ელზა პაპოშვილი
01.12.2021

1 დეკემბრიდან  საქართველოში "მწვანე ბარათი" ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.

ამბობენ, რომ რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ. მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის სამუშაო დროის შეზღუდვა იხსნება და ობიექტები მათთვის სასურველი დროით იმუშავებენ.

"მწვანე პასპორტები ეს არის პირობა, რომლის შედეგადაც ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა ამუშავდეს. მოსულ სტუმარს აქვს QR კოდი, რომელიც სმარტფონით ნამდვილად გაკონტროლდება, სადაც დანახული იქნება პიროვნების სახელის და გვარის ინიციალები და სახე და, ამ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც "მწვანე პასპორტს" ეკუთვნის,"- აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.  

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ე.წ. მწვანე სტატუსის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შრომის ინსპექტორები პროცესს უწევენ კონტროლს და ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

გარდა ამისა, ბექა ფერაძის თქმით, დაიწყო აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზე, რომელიც იმ ობიექტებს გადაეცემათ, სადაც დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა ვაქცინირებულია. 

"როგოც მოგეხსენებათ, დღეიდან ამოქმედდა მწვანე ზონების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ობიექტებზე იმ პიროვნებების დაშვებას, რომელთაც აქვთ მხოლოდ მწვანე სტატუსი. მწვავე სტატუსის წინაპირობაა, ან უნდა ჰქონდეს გადატანილი პიროვნებას კოვიდი ან უნდა იყოს ვაქცინირებული და ასევე, pcr თუ სწრაფი ტესტით დატესტვა 72 და 24 საათის განმავლობაში არის აბსოლუტურად თავსებადი ამ მოთხოვნებთან.

1 დეკემბრის დილიდან შრომის ინსპექტორები აკონტროლებენ ამ პროცესს, საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს და ხარვეზები არ ფიქსირდება ძირითად შემთხვევაში, ბიზნეს ობიექტები მზად შეხვდნენ ამ პროცესს. მიუხედავად ამისა, არის პირველი დღე და შესაძლებელია გარკვეული კითხვები არსებობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ 1505, ისევე როგოც 1522 და 144-ის ცხელი ხაზი მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და მუდმივად მივაწვდიან ყველას ინფორმაციას.

გარდა ამისა, დავიწყეთ აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზე, რომელიც მიენიჭება იმ ობიექტს, რომლის დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნება აცრილი. დაახლოებით 80%-ზე დღეის მდგომარეობით საუბარი,“ - ამბობს ბექა ფერაძე. 

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეცდომაა ის, რომ ყველა ადამიანს, ვინც ოდესმე კორონავირუსი გადაიტანა, "მწვანე სტატუსი" ენიჭება.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ მხოლოდ იმ პირებს უნდა მიეცეთ კოვიდპასპორტი, ვინც კორონავირუსი ბოლო 6 თვეში გადაიტანა და იმედოვნებს, რომ საბჭო ამას გამოასწორებს.

"ეს არის ძალიან დიდი შეცდომა საკოორდინაციო საბჭოსი, რომ ყველა კოვიდგადატანილს აძლევს "მწვანე პასპორტს." მხოლოდ იმათ, ვისაც ბოლო 6 თვეში აქვთ გადატანილი, უნდა მიეცეთ "მწვანე პასპორტი", ასეა უცხოეთის ყველა ქვეყანაში. რა გამოვა - საქართველოს ნება ორი კოვისდპასპორტი - ერთი უცხოელებისთვის სადაც მხოლოდ ბოლო 6 თვის კორონავირუსის გადატანა ჩაითვლება და მეორე, შიდა მოხმარებისთვის - სადაც ყველა კოვიდგანატანილი ჩაითვლება. ეს სწორი არაა და, იმედი მაქვს, გამოასწორებენ,"-აცხადებს ცერცვაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ის გადაწყვეტილება, რომლითაც კორონავირუსგადატანილ ყველა ადამიანს "მწვანე სტატუსი" მიენიჭა, შესაძლოა, გადაიხედოს.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობა ახალი შტამებიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით შეიძლება შეიცვალოს. 

"გადატანის სტატუსი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს უვადოდ და რამდენად უნდა ჰქონდეს პირს იმის შესაძლებლობა, რომ ჩაითვალოს ეპიდუსაფრთხოდ, გახდა პირველივე დღიდან დავის საგანი ექსპერტების ჯგუფში. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება ამ სახით მივიღეთ, თუმცა, იმ ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ახალი შტამების გამოჩენას, ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შეიძლება დაუბრუნდეს ისევ განხილვას და მივიღოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება,"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, კოვიდგადატანილებთან დაკავშირებით, ე.წ. მუდმივი მწვანე სტატუსის გადაწყვეტილება გადაიხედოს.

 "იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო მწვანე პასპორტის იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდი ეს არის ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×