თამთა ჩაჩანიძე
21.12.2021

სამშაბათს სოხუმში დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, ამის პარალელურად ე.წ. ხელისუფლებამ შტურმის შიშით „სამთავრობო" შენობების დაცვა გააძლიერა. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ეჭვობს, რომ პროტესტი ახალი გადატრიალების დასაწყისი გახდეს, რადგან ეს უფრო ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ამით ოპოზიცია უფრო საზოგადოების მობილიზაციას ახდენს.

აფხაზური საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიმართ უკმაყოფილებას რამდენიმე საკითხზე გამოხატავს. სამშაბათს სოხუმის დრამატული თეატრის წინ გამართულ პროტესტზე ბანერები იყო გამოკრულიო წარწერებით - „ხალხი ტყუილით დაიღალა!"; „მოგვეცით შუქი და წყალი!"; „არ დავუშვებთ აფხაზეთის გაყიდვას!"; „ერთხელ გამყიდველი, კვლავაც გაყიდის"; „ბოდიში მოიხადე და წადი!"„ხალხს შენი არ სჯერა!".

მიტინგამდე ერთი დღით ადრე, 20 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოქალაქეებს მიმართა, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა არასანქცირებულ მიტინგსა და უკანონო და ანტისაკონსტიტუციო მოქმედებებში. ოპოზიციას კი ნებისმიერ საკითხზე დიალოგისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ოპოზიციის ინფორმაციით, 21 დეკემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე 3 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, რაც აფხაზეთისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია.

პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას აფხაზური საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია 3 საკითხზე ედავება: 30 სექტემბრის გახმაურებული ინციდენტი დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენლებსა აფხაზეთის ომის ვეტერან „პარლამენტარებს" შორის, ენერგოკრიზისი, რომლის შედეგადაც მოსახლეობას დიდი შეფერხებით მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია და ასევე ბჟანიას ცნობილი განცხადება სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობაზე.

ზაქარეიშვილის აზრით, ეს აქცია უფრო ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად უნდა განვიხილოთ, ვიდრე დე ფაქტო ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლის მორიგ მცდელობად.

„ეჭვი მეპარება, რომ ეს გადატრიალების საბაბი გახდეს, რადგან 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. ეს უფრო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ახალი წლის წინ ეს ბოლო გამოსვლები იქნება. შემდეგ როგორც ჩვენთან, ისე აფხაზურ საზოგადოებაშიც საახალწლო განწყობა იქნება, მთელი თებერვალი კი წინასაარჩევნო კამპანია ექნებათ.

„ესაა წლის ბოლო პოლიტიკური აქცია, სადაც ბჟანიას რამდენიმე თემას ედავებიან, პირველ რიგში იმას, რომ ომის ვეტერან აფხაზ „დეპუტატებსა" ძალოვნებს შორის სოხუმში 30 სექტემბერს დაპირისპირება მოხდა, სადაც იარაღი გამოიყენეს. ამის გამო დიდი სკანდალი იყო, ბჟანიამ დე ფაქტო შს მინისტრიც კი გადააყენა, მაგრამ ყოფილმა მინისტრმა რაღაც თანამდებობა მიიღო. თუმცა ამაზე მეტად რთულ ენერგოკრიზისს აპროტესტებენ. ახლა ენგურჰესი მინიმუმის მინიმუმზე მუშაობს, აქედან დენი მოსახლეობას არ მიეწოდება, ახლა დენს რუსეთი აწვდის, ამის ფულს ვინ გადაიხდის - ეს საკითხავია, რადგან დენის გადაყვანა ძვირი ჯდება.

„გარდა ამისა, აპროტრესტებენ ბჟანიას გარკვეულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. მან ამას წინათ გააჟღერა, რომ რუსეთს სუვერენიტეტის რაღაც ნაწილი უნდა დავუთმოთო, ისე, რომ არ დაუკონკრეტებია რა ნაწილზე და რაზეა საუბარი. ამან კი აფხაზური საზოგადოების, განსაკუთრებით ოპოზიციის შეშფოთება და აღშფოთება გამოიწვია.

„რამოდენიმე თემას რეგურალურად აპროტესტებენ, ახალი არაფერია. მაგრამ მგონია, რომ ამით საზოგადოების მობილიზაციას ახდენენ, რათა „არჩევნების" დროს თავიანთ წარმატებას მკაფიოდ მიაღწიონ.

„საქმე ისაა, რომ როცა ბჟანია ხელისუფლებაში მოულოდნელად, გადატრიალებით მოვიდა. მაშინ „ხაჯიმბას პარლამენტი" დახვდა და ახლა მისი გადარჩევა ხდება. ახლა მთავარია მოახერხებს თუ არა „პარლამენტის" თავისი გუნდით დაკომპლექტებას, თუ ოპოზიცია მოიგებს.

„შესაძლოა გადატრიალება არც აწყობთ, რადგან ურჩევნიათ დემოკრატიული ფორმებით იგივე გადატრიალება მოახდნონ, ანუ ოპოზიციამ რომ პარლამენტში ყოფნა შეინარჩუნოს. ამიტომაც ეს არჩევნები იქნება მთავარი და არა ბჟანიას გადაყენება, ან ანქვაბის. თუმცა, თუ ბჟანიამ შეამჩნია, რომ „არჩევნებშიც" კი სიტუაცია მის სასარგებლოდ არაა და „ბარტყების გადაყრაა" საჭირო, მგონია, რომ შეიძლება „პრემიერ-მინისტრი" ანქვაბიც კი გაუშვას, ამაზეცაა საუბარი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე, ოპოზიციას რა სახის მხარდაჭერა აქვს, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში ოპოზიციისა და დე ფაქტო ხელისუფლების რეიტინგები დაახლოებით თანაბარია.

„საქმე ისაა, რომ იქაც ოპოზიცია ძველია, ახალი სახეები არ ჩანს, აფხაზურ საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით არც ოპოზიცია და არც ე.წ. მრთველი ძალა არ სარგებლობს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×