თამთა ჩაჩანიძე
02.12.2021

საპროტესტო მუხტი დაეცემა, ოპოზიციას თავისი მხარდამჭერებიც კი ქუჩაში მხარს არ უჭერენ, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში არასწორი ტაქტიკით მიდიან - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

2 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშილის სასამართლო პროცესის პარალელურად შენობის გარეთ მისი მხარდამწერების აქცია გაიმართა, ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ მანამდე განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები „არ მინავლდება".

„ასოც კაციან აქციებში ბუნებრივია სააკაშვილის მიმდევრები არიან, ზოგი მათგანი დაქირავებულია, მაგრამ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად აქვთ, თუ კანონს დაიცავენ და პოლიციელებზე და სასამართლო შენობაზე თავდასხმას არ მოახდენენ. რაც შეეხება ამ აქციების განგრძობადობას, დეკემბერია, ახალი წლები მოდის და საპროტესტო მუხტი დაეცემა, ოპოზიციას თავისი მხარდამჭერებიც კი ქუჩაში მხარს არ უჭერენ, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში არასწორი ტაქტიკით მიდიან," - განაცხადა გია აბაშიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ „კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული" და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, რაზედაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. კითხვაზე, რამდენად შეიძლება განაწყენებული ოპოზიციური პატარა პარტიები ენმ-ს აქციებს შეუერთდნნენ, აბაშიძე აცხადებს, რომ შესაძლოა შეუერთდნენ, თუმცა მათი ერთობლივი აქცია პოლიტიკურ ამინდს ვერ შეცვლის.

„რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, ეს მმართველი გუნდიდან პირველი არ იყო, მათ ადრეც თქვეს, რომ თუ ოპოზიციასა და „ოცნებას" შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა და პაექრობა იქნება, მაშინ „ქართული ოცნება" ამაზე დაფიქრდება, რადგანაც მართლაც ამის საჭიროება არაა, რადგან როგორც წლევანდელი, ისე შარშანდელი არჩევნები ლეგიტიმურად ცნეს, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არბიტრებმა, შესაბამისად ეს ბარიერიც იქნება ისეთი, როგორიც არის 5%-იანი, მაგრამ სრულად პროპორციული, ისევე, როგორც ევროპის არაერთ ქვეყანაშია.

„ასე რომ, ოპოზიციას არგუმენტი ნამდვილად არ აქვს, მათ დარჩათ მხოლოდ ის, რომ ხმაურიანი პერფორმანსები მოაწყონ რუსთაველის გამზირზე ან საქალაქო სასამართლოსთან, მაგრამ თავადაც ხედავენ, რომ ქუჩაში მხარდამჭერთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

„შესაძლოა ამის შემდეგ ენმ-ესთან ერთად აქციები გამართონ, მაგრამ თვითონ ამ პარტიების ბრალია, რომ მმართველმა გუნდმა მათ მუდმივ დესტრუქციას ასე უპასუხა, ეს იქნება პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება, დეპუტატის მანდატის დატოვება, ქუჩაში დესტრუქცია.

„თუმცაღა „ლელო" და „სტრატეგია აღმაშენებელი" ენმ-ეს აქციებს შეუერთდება თუ არა, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან პარტიების ლიდერებს შორის აშკარა დაპირისპირებაა და ამიტომაც ეჭვი მეპარება, თუ ამ პარტიებს რაღაცის მიღწევა უნდათ, რაღაც პირობოთ კოალიციაში კონსტრუქციულად გაერთიანდნენ და მოითხოვონ ეს როგორც საქართველოში, ისე დასავლეთის დედაქალაქებში, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ისინი დესტრუქციას მაინც ჯიუტად განაგრძობენ, უაზრო მოთხოვნებს ჯიუტად არიან გამოკიდებულები და ამ დროს მთავარი მოთხოვნა მათგან შეუსრულებელი რჩება.

„ამიტომ სჯობს დაფიქრდნენ, მომავალში ტაქტიკა და სტრატეგია როგორ შეცვალონ, რათა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები და გარკვეული საკითხების გადაწყვეტა მიღწევადი იყოს. მათი ერთობლივი აქციაც კი პოლიტიკურ ამინდს არანაირად არ შეცვლის, რადგან მაქსიმალური რესურსების მობილიზებით, მათ 14 ოქტომბრის აქციის ჩატარება მოახერხეს, იქ რამდენი ათასი იყო, ამაზე ნუ ვიდავებთ, თუმცა ეს რესურსების მაქსიმალური გამოყენება იყო, შიდა და სხვადასხვა კვლევებითაც ხომ ხედავენ, რომ ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში არ დგას, საზოგადოების უდიდეს ნაწილს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა აიტერესებს და არა არჩევნები და ხუთი თუ ორნახევარპროცენტიანი ბარიერი. ოპოზიცია ისევ იმ მოჯადოებულ წრეზე დადის, რასაც საზოგადოების ინტერესებისგან აცდენა ჰქვია," - განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×