ხატია ბერიძე
21.12.2021

შობა-ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დაგეგმილი მასობრივი სადღესასწაულო ღონისძებები, სპეციალისტების აზრით, შესაძლოა კორონავირუსის ეპიდემიის ახალი მძლავრი აფეთქების მიზეზი გახდეს. ამის გამო ჯანმო სხვადასხვა ქვეყნებს საახალწლო ღონისძებების გაუქმების რეკომენდაციით მიმართავს. ამ შეშფოთებასა და რეკომენდაციას ქართველ სპეციალისტთა ნაწილიც იზიარებს. რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდეს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კოვიდის გარეშე ცხოვრებისთვის ახლა რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო.

„ყველა დაიღალა კოვიდპანდემიით. თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს. ნორმალურ ცხოვრების დაბრუნება ყველას სურვილია, ამის მისაღწევად კი ყველაზე სწრაფი გზა ისეთი რთული გადაწყვეტილებების მიღებაა, რომელიც აუცილებელია საკუთარი და სხვების სიცოცხლის დასაცავად.

„საახალწლო ღონისძიებების გაუქმება სიცოცხლის მოსპობაზე უმჯობესია. სჯობს ვიზეიმოთ მოგვიანებით, ვიდრე ვიზეიმოთ ახლა და ვიგლოვოთ მოგვიანებით", - განაცხადა გერბერიუსმა.

მიუხედავად ჯანმოს განცხადებისა თბილისის მერია ახალ 2022 წლის აღსანიშნავად მასშტაბურ ღონისძიებას აანონსებს. თბილისის მერია საახალწლო კონცერტებისთვისა და ღონისძიებებისთვის 3 556 000 ლარის დახარჯვას გეგმას. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტების თანახმად,

თბილისში საახალწლო ღონისძიებების გამართვა 15 დღის განმავლობაში დაგეგმილი. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე საახალწლო ბაზრობები და კონცერტები გაიმართება.

რაც შეეხება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, 21 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 3282 ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა 53. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 1 380 მძიმე პაციენტია და აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.71%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.24%.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მარტო საახალწლო ღონისძიებები კი არა, ყველა მასშტაბური ღონისძიება უნდა აიკრძალოს.

„საქართველო მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი ლიდერია აუცრელობის მაჩვენებლით. ასე რომ, მასობრივი თავშეყრა ნებისმიერ ადგილად საშიშია. ადამიანები, რომლებიც არ იცავენ რეგულაციებს, არ იცრებიან, არ ატარებენ სწორად პირბადეს, მათში ვირუსის გავრცელების უფრო დიდი შანსია, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელსაც ზრდის. აქედან გამომდინარე ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი მასშტაბური ღონისძიებები აიკრძალოს, ან ძალიან მკაცრად გააკონტროლონ.

„ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ჯერჯერობით კოვიდი არის პანდემია და არა ენდემია. ახლა ყველგან წასვლას უნდა ვერიდებოდეთ და მითუმეტეს თავყრილობებს. ადამიანები, რომლებიც არ იცრებიან და თან ასეთ ღონისძიებებზე დადიან, იმ კაცს ჰგვანან, რომელიც იმ ხის ტოტს ჭრის, რაზეც ზის. შედეგი კი ყველამ ვიცით - ჩამოვარდება. აცრა თუ არ გინდა და შენი თავის დაცვა, იყავი სახლში და ასეთ ყრილობებზე მაინც ნუ გახვალ..."

„რა შედეგს გამოიღებს მასშტაბური ღონისძიებები ყველამ იცის - ისედაც მოსალოდნელ რთულ ზამთარს ეს კიდევ უფრო საგანგაშოს გახდის და ინფიცირებაც გაგვეზრდება და გარდაცვალებაც. ამიტომ ყველას მოუწოდებ თავი შეიკავონ ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე გასვლისაგან", - განაცხადა ირაკი ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×