ელზა პაპოშვილი
03.12.2021

სად არის ოპოზიცია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში რატომ გაუჩინარდა? ისინი უკვე რამდენიმე კვირაა მომხრეებისთვის ერთსა და იგივე მესიჯბოქს ავრცელებენ, რომ მათი სამოქმედო გეგმა ცნობილი მალე გახდება, თუმცა ჯერ კიდევ არასად ჩანან. 

ეს არის ანონსის დაუსრულებელი ანონსი, სადაც უკვე მერამდენედ ვისმენთ, რომ ოპოზიციას გეგმა აქვს და ამ გეგმას მალე გაგვაცნობენ. უწყვეტი პროტესტი გაწყდა და ახლა მთელი ყურადღება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზეა გადასული. თუმცა როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნახევარმილიონიანი მხარდამჭერების მქონე  ოპოზიციური პარტია  სააკაშვილის პატიმორბის გასაპროტესტებლად 500-მდე კაცსაც ვეღარ აგროვებს. რა დაემართა ოპოზიციას და თუკი მათი უმოქმედობა ამ ტეპით გაგრძელდა, როგორ შეიძლება ქვეყანაში მოვლენები განვითარდეს?  

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიცია თავის თავს ეძებს, ქუჩაში გამოდის, ხმაურობს და ჰგონია, რომ ეს ჩვენს მოსახლეობას უნდა. არადა რეალურად ახლა მათ ამომრჩეველს ქუჩა არ აინტერესებს და პირიქით, კონსტრუქციული და საქმეზე ორიენტირებული ოპოზიცია სჭირდება. ამიტომაც უკვე რამდენიმე კვირაა, ისინი თითქმის  გაქრნენ და საკუთარი თავის ძიებაში არიან. დაშვებულმა არასწორმა ტაქტიკურმა ნაბიჯებმა, მოსახლეობაში მათი მარგინალიზება გამოიწვია. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს აჰყვნენ, რის გამოც საზოგადოება გაუწყრა. 

„ძნელია ხალხს მოთხოვო იმ შეძახილის დაჯერება, რომელიც 2012 წლიდან გამუდმებით ისმის, მაგრამ არასდროს სრულდება. ამდენი წელია ნათქვამი ვერ შეასრულეს. მგელი, მგელიო, და როცა მგელი  მართლა გამოჩნდა, აღარავინ გამოეხმაურათ. ოპოზიცია ერთსა და იგივეს რომ იძახის და შედეგი არ არის, ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს. როცა ოპოზიცია გამოდის და მოსახლეობას იმედს აძლევს სამ თვეში, ორ კვირაში და ა.შ მივაწვებით და ხელისუფლება ჩამოინგრევა, ასეთი მაღალი თამასის აწევით, საკუთარი თავის მარგინალიზებას ახდენენ. 

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მათდამი ნდობა კიდევ დიდხანს გამოავლინა. ოპოზიციის არასწორმა ტაქტიკამ და სტრატეგიამ მათი განულება გამოიწვია. ასევე ამ ყვლაფერს მიხეილ სააკაშვილის  ქვეყანაში დაბრუნება დაემთხვა. მან მთელი ოპოზიციის მაგივრად შეძლო, რომ ყუარდღება მასზე გადასულიყო. ის სააკაშვილია და ასეთი პოლიტიკური ფიგურაა. ამიტომაც ხელებჩამოშვებული ოპოზიცია მოსახლეობის თვალში კიდევ უფრო სუსტად ჩანს. სააკაშვილმაც დიდი  ვერაფერი გააკეთა. უბრალოდ ის ახლა ყურადღების ცენტრშია და სხვა ვერც ვერაფერს ახერხებს. თუკი ოპოზიცია გონს დროზე არ მოეგო, ეს ქვეყნისთვისაც ძალიან ცუდი შედეგით დასრულდება“, -ამბობს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“.   

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის  მარგინალიზება მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ სასამართლო სხდომებზე  მისმა არაადეკვატურმა განცხადებებმა როგორც ოპოზიციაში, ასევე მისავე პარტიაში დაბნეულობა გამოიწვია. 

„ჩვენ გვახსოვს, რომ ნაცოპოზიცია იმუქრებოდა და პირობას დებდა, ე.წ. კოალიციური მთავრობა იქნებოდა. შტაბები შეიქმნებოდა და დიდი ერთობა შეიკვრებოდა. არადა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მისაყვანად 100-მდე კაციც ძლივს შეკრიბეს. ფაქტია, რომ შიდა დაბნეულობა და გაურკვევლობაა. ოპოზიცია ე.წ. პარლამენტის ბოიკოტირების საკითხშიც ვერ გაერკვა რა გააკეთონ. მაგალითად პარასკევს მინისტრის  საათის ფარგლებში  თეა წულუკიანი გამოვიდა და ოპოზიციის რაღაცა ნაწილი ესწრებოდა, ესეც  დესტრუქცია და გარკვეული პერფომანსები რომ  მოეწყოთ. საკრებულოებში ზოგან მივიდნენ და ზოგან არ მივიდნენ. შემდეგ მამუკა მდინარაძემ გვამცნო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია თბილისში ფონიჭალაში ერთ-ერთ სახლში ჰყავდათ გამოკეტილი. ანუ ერთმანეთს ისე აღარ ენდობიან, რომ გამოკეტვებზე, გაბუტვაზე არიან გადასულები. ოპოზიციაში თანმიმდევრული სწორხაზოვანი ქმედებები აღარ არის და ზიგზაგურ ქმედებებზე არიან გადასულები. ეს კი პირველ რიგში იმედგაცრუებას იმ ელექტორატში იწვევს, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერი არ არის, მაგრამ რა ქნას, რომელ კონსტრქუციულ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი. ამიტომ ეს ქართული პოლიტიკისთვის  ძალიან ცუდია და იმედი მაქვს ადრე თუ გვიან ოპოზიციურ ველზე ეს სიტუაცია შეიცვლება. ასე დატოვება ქვეყანას დააზიანებს“, -ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ის პარტიები, რომლებსაც პოლიტიკურ ველზე დარჩენა უნდათ, ენმ-ს უნდა გაემიჯნოს. ეს პარტია პრობლემას უკვე საკუთარ მხარდამჭერებსაც კი უქმნის. 

„აღმაშენებლის ხეივანს 100 კაცით, რომ გადაკეტავ და პრობლემას სასწრაფოების გადაადგილებას უქმნი, სადაც პოტენციურად შენი ამომრჩეველია, ის მხარს აღარ დააგიჭერს. ოპოზიცია არასწორი ქმედებებით, ამომრჩევლის  მიმხრობას კი არა,  დაკარგვას ახერხებს. დესტრუქციული ქმედებები მოსახლეობას აღარ უნდა და ოპოზიციისგაან სამუშაო რეჟიმში მოქმედებას ითხოვს. ამიტომ პატარა პარტიებმა  უნდა გადაწყვიტონ, რომ სააკაშვილის პარტიას ჩამოშორდნენ“,-ამბობს აბაშიძე „რეზონანსთან“. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×