თეონა ვეშაგური
04.12.2021

საქართველოს მუნიციპალიტეტებში მუშაობა დაიწყეს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა საკრებულოებმა, თუმცა, პირველ სხდომებს უხმაუროდ არ ჩაუვლია. იქ, სადაც უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, კვორული ვერ შეიკრიბა და შესაბამისად, სხდომაც ჩაიშალა. ეს კი ნიშნავს, რომ გაზაფხულზე ამ ქალაქებსა და მინიციპალიტეტებში შესაძლოა მერისა და საკრებულოს ახალი არჩევნების გამართვა გახდეს საჭირო.

ამ მხრივ ბევრი რამ ექსპრეზიდენტ გიორგი გახარიას პარტიაზე „საქართველოსთვის" იქნება დამოკიდებული. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში ვადამდელი არჩევნები, სავარაუდოდ, სწორედ გახარიას უნდა აწყობდეს და არა ენმ-ს, რომელიც საკრებულოებში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის მთავარი ინიციატორია.

კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს ბათუმში, რუსთავში, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და დმანისში. სხდომებს „ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება და ეს პროცესი მერის უფლებამოსილების შეწყვეტასაც გამოიწვევს.

რაც შეეხება თავად გიორგი გახარიასა და მის პოზიციას მიმდინარე პროცესებზე, იგი კვლავ არ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა მისი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ექსპრემიერს სულ მალე იხილავს საზოგადოება და მოისმენს მის პოზიციონირებას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერ ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ისინი თავის დღის წესრიგს მიჰყვებიან და არ ახასიათებთ არათანმიმდევრულობა. მისივე თქმით, საკრებულოებთან დაკავშირებული მათი პოზიციაც, რომელიც პარტია „საქართველოსთვის" კანდიდატის საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშვნას შეეხება, სწორედ საქმის და მუშაობის შედეგია.

„რასაც დღეს ვხედავთ, იგივე პოზიციონირება საკრებულოებთან დაკავშირებით, ეს არის საქმის შედეგი. ეს არის პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობით და ასე შემდეგ. როდესაც პარტია ჩათვლის საჭიროდ, რომ აუცილებელია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერის, მაინც და მაინც პარტიის ლიდერის პოზიციონირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია გაჩერებულია. დაველოდოთ და ჩვენი დღის წესრიგით იხილავთ ბატონ გახარიასაც და მის პოზიციონირებას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვფიქრობ, რომ საუბარია განმსაზღვრელი, საქმეა განმსაზღვრელი", - განაცხადა მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საკრებულოებთან დაკავშრებით მიმდინარე პროცესები ენმ-ზე მეტად ხელს აძლევს გახარიას პარტიას, რადგან პოლარიზაციითა და დაპირისპირებებით დაღლილ საზოგადოებას ახლა უფრო იზიდავს გახარიას ნეიტრალიტეტი, ვიდრე წინა არჩევნებისას.

„ერთი საკითხია ვის აწყობს და მეორეა ვინ შეიძლება ხელი შეუწყობს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, რადგან ოპოზიცია მუდმივად ითხოვს პროცესების მსგავსი სცენარით განვითარებას, მიუხედავად იმისა აწყობთ თუ არა ეს.

„მე თუ მკითხავთ, „ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან, სოციოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც ვერ მოიგებენ. შესაძლოა ობიექტურად არც სურდეთ, მაგრამ რადგან ასეა ატაცებული ხელახალი არჩევნების საკითხი, შესაძლოა სწორედ ამიტომ უბიძგოს სხვა ოპოზიციურმა ნაწილმა საკრებულოებს ვადამდელი არჩვენების ჩანიშვნის აუცილებლობისაკენ.

„რაც შეეხება გახარიასა და მის პარტიას, გახარია იმდენად მიჩუმებულია, რომ რთულია მისი ნაბიჯების პროგნოზირება, თუმცა შესაძლოა მას უფრო აწყობდეს ვადამდელი არჩევნები, რადგან ხალხს მოსწონს მისი ნეიტრალურობა. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია მისმა პარტიამაც მხარი დაუჭიროს ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საკითხს.

„მე მოგახსენეთ, თუ რატომ შეიძლება ველოდოთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ როგორ განვითარდება პროცესები, ამ ეტაპზე რთული სათქმელია". - განაცხადა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×