომიკრონიოსგან" მეტ-ნაკლებად გვიცავს, ამიტომ, ვაქცინით რაც უფრო მეტ ადამიანს მოვიცავთ, დაავადების გავრცელებას ხელს შევუშლით.

„არის კვლევები, რომელიც გვიჩვენებს, რომ „ომიკრონი" ძირითადად იმ რეგიონებში და იმ ადამიანებში ვრცელდება, ვინც ვაქცინირებულები არ არიან, ამიტომ ვაქცინას ამ შტამის და ნებისმიერი სხვა შტამის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილი რაც უფრო კარგად იქნება იმუნიზირეული, მით ნაკლებია რისკები, რომ ნაკლებად გავრცელდეს, გინდ ახალი და გინდ სხვა შტამები.

„ამიტომ, ჩემი აზრით, ბუსტერის დოზის ვადის გადმოწევა იმუნური ფენის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა, რადგან ჩვენი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 35%-მდეა ვაქცინირებული და გარდა ბუსტერისა, დანარჩენ მოსახლეობაში რომელიც იმუნიზირებული არაა, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად უნდა წავიდეს იმისთვის, რომ თუნდაც ომიკრონს და სხვა შტამის აქტიურად გავრცელებას შევუშალოთ ხელი,"- განაცხადა გოგინავამ.

რაც შეეხება მოდერნიზებულ პისიარ ტესტებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამას საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს.

"სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს - „ომიკრონს". ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი „პისიარ" მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, „ომიკრონის" ამოცნობა სპეციალური „პისიარით" ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური „პისიარი", რომელიც ჩვენ გვაქვს „დელტა" და „ალფა" შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.

„ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა „ომიკრონზე". აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს „პისიარ" დიაგნოსტიკას.

„ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს, აქ არის სპეციფიური მუტაციები, რომელსაც ჩვენ სეკვენირებთ ვადასტურებთ.

„ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური „პისიარი" მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია.

„სპეციფიური „პისიარი", დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს „ომიკრონის" შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას", - აღნიშნავს გამყრელიძე „ინტერპრესნიუსთან".

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი შტამის ბევრი მუტაცია იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შესაძლოა არსებულმა ტესტ-სისტემებმა ვირუსი ბოლომდე კარგად ვერ ამოიცნოს.

„პრობლემა იმაშია, რომ ომიკრონი აქამდე არსებულ სხვა შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ნანახ იქნა ძალიან ბევრი 50-მდე მუტაცია, მათ შორის სპაიკ პროტეინზე, რაც ბადებს იმის განცდას, რომ შესაძლებელია არსებულმა ტესტ სისტემებმა, ეს ვირუსი ბოლომდე კარგად ვერ ამოიცნონ.

„აქედან გამომდინარე, მოდერნიზებული, განახლებული ტესტების შექმნა და შემოტანაა აუცილებელი, რაზეც მსოფლიოში უკვე მიდის მუშაობა და იმედია საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდება

„რა თქმა უნდა, არსებობს სპეციფიური კვლევის ტესტები, რომლითაც ამ ვირუსის ამოცნობა შესაძლებელია, ის რომ არსებული ტესტები საერთოდ არ ამოიცნობს, ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ამის მოდიფიკაცია მოხდეს, რომ ცდომილება რაც შიძლება ნაკლები იყოს და მეტი შემთხვევა გამოვლინდეს, თორემ არსებული ტესტსისტემებით და სხვა უფრო ღრმა კვლევის საშუალებებითაც ვირუსის გენომის გაშიფვრას ახდენს,"- განაცხადა გოგინავამ.

გარდა ამისა, 1-ელი დეკემბრიდან უკვე ძალაში „მწვანე პასპორტები" შემოვიდა, რაც სპეციალისტების ნაწილის აზრით, ეპითვითარების სტაბილიზაციას და იმუნიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, იმას თუ როგორ დააზღვევს სახელმწიფო, რომ პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი" არ აქვთ მინიჭებული, სხვა ადამიანების ბარათებით არ ისარგებლებენ.

„ყოველთვის კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ. გარკვეული ხვრელი ყველა რეგულაციაში არსებობს. ეს ყველაფერი პირველ რიგში, ადამიანის კეთილსინდისიერებასა და პატიოსნებაზეა დამყარებული. არ უნდა გავაკეთოთ ეს. „მწვანე პასპორტში" მითითებულია პირადი ნომერი, ასევე სურათიც, QR კოდის სკანირების დროს გამოჩნდება მოქალაქის პირადი ნომერი და ფოტოც.

"დაწესებულებები მოახდენენ პირის იდენტიფიცირებას. შესაძლოა, პირს მოსთხოვონ პირადობის მოწმობა და შემდეგ შეადარონ. დაწესებულებებმა უნდა გააკონტროლონ „მწვანე პასპორტი". შრომის ინსპექცია კი დაწესებულებებს შერჩევითად გააკონტროლებს", -აღნიშნა გამყრელიძემ „ინპერპრესნიუსთან".

„ომიკრონის" საფრთხეს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია ურთულესია, ამის გამო პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ ტრაგიკული სურათის თავიდან არიდების მიზნით აიცრან.

„მოსახლეობას მივმართავ, მუხლმოდრეკით გთხოვთ, აიცერით. მარტო აცრა კი არ არის მთავარი, ის ვალდებულებები შევასრულოთ, რომელიც ჩვენ ადმინისტრირებაში მექანიკურად დაგვეხმარება ამ ვირუსის არიდებაში - ეს არის ნიღაბი და ვატაროთ ის წესიერად. ნუ მოვერიდებით, ერთმანეთს მივუთითოთ, რომ ნიღაბი ვატაროთ. ნუ ვილაპარაკებთ ერთმანეთთან ძალიან ახლოს, პირისპირ. განზე ელაპარაკეთ! და ძალიან ბევრიც ნუ შევიკრიბებით", - აღნიშნა კახაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×